ყოველთვიური სტიქია კახეთში

ყოველთვიური სტიქია კახეთში

თვეში ერთხელ კახეთს ძლიერი სტიქია უტევს. აპრილში თელავის რაიონის სოფლები დაისეტყვა, ახლა კი გურჯაანის 4 სოფელში მოსავალი პირწმინდად განადგურდა. საქმე ისაა, რომ ძლიერი წვიმები კახეთში კიდევ 2-3 დღე გაგრძელდება.

14 მაისს, კახეთის რამდენიმე სოფელში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გურჯაანის რაიონის ოთხ სოფელში სრულად გაანადგურა. სტიქიამ ვეჯინს, კოლაგს, ბაკურციხესა და კარდენახს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ბაკურციხის მოსახლეობა ადასტურებს, რომ გაანადგურებულია ხეხილის ბაღები, ბოსტანი და ვენახი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ჯონი ოსიაშვილის ინფორმაციიათ, ხეხილისა და ვენახის 100% განადგურებულია აღნიშნული მუნიციპალიტეტის ოთხივე სოფელში. დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, გართულებულია გადაადგილება სოფლებს შორის. ჯერჯერობით, არ არის დადგენილი სტიქიის სრული მასშტაბი, რადგან ზოგიერთ სოფელთან ჭირს დაკავშირება ინფრასტრუქტურის მოშლის გამო.

კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველი რამდენიმე დაზარალებულ ოჯახში მივიდა და ვითარებას ადგილზე გაცენო.

„სტიქიის მასშტაბები არ ჩამოუვარდება 2012 წლის 19 ივლისის სტიქიას. ცენტრალური ხელისუფლების გარეშე წარმოუდგენილია დაზარალებული მოსახლეობის დახმარება“, - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

განსაკუთრებით სოფელი კოლაგი დაზარალდა. სტიქიის შედეგად ატმის ბაღები, ვენახები და ბოსტნეული თითქმის მთლიანად განადგურდა. დაზიანდა გზები. კოლაგის ხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა ათეულობით სახლი და ეზო დატბორა. 10 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

წვიმისგან გამოწვეულმა ნიაღვარმა სოფლებში ათეულობით სახლის პირველი სართული და სარდაფები დატბორა, სადაც სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და წყალს ტუმბავენ. სოფლებს ელექტორენერგია არ მიეწოდება. სტიქია იმდენად ძლიერი და მასშტაბური იყო, რომ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეუძლებელი გახდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ძლიერი კოკისპირული წვიმისა და სეტყვის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომოილო გზის ჩალაუბანი-ბაკურციხის (ბარჯისხევი) და ბაკურციხე-კარდენახის (კარდენახი) მონაკვეთზე, ასევე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის სოფელ კოლაგში საუბნე გზებიდან გზის სავალ ნაწილზე ჩამოიშალა ქვა-ღორღი, რის გამოც სოფელ კოლაგში და კარდენახში დროებით ჩაიკეტა მოძრაობა, ხოლო ბარჯისხევში დროებით შეფერხდა.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკის მობილიზების შედეგად შესაძლებელი გახდა, დროულად აღმოფხვრილიყო სტიქიის მიერ გამოწვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები. ამ დროისთვის საავტომობილო გზა გახსნილია და მოძრაობა სრულად არის აღდგენილი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ჯერჯერობით დადგენილი არ არის ზარალის საერთო ოდენობა. აქამდე არაფერია ცნობილი ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მოსახლებისადმი დახმარების შესახებ.