პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ამავდროულად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ამიერიდან ციხეებში მონიტორინგის განხორციელებას ვეღარ შეძლებს, რაც მისივე განმარტებით, კომიტეტის თავმჯდომარის, გია არსენიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა.
იმაზე, თუ რა კავშირი აქვს ამ ყოველივესთან აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს, რომელსაც შარაძის ოჯახის წევრები უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ნამდვილი მკვლელი დაუსჯელია, დიმიტრი ლორთქიფანიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ რადგან უარი გვითხრეს საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, თუ რომელ საპყრობილეში იხდის სასჯელს ბარათელი, პრესა.გე–ს წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მიმდინარე წლის 31 მარტს, დიმიტრი ლორთქიფანიძემ მსჯავრდებული გიორგი ბარათელი საპყრობილეში მოინახულა, რის შესახებაც ჩვენს საიტზე არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა...
რატომ აღარ ხართ იმ კომისიაში, რომელიც ციხეებში მონიტორინგს ახორციელებს?
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ამის შესახებ 16 ივლისს, პარლამენტის სხდომაზე მოულოდნელად შევიტყვე. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ვსარგებლობდი პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით და ამჯერადაც ასე მოვიქეცი – 16–მდე ერთი კვირით ადრე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, გია არსენიშვილს იმ პატიმართა შესახებ მივწერე, რომლებიც წერილობით ითხოვდნენ ჩემთან შეხვედრას, პენიტენციური სისტემის ამა თუ იმ დაწესებულებაში. თავის მხრივ, არსენიშვილს უნდა განეხორციელებინა იგივე მოქმედება, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიმართ და ბაქრაძეს უნდა გამოეცა ბრძანება, რისი საშუალებითაც ციხეებში შესვლას შევძლებდი.
16 ივლისს, სახალხო დამცველის მოხსენების დღეს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვედი. ასევე სიტყვით გამოვიდა გია არსენიშვილი, რომელმაც თავის საჯარო გამოსვლაში, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ “საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებული მონიტორინგის ჯგუფი, აგრძელებს მუშაობას, ციხეებში შესვლით; დიმიტრი ლორთქიფანიძისა და რუსუდან კერვალიშვილის მიერ მომზადებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პარლამენტის წევრები კვლავ შევლენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“.
როცა ბატონმა გიამ სიტყვით გამოსვლა დაასრულა და თავის ადგილას დაჯდა, მასთან მივედი და ვკითხე – როდის შეიძლება ველოდოთ ციხეებში შესვლას–მეთქი. რადგან პარლამენტი 21–დან შვებულებაში გადიოდა, მისგან კონკრეტული რიცხვის დასახელებას ვითხოვდი. ბატონმა გიამ ჩემთვის მოულოდნელად მითხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მე ვეღარ შევიდოდი, ვინაიდან ჩემი ჩანაცვლება როტაციით მოხდა – ჩემი და რუსუდან კერვალიშვილის ნაცვლად, კომისიაში შეუყვანიათ ახალქალაქის და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატები – ჰოვანეს ჰოვანესიანი და ემზარ გელაშვილი.
ეს საკითხი როგორ არის გაწერილი რეგლამენტში?
– რეგლამენტის მიხედვით, შეიძლება შეიქმნას მუდმივმოქმედი, ან არამუდმივმოქმედი კომისიები, იმ სფეროს მიხედვით, რომელ სფეროსაც ეს კომიტეტი წარმოადგენს. უფლებამოსილების გამოცხადების პირველივე თვეებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შეიქმნა კომისია, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობას მე წარმოვადგენდი, ხოლო უმრავლესობას – ეკა ხერხეულიძე. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენს უფლებამოსილებას ვახორციელებდით. სრულიად ნორმალური პოლიტიკური პროცესი იყო ის, რომ ამ მონიტორინგში მონაწილეობდა უმცირესობის წარმომადგენელი და უმრავლესობის წარმომადგენელი.
თვითნებურად რატომ აუქმებთ უმცირესობის კვოტას–მეთქი, – ვკითხე ბატონ არსენიშვილს, რაზეც მიპასუხა, რომ უმცირესობა–უმრავლესობის პრინციპით არ არის დაკომლექტებული ჩვენი კომისია და რომ ამ საკითხში მას ვერავინ შეედავება.
რა თქმა უნდა, ამან ჩემი აღშფოთება გამოიწვია, საინფორმაციო სააგენტო “პირველის“ საშუალებით, შესაბამისი განცხადება გავაკეთე და ძალიან გამიკვირდა, რომ მედიის ელექტრონული საშუალებები ამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენით არ დაინტერესდნენ – საკითხი ეხება იმას, რომ უმცირესობის, ასე ვთქვათ, თვალი, ციხეების მონიტორინგის კომისიაში წარმოდგენილი არ იქნება.
ორშაბათობით პარლამენტში მოქალაქეთა მიღება მაქვს. გასულ ორშაბათს დაახლოებით ექვსმა ბრალდებულმა დამირეკა; 16 ივლისს, გია არსენიშვილის საჯარო გამოსვლის შემდეგ, მათ გამოიტანეს დასკვნა, რომ მე და რუსუდან კერვალიშვილი მონიტორინგს ისევ ვაგრძელებთ. მათ არსენიშვილის გამოსვლა ზუსტად ისე აღიქვეს, როგორც შეიძლებოდა ადამიანს აღექვა. 16–ში რომ არ ჩავძიებოდი და არსენიშვილისთვის არ მეკითხა, თუ რომელ რიცხვებში უნდა შევსულიყავი პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, კომისიიდან ჩემი ამოგდების საკითხი, ჩემთვის დღემდე უცნობ გარემოებად დარჩებოდა და ფაქტის წინაშე მომიწევდა დადგომა, როცა დაწესებულებაში მისულს, შესვლაზე უარს მეტყოდნენ.
ასე რომ, გია არსენიშვილმა ცრუ მოლოდინი გააჩინა. არ ვიცი ეს რას ემსახურებოდა, მაგრამ ფაქტია რომ მე დღეს მიწევს ახსნა–განმარტება პატიმრებთან მიმართებაში, რომ მე აღარ ვაგრძელებ უფლებამოსილებას, გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო.
კონკრეტულად რაიმეს უკავშირებთ ამ ფაქტს?
– არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებას დისკომფორტი შეექმნა იმის გამო, რომ ამ მონიტორინგის დროს ძალიან, ძალიან ბევრი კანონდარღვევის მომსწრე გავხდი და ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია შევიტყვე. გარდა ამისა, კიდევ ერთ გარემოებას არ გამოვრიცხავ – რამდენიმე კვირის წინ გიორგი ბარათელმა დამირეკა და მთხოვა, მასთან შევსულიყავი გარკვეული ახალი გარემოებების გასარკვევად, რომელზეც ის ჩემთან საუბარს აპირებდა.
რას გულისხმობთ ახალ გარემოებებში?
– ისეთ გარემოებებს, რომელიც დაკავშირებულია გურამ შარაძის მკვლელობასთან. შესაძლოა, ბარათელს გამოეხატა სურვილი, რომ უფლებადამცველებთან ელაპარაკა იმ თემაზე, რაზეც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო არავისთან უსაუბრია.
მოგეხსენებათ, 31 მარტს, ბარათელთან შეხვედრის ბოლოს, მას ჩემი სამსახურის ტელეფონის ნომერი დავუტოვე და ვუთხარი, რომ დაერეკა ნებისმიერ დროს, როდესაც საჭიროდ ჩათვლიდა, იმ შემთხვევაში, თუკი ახალი გარემოებების შესახებ ექნებოდა სალაპარაკო. მაშინ იგი შემპირდა, რომ დამირეკავდა და როგორც გითხარით, რამდენიმე კვირის წინ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან აუცილებელი საქმე ჰქონდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენაა დაწესებული, ბუნებრივია, ის, ვინც მას უსმენდა, ალბათ, დაინტერესდებოდა, თუ რა საქმესთან დაკავშირებით ითხოვდა იგი ჩემს შესვლას. ხელისუფლებამ შესაძლოა მიზანშეუწონლად ჩათვალა, ხელმეორედ ბარათელთან ჩემი შეხვედრა.
აქვთ თუ არა უფლება უარი გითხრან, თუ თქვენ, როგორც პარლამენტის წევრი მოითხოვთ ბარათელთან შეხვედრას?
– საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–17 მუხლის თანახმად, სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და იურიდიული კომიტეტები არიან უფლებამოსილი, მისცენ დეპუტატს ციხეში შესვლის უფლება და მაშინ, როდესაც მე მეუბნებიან, რომ კომისიაში მუშაობის უფლება აღარ მეძლევა, ბუნებრივია, არაკომისიური წესით მუშაობის უფლებას მით უმეტეს, არ მომცემენ.
მე–17 მუხლში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წარდგენილი მაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რაც გულისხმობს უკლებლივ ყველა ფრაქციის, თითო პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობის შესაძლებლობას, პენიტენციური სისტემის მონიტორინგის კომისიის შემადგენლობაში და როტაციის წესის განხორციელებას, ოღონდ – პარიტეტულად, აბსოლუტურად ყველა ფრაქციიდან. დღესდღეობით საპარლამენტო ცხოვრებაში 4 ფრაქცია მონაწილეობს და თუ ეს საკანონმდებლო ინიციატივა დაკმაყოფილდება, კომისია ამ ოთხი წევრისგან დაკომპლექტდება, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტში, საშემოდგომო სესიებამდე ამ პრობლემის მოგვარება არ ესწრება. სავარაუდოდ, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ოქტომბერ–ნოემბერშია მოსალოდნელი.