უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები სულ უფრო დაძაბული ხდება. უკრაინელები უკან არ იხევენ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთგულ „ორკებს“ დიდ წინააღმდეგობას უწევენ. რუსეთის მიერ დაგეგმილ „ბლიცკრიგს“ ასრულება არ უწერია და ღმერთმა იცის ეს სისხლიანი დაპირისპირება როგორ და რა შედეგით დასრულდება.
რუსული მედიის მტკიცებით პუტინი მოწინააღმდეგე მხარესთან მოლაპარაკებაზე თანახმაა, მაგრამ ითხოვს, რომ უკრაინაში ძალაუფლება ხელში ადგილობრივმა სამხედროებმა აიღონ და საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტონ, „ფაშისტი“ და „ნეონაცისტი“ ზელენსკი და მისი მთავრობა კი გადადგეს. რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში ვიხილავთ.
უკრაინა-რუსეთის საომარ დაპირისპირებას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა. ამ წყებაში ერთგვარ დისონანსად გამოჩნდა „მოძმე ავღანეთიდან“ მოსული ინფორმაცია. „სამხედრო დაჯგუფება „თალიბანი“, რომელმაც ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, უკრაინასა და რუსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს“. არ მოგესმათ, საპირველაპრილო „ნიუსი“ არ გეგონოთ. ავღანეთის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსული „თალიბანი“ ძალადობას გმობს და იგივეს უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეებისაგან მოითხოვს.
გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი უკან დაიბრუნა. 600 კვ. მეტრი ფართობის მქონე პატარა კუნძულზე განვითარებული ტრაგიკული მოვლენები დღეს სრულიად მსოფლიოს ერთ-ერთი აქტიურად განხილვადი თემაა. 13 კაციანი უკრაინული გარნიზონი რუსებს ტყვედ არ ჩაბარდა, ბოლომდე იბრძოლა და ერთიანად სულ ამოწყდა.
ამ ტრაგედიის მომდევნო დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შემდეგი „დაზუსტებული“ და ოფიციალური „ინფორმაცია“ გაავრცელა: „კუნძულ ზმეინის გარნიზონი, 82 სამხედრო მოსამსახურე რუსულ მხარეს საკუთარი სურვილით ტყვედ ჩაბარდა. დასავლეთის მასმედია გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს...“
უკრაინის წინააღმდეგ უშუალოდ საომარი მოქმედებების გარდა დიდი პროპაგანდისტული დაწოლაც მიმდინარეობს.
უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მის დასახმარებლად მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს მეტის გაკეთება შეუძლიათ. პლანეტის ცნობილმა პოლიტიკოსებმა თავისი საქმისა თავად იციან. აი, მსოფლიოს არაერთი არაპოლიტიკოსი „ცნობადი სახე“ კი უკრაინელებს მხარდაჭერას დაუფარავად უცხადებს.
თანამედროვეობის პოპულარული ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი პოლიტიკისა და მსოფლიოში მიმდინარე ამბებს ასე გამოეხმაურა: „თითოეულმა ჩვენთაგანმა ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში, სათამაშო მოედანზე, ერთი რამ ვისწავლეთ: როცა დიდი ტიპი პატარას ჩაგრავს მის შესაჩერებლად ერთი-ორი მუშტი დაგჭირდება, მაგრამ ეს გამართლებულია“.
81 წლის ფეხბურთის ჯადოქარი პელე, რომელიც ამ დღეებში საავადმყოფოში მკურნალობის მორიგ კურსს გადის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ რეაქციას აფიქსირებს:
„ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს. ვლოცულობ და ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობამ, თავისუფლებამ და სიყვარულმა გაიმარჯვოს. წლები გადის, მაგრამ ჩემი ბავშვობის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. წესით, ბევრი რამ უნდა გვესწავლა იმ ტრაგედიების მაგალითებზე, რაც გადავიტანეთ და მშვიდობიანი მსოფლიო უნდა აგვეშენებინა“.
პოპულარული ამერიკელი მსახიობი, მომღერალი მადონას ყოფილი ქმარი, 61 წლის შონ პენ უკრაინისათვის ამ მძიმე დღეებში კიევში იმყოფება. ის აპირებს, რომ მიმდინარე ტრაგიკული საომარი მოვლენები დოკუმენტური ფილმისათვის თავად გადაიღოს. ფრონტის ხაზი კიევს მიუახლოვდა. ამის მიუხედავად შონ პენი უხიფათო ადგილას გადასვლას არ ჩქარობს და კიევში რჩება. უფრო მეტიც, გავრცელდა კადრები, სადაც ამერიკელი მსახიობი უშუალოდ ფრონტის ხაზზე იმყოფება და უკრაინელ ჯარისკაცებს ამხნევებს.
პირმშვენიერი და „სასტიკი მეომარი“ „მისის სმიტი“, იგივე ანჯელინა ჯოლი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში შემდეგნაირად ეხმაურება:
„როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. ჩემი და ჩემი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კოლეგების მთავარი საფიქრალი არის ის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაცული იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებები უკრაინაში. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ და იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც უსაფრთხოების გამო საკუთარი სახლები დატოვეს“.
ბრედ პიტის ყოფილ მეუღლეს მისმა კოლეგამ, „რკინის ანრიმ“ - არნოლდ შვარცენეგერმაც აუბა მხარი:
„ვიცი, რას ნიშნავს ომის შემდეგ ოკუპირებულ ქვეყანაში გაზრდა და ისიც, რომ ომში და მის შემდეგ გამარჯვებული არ არსებობს. მყავს უკრაინელი და რუსი მეგობრები და ფანები. არც ერთ მათგანს არ უნდა ომი. დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავარ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებასა და მშვიდობის იმედს. აღფრთოვანებული ვარ იმ სიმამაცითა და ჰუმანურობით, რომელსაც ამ ტრაგედიის დროს ინარჩუნებთ. ღმერთმა დაგლოცოთ“. - ვკითხულობთ შვარცენეგერის განცხადებაში.
უკრაინას მხარდაჭერა მსოფლიოში მოღვაწე არაერთმა პიროვნებამ დაუჭირა, მათ შორის მოქმედმა სპორტსმენმაც. არ შემიძლია ჩვენს ქვეყანაში კარგად ცნობილი ერთი ფეხბურთელის ემოციური პოსტი არ მოვიყვანო. იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს შემდეგნაირად გამოეხმაურა: „უკრაინაში ომის დაწყების დღეს, დილით გაღვიძება შოკისმომგვრელი და ტრავმული იყო. იმ სურათების ნახვის შემდეგ, უმწეობის განცდა დამეუფლა. ბოლომდე ვიმედოვნებდი, რომ საქმე აქამდე არ მივიდოდა და კრიზისი კონფლიქტში არ გადაიზრდებოდა. იმედი მაქვს, რომ დომინოს ეფექტი არ ამოქმედდება და დიპლომატია შეძლებს განკურნოს ასეთი სერიოზული ჭრილობა. ჩემი ფიქრები და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ომის მსხვერპლნი არიან.“
მეომრები ომობენ, პოლიტიკოსები არსებული მდგომარეობის გადაჭრაზე ფიქრობენ, მშვიდობიანი მოქალაქეები უხიფათო ადგილების მოძიებას ცდილობენ. აღმოჩნდა რომ უკრაინა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების მიმდინარეობისას ჰაკერებსაც „სპეციფიური“ საქმე ჰქონიათ.
25 თებერვლის დილით, მსოფლიოში ცნობილმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, „Anonymous“ რუსეთის მთავრობას კიბერ-ომი ოფიციალურად გამოუცხადა. გავიდა რამდენიმე საათი და მუქარა რეალობაში გადაიზარდა.
„Anonymous“-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან მონაცემთა ბაზა წარმატებით მოიპოვა, ჩამოტვირთა და გაავრცელა საკუთარი „Twitter“-ის გვერდზე. შემდეგ მათი სამიზნე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, „Russia Today“ (RT) გახდა, რის შედეგად „RT“-ის ვებ-გვერდი გაითიშა. დღის ბოლოს კი კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინა.
„Anonymous“-მა ამჯერად რუსული ენერგოგიგანტის, „გაზპრომის“ ვებგვერდი გათიშა - „გათიშულია უკრაინაში მცხოვრები ხალხის მხარდასაჭერად“ - დაწერა ჰაკერულმა დაჯგუფებამ. ვინ იქნება შემდეგი? ამას ალბათ უახლოეს დღეებში შევიტყობთ.