სოციალურ ქსელში ბოლო ორი დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ხარკოვში ობლად დარჩენილი ბავშვების გაშვილების მსურველებს შეუძლიათ ბავშვები იშვილონ.
თავდაპირველად, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი არველაძემ დაწერა. ცნობილია, რომ არველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, უკრაინაში ცხოვრობს.
„78 ობოლი ჩვილი გამოიყვანეს ხარკოვიდან. არ იციან რა უყონ. თუ ვინმეს გინდათ შვილება ან დახმარება, გამაგებინეთ, გთხოვთ. მარტო თქვენი მზადყოფნა არ ეყოფა, მაგრამ რომ ვიცოდე ვინ არის მზად, მერე რამეს ვცდით“, - წერს ექს-მაღალჩინოსანი.
არველაძის პოსტს ქართველი „სელებრითებიც“ გამოეხმაურნენ და ომის შედეგად ობლად დარჩენილი ბავშვების აყვანის სურვილი გამოთქვეს. მათ შორის არიან ტელე-სახე მაია ასათიანი, მომღერალი ნინი შერმადინი და ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, თუმცა ხაზარაძემ დაწერილი პოსტი მალევე აიღო.
როგორ for.ge-თან ხაზარაძემ აღნიშნა, ვითარებაში გაერკვა და ამიტომ პოსტი წაშალა.
„თავდაპირველად ბავშვის აყვანის სურვილი ჩემი შვილის თხოვნით გამოვთქვი. თუმცა, ვითარებაში გავერკვიე და ამიტომ პოსტი წავშალე“, - გვითხრა ნანიკო ხაზარაძემ.
რაც შეეხება მაია ასათიანს, მისი პოსტიდან ირკვევა, რომ ის უკრაინაში ჩასვლას აპირებს და ასე შეეცდება უკრაინელი ბავშვის აყვანას.
„ბოლო ხუთი წელია ეს დღეს ყველაზე მძიმეა ჩემთვის, როცა დედის დღეს მილოცავენ. თუმცა, ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება სწორედ დღეს მივიღე. როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები“, - წერს მაია ასათიანი.
ქართველ ცნობილ სახეებს უკრაინაში მცხოვრები მამაო ნექტარიოს მჭედლიძე გამოეხმაურა და შვილად აყვანის მსურველებს ამცნო, რომ ეს შეუძლებელია.
„მეგობრებო გავრცელდა „ფეისბუქზე“ ქართველი ადამიანის სტატუსი თითქოს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი და მსურველებს თურმე აფიქსირებს საქართველოდან. უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გაშვილება, ეს არის სიგიჟე, უბრალოდ ფაქტი არც ხდება ხარკოვში 50 ბავშვი იყოს უპატრონოდ, არ შეხვიდეთ შეცდომაში, ჯერ უკრაინელი ერი არ აპატიებს, რომ ვინმემ გაბედოს ომში ბავშვები გააშვილონ“, - წერს მამაო სოციალურ ქსელში.
ის, რომ უკრაინაში ობლად დარჩენილ ბავშვებს ქართველები ვერ იშვილებენ, ამის შესახებ უფლებადამცველმა, ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ. მადლობა ღმერთს უპატრონოდ დარჩენილი უკრაინელი ბავშვი ბევრი არაა, თუ საერთოდ არსებობს. რომც არსებობდეს, უკრაინა (და არც სხვა ქვეყანა) ასეთ ბავშვს უცხოეთში არ გააშვილებს, ჯერ შეეცდება მისივე ნათესავებში უპოვოს შემფარებელი და თუ ასეთი ვერ ნახა, მერე სხვა უკრაინულ ოჯახში გააშვილებს.
ყველა სახელმწიფო ასე იქცევა, არავინ თმობს საკუთარ ბავშვს (მოსახლეობას) ადვილად. ეს სახელმწიფო ინტერესიცაა და ბავშვის ინტერესიცაა. პლუს, მთელ ევროპაში და საქართველოშიც მწვავედ დგას უშვილობის პრობლემა და ბევრი ადამიანია რიგში ბავშვის ასაყვანად. მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა.
ქართველ ბავშვს მხოლოდ იმ შემთხვევაში აშვილებენ საზღვარგარეთ, თუ მასზე ყველა მოსურნემ უარი თქვა საქართველოში. და ვისზე ამბობენ უარს? სხვადასხვა ქრონიკული და მძიმე დაავადების მქონე ბავშვებზე“, - წერს პატარაია.
For.ge დაინტერესდა რამდენად არის შესაძლებელი საქართველოდან უცხო ქვეყნის ბავშვის აყვანა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, აღნიშნული საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის.
„პირობითად, როდესაც უკრაინელი ბავშვის შვილად აყვანა გინდა, დახმარებისთვის უკრაინის საელჩოს უნდა მიმართო. ესეც არ ვიცით, ის ბავშები ვინც უნდა აიყვანონ, საქართველოში არიან ჩამოსულები? საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან არანაირი ბერკეტი არ აქვს“, - გვითხრეს უწყებაში.
ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის ბავშვის აყვანა საქართველოს კანონმდებლობით ვერ მოხერხდება.
„უკრაინას ბავშვების გაშვილებასთან დაკავშირებით თავისი კანონი აქვს. უცხოელების შვილად აყვანა მარტივი საკითხი არაა. წესით, ეს საკითხი უკრაინის მხარესთან არის გასარკვევი. სოციალურ ქსელში რა ინფორმაციაც ვრცელდება, ცოტა არარეალურია. საერთოდ, ძალიან რთულია ომის პერიოდში ბავშვების გაშვილება და თან უცხოეთის მოქალაქეზე. ჩვენ უკრაინელ ბავშვებს ვერ გავაშვილებთ. ჯანდაცვის სამინისტროს მზრუნველობის ქვეშ ქართველი ბავშვები არიან“, - განუცხადეს for.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, უკრაინაში საომარი მოქმედებები უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 28 ბავშვი გარდაიცვალა, 64 კი დაიჭრა. ომის დღეებში კი, მხოლოდ კიევში 390 ბავშვი დაიბადა.