უკრაინა

უკრაინა "ლეგოს" ნაწილაკია

"მსოფლიოში ვითარდება ურთულესი პროცესები. 21-ე საუკუნე აქსელერაციის საუკუნეა და ეს თავისთავად დიდ ზეგავლენას ახდენს მათზე. მოვლენები სულ უფრო უკონტროლო ხდება. აღარ არსებობს წინა საუკუნის შეკავების მექანიზმები. შესაბამისად, სულ უფრო ტურბულენტულ ცხოვრების წესში შევდივართ, სადაც რისკები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მათზე ადექვატური პასუხებისთვის გამოყოფილი დრო დღეებით და ზოგჯერ საათებით განისაზღვრება. 
ამას ვწერ ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც რთულ აზროვნებას არიან მიჩვეული და უკიდურესად კომპლექსურ, ურთიერჩაწნული პრობლემების გორგლის გახსნას არ ცდილობენ მარტივი პასუხებითა და მათი გადაწყვეტის გამრავლების ტაბულის დონის რეკომენდაციებით. 
პოსტის ფორმატი არ იძლევა დიდტანიანი ტექსტის გამოყენებით, მრავალ ურთიერთჩახლართულ და ერთმანეთზე დამოკიდებული თემების სიღმისეული ანალიზის გაკეთებას. ამიტომ შევეცდები ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბო სათქმელი. 

ჩვენს თვალწინ იშლება და მიმდინარეობს ორი, კარდინალურად განსხვავებული მსოფლმხედველობისა და ძალის სამკვდრო-სასიკვდილო დაპირისპირება. აქ მათ კომპლექსურ და სიღრმისეულ დახასიათებას არ დავიწყებ გასაგები მიზეზების გამო. 

ერთ მხარესაა პოსტმოდერნისტული არათეოლოგიური ცივილიზაციური სამყაროს შემქმნელი და განმავითარებელი თანამედროვე ტექნოლოგიების მწვერვალზე მყოფი ქვეყნების კოალიცია, რომელსაც ბარბაროსებთან ბრძოლის უდიდესი ისტორიული გამოცდილება გააჩნია დაწყებული ჯერ კიდევ ანტიკური საუკუნეებიდან. 

მას უპირისპირდება მსოფლიო ცივი ომის წაგებით რევანშიზმის ხიბლში ჩავარდნილი, უკიდურესად შავბნელი, “ქალაქის გიჟების”, დაახლოებით დუგინის და ჟირინოვსკის დონის “მოაზროვნეების” იდეებით შეპყრობილი, უკიდურესად აგრესიული და იმპერიული სახელმწიფო, რომელსაც ყველაფერი ეს სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე აქვს აყვანილი და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აგრესიული და აქტიური მხარდაჭერითაც სარგებლობს. 

უკრაინა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მდგენელი და “ლეგოს” ნაწილაკია. იგი, რა თქმა უნდა, მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი. არავინ დაიჯეროს, რომ რუსეთის მმართველმა დაკარგა რაციონალური განსჯის გონება და მის ცნობიერებას ბინდი გადაეფარა. ეს არის ამ ქვეყნის ელიტების და მოსახლეობის საბოლოო სურვილების აბსოლუტური თანხვედრა და მიზნის მისაღწევად ყველანაირი საშუალების გამოყენებაზე ნებართვა.  ყიველგვარი მატერიალური დამცრობისა და გაჭირვების ატანის მზადყოფნა. საქმე რეალურად გვაქვს თანამედროვე რუსულ ფაშიზმთან, რომელიც არაფერზე უკან არ დაიხევს და მიზნის მიღწევის კოცონში დაუფიქრებლად დაფერფლავს საკუთარსა და სხვის სიცოცლეს. გააჩნია ნებელობა და ნება მის განსახორციელებლად. 

და უზარმაზარი რაოდენობის თერმობირთვული თუ სხვა იარაღი, ტონობით და ტონობით (ფიგურალურად თუ პირდაპირი გაგებით).

ალბათ მომავალი 2-3 თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ საბოლოოდ გავიგოთ რა მოხდება ამ დროის გასვლის შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია, საიდან გვექნება შესაძლებლობა დავაკვირდეთ მოვლენებს, აქედან თუ ზემოდან, მუდმივი  ნირვანის დაუსრულებელი სამყაროდან".