ქადაგიძის შეფასება პოლიტიკურად და მის გარეშე

ქადაგიძის შეფასება პოლიტიკურად და მის გარეშე

ქადაგიძე და მისი ეკონომიკური პროგნოზი ისევ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა. ქვეყნის პრემიერმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოსაზრება პოლიტიკურად შეაფასა, რასაც ექსპერტთა მხრიდან კონტრშეფასება მოჰყვა.

„ეროვნული ბანკის მმართველმა თავი დაანებოს პოლიტიკური განცხადების გაკეთებას და საკუთარ საქმეს მიხედოს. მე მას შევხვდი რამდენჯერმე. მე მან ლამის პატიება მთხოვა „ქართუ ბანკთან“ განხორციელებულ საქმეზე, რაშიც ის მონაწილეობდა და მე მას აღვუთქვი, რომ რაც პირადულია, შემიძლია დავიცვა და კორექტული ვიყო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას, პრემიერის თქმით, 5-დან 3 პროცენტამდე შემცირება - „ეს ნორმალურია და ამაში საგანგაშო არაფერია“.

„რით აღწევდნენ ისინი ეკონომიკურ ზრდას? ეკონომიკური ზრდა, რასაც ისინი ეძახდნენ, მიიღწეოდა მაგალითად, პარლამენტის შენობის მშენებლობიდან. ჩვენ შევაჩერეთ გაურკვეველი პროექტები, მათ შორის, იუსტიციის სახლების მშენებლობა, რომელიც სამჯერ მეტი ძვირი ჯდებოდა. სამჯერ იაფად ავაშენებთ ჩვენ.

ამისთვის დაგვჭირდა პაუზა, პროექტირების ეტაპს დრო სჭირდება. გარწმუნებთ, რომ შენობა სამჯერ იაფი და სამჯერ ეფექტური იქნება. იუსტიციის ყველა შენობაში გული უღონდებათ, ელემენტარული პირობები არ არის, ვენტილაციის პირობები არ არის. თავიდან გასაკეთებელია ყველაფერი, გადაყრილი ფულია. ეს მოქმედებდა ბიუჯეტზე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მშენებლობას, გაცილებით მეტი გაკეთდება, ვიდრე წინა ხელისუფლება აკეთებდა. პარლამენტისა და იუსტიციის სახლების მშენებლობა, ფაქტობრივად, კრედიტების საფძველზე კეთდებოდა, ეს კი გავლენას ახდენს მშპ-ზე.

ამ წლის მეორე ნახევარი იქნება ბევრად უფრო ეფექტური, რამეთუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაფახულიდან იწყებს მუშაობას. საერთო ზრდა უფრო მეტი იქნება. ნაციონალური მოძრაობის წევრებს იმასაც შევახსენებ, რომ 2003 წელს იყო 10 პროცენტზე მეტი ეკონომიკური ზრდა და როცა ისინი მოვიდნენ, განახევრდა. არაფერი ამაში საგანგაშო არ არის“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, იყო ხელოვნური და ისეთი მეთოდებით მიღწეული, რომელთა საშუალებით მართვაც წინააღმდეგობაში მოდის ყველანაირ ეკონომიკურ კანონებთან.

პრემიერის შეფასებას მალევე მოჰყვა კონტრშეფასება ექსპერტთა მხრიდან. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ეკონომიკურ სიტუაციას ვერ ფლობს.

„სებ-ის პრეზიდენტს არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. ამ შემთხვევაში გიორგი ქადაგიძე მოიქცა ისე, როგორც კანონით იყო განსაზღვრული და გააკეთა ის, რაც ევალებოდა. მან გააკეთა პროგნოზი, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6% ვერ იქნება. ის ვალდებულია მონეტარულ პოლიტიკას ყურადღება მიაქციოს და შესაბამისი ანალიზები მთავრობას მიაწოდოს.

ეკონომიკური განვითარების პროგნოზის გადახედვაზე და შემცირებაზე, ეს მხოლოდ გიორგი ქადაგიძის განცხადება არ ყოფილა, იგივე განცხადება გააკეთა ევრობანკმაც, რომელმაც პროგნოზი 5%-დან 3%-მდე შეამცირა. ასე რომ, პრემიერის მხრიდან გიორგი ქადაგიძის მიმართ გამოთქმული საყვედური, რბილად რომ ვთქვათ, იყო უსაფუძვლო.

როგორც ვატყობ, ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკაში სიტუაციას ვერ ფლობს. ის ბოლომდე ვერ იაზრებს რა ხდება ეკონომიკაში და ძალზე ზედაპირულად უყურებს საკითხებს“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან სებ-ის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ სებ-მა და სსფ-მა შესაძლოა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს. ქადაგიძემ მაშინ განაცხადა, რომ დღეისათვის არსებული მაკროეკონომიკური მონაცემები სებ-ს არ აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანა წლის ბოლოს 6%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავა.

„შეფასების საქმეა, თუ როგორ ჩათვლი ქადაგიძის გამონათქვამებს, თუმცა მას ტყუილი არაფერი უთქვამს“, - აცხადებს სააგენტო „ჯიეიჩენთან“ საუბრისას ექსპერტი დემურ გიორხელიძე. იგი მიიჩნევს, რომ სებ-ის პრეზიდენტმა, როდესაც ის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაზე ალაპარაკდა, სიმართლე თქვა, თუმცა სჯობდა გიორგი ქადაგიძეს გარკვეული მონაცემები გაეხმოვანებია და არა პრობლემებზე ესაუბრა.

„ვფიქრობ, სებ-ის პრეზიდენტმა გააკეთა იმ მონაცემების წარდგენა, რომელიც მას უწყებრივად დამუშავებული აქვს. შეიძლება ზედმეტი აქცენტირება იყო პრობლემებზე, მაგრამ ეს არ ცვლის არსს იმისას, რომ ქართულ ეკონომიკაში ზრდის ტემპი არის დაბალი“, - აღნიშნა გიორხელიძემ.

მისივე აზრით, ის განცხადება, რაც სებ-ის პრეზიდენტმა გააკეთა, იყო სწორი. „თქმა იმისა, რომ ეკონომიკაში ზრდის ტემპი ძალიან დაბალია, სირცხვილი არ არის“, - დასძინა გიორხელიძემ.