ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდა

ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდა

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის შემცირება გახდეს საჭირო. მისი თქმით, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემები. ეროვნულ ბანკს კი ასევე აქვს აპრილის წინასწარი მონაცემებიც და ამ მონაცემების ერთობლიობა არ იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოს 6%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავალთ.

„ამისი მიზეზი ერთის მხრივ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი. მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან. საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომლობს მთავრობასთან, ყოველდღიურად ვცვლით ინფორმაციას აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით და ვაკეთებთ ინფორმაციის ანალიზს. იმედს ვიტოვებთ, რომ წლის მეორე ნახევრიდან აღნიშნული ნეგატივები და ტენდენცია შეიცვლება“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ინფლაციის ანგარიში, ასევე რამდენიმე დღეში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვევა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მათთან ერთად გადაიხედება.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 3%-მდე შეამცირა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენელებას ფინანსთა სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა წლის ბოლოსთვის უფრო მაღალ მაჩვენებელს ვარაუდობენ.

„ბოლო პერიოდში შეინიშნება ეკონომიკური ზრდის შენელება, რაც სტატისტიკური პირველადი გათვლებით ასევე დასტურდება. რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლებს, ამ კუთხით პრობლემები არ შეინიშნება და ის ვალდებულებები და ის პროექტები, რაც პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში ბიუჯეტის დამტკიცების შედეგად არის დაფიქსირებული, მათი დაფინანსების არანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა.

ზოგადად ეკონომიკა მოლოდინზე აგებული სფეროა და ბუნებრივია, რომ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ძირეული ცვლილებები ხდება, ეკონომიკური ზრდის ტემპი ნელდება. სწორედ ასეთ ძირეულ ცვლილებად შეგვიძლია განვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის“ „ქართული ოცნების“ გუნდით ჩანაცვლება და ეს რომ სერიოზული ცვლილებაა, იცის არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებამაც. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა უკვე არაერთხელ ჩაატარა სპეციალური ბრიფინგი, სადაც ქვეყანაში ეკონომიკის კატასტროფულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ახალ მმართველ გუნდს ამ პრობლემის დაძლევისათვის გარკვეული რეკომენდაციებიც შესთავაზა. რამდენად რეალურია ნაციონალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ეკონომიკის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და არის თუ არა დამახასიათებელი გარდამავალი პერიოდისთვის ეკონომიკური ზრდის ტემპების გარკვეული შენელება, ამასთან დაკავშირებით for.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ სანამ EBRD, საქართველოს ეროვნულ ბანკი და „საქსტატი“ მონაცემებს გამოაქვეყნებდნენ, სამი თვის წინ ის თავად ამბობდა, რომ ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაბალია და ამიტომ წლის ბოლოსთვის გარკვეული პრობლემები შეიქმნებოდა.

„6%-იანი ზრდა ისეთი პატარა და უმნიშვნელო მასშტაბის ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, ისედაც უპერსპექტივო იყო. ახლა აშკარაა, რომ ზრდის ტემპები დაბალია, ეკონომიკური აქტივობაც უფრო და უფრო იკლებს. ინსტიტუციონალური ცვლილებები არ ხდება, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაც გამოკვეთილი არ არის, თუმცა საგანგაშო არაფერია“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისი თქმით, ერთი კვარტლის დაბალი მონაცემი არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არაფრის პერსპექტივა არ არსებობს. ექსპერტი ამბობს, რომ თუკი კიდევ ერთი კვარტლის მაჩვენებელი იქნება დაბალი, ასეთ შემთხვევაში სერიოზული გადაჯგუფებები იქნება საჭირო. მისი თქმით, ახლაც მთავრობისთვის წითელი ნათურები უკვე ანთებულია, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლება იმ ობიექტურ შეფასებებზე არ რეაგირებს, რომელსაც დარგის ექსპერტები აკეთებენ და სწორედ ამის შედეგია სახეზე. დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, საგანგაშო არაფერია, ეკონომიკის ფეხზე დაყენება შეიძლება, მთავარია არსებობდეს გუნდი, რომელიც კომპლექსურად, ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში იმოქმედებს.

ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე ამბობს, რომ ეს მაჩვენებლები წარმატებული პიარის შედეგია, რომელსაც ოპოზიციურ ფლანგზე დამკვიდრებისთვის არჩევნებში დამარცხებული „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა. ექსპერტის თქმით, ნაციონალებს საინფორმაციო სისტემა შესანიშნავად აქვთ აწყობილი და ამ სისტემის მეშვეობით დასავლელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საქართველოს საგარეო - პოლიტიკური კურსი შეიცვალა. ამან კი გამოიწვია კერძო ინვესტიციების შემცირება და ქვეყანაში ბიზნესწრეებში გარკვეული გაუგებრობის შექმნა, თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირებასთან კავშირში არ არის.

ვაჟა ბერიძის თქმით, ზოგადად საქართველო უკანასკნელ წლებში ეკონომიკურ რეიტინგებში მაღალ ადგილებს რომ იკავებდა, ეს გაბერილი და არასწორი მონაცემების საფუძველზე გაკეთებული შეფასებები იყო, ვინაიდან „საქსტატი“ (რომელიც ამ მონაცემებს ანგარიშობს) მთლიანად ნაციონალების პოლიტიკური ზედამხედველობის ქვეშ იყო მოქცეული. ექსპერტის თქმით, სწორედ ამით იყო გამოწვეული ის გაბერილი შედეგები, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში აჩვენებდა.

„ამით იყო გამოწვეული ის ფასადური ინფრასტრუქტურული პროექტები, გაბუქული არაბი ინვესტორები, რომლებიც ძირითადად ჩემი აზრით, იყვნენ ცრუმაგიერი პირები, რომლებიც რუსულ კაპიტალს, ან საქართველოში კორუფციის და სამოხელეო დანაშაულის შედეგად დაგროვილ კაპიტალს ოფშორების გავლით რეცხავდნენ. სინამდვილეში კი ეს ზრდა ხშირად ემყარებოდა ფულის რეცხვის სისტემაში მონაწილეობას“, - ამბობს ვაჟა ბერიძე.

მისი თქმით, პრემიერმა ივანიშვილმა, როდესაც გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქადაგიძე არ ყოფილა სუსტი მმართველი, ამით გარკვეული ავანსი მისცა მას, თუმცა ამის შემდეგ ქართულ საბანკო სისტემაში არაფერი შეცვლილა. ვაჟა ბერიძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც კიდევ უფრო მეტი წარუმატებლობის მოლოდინს, არასტაბილურობის განცდას აჩენს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანოა.

ვაჟა ბერიძის თქმით, ინვესტიციები შეჩერდა იმიტომ, რომ ამ გარკვეული წარმოშობის ინვესტიციებს წინა მთავრობის მხრიდან ჰქონდა აბსოლუტური გარანტიები, რადგან მთავრობა ცრუმაგიერი პირების მეშვეობით ან ამ ბიზნესების მეწილე იყო, ან ე.წ. „კრიშა“. ამიტომ ის ადგილობრივი ბიზნესმენები (ნავთობპროდუქტების იმპორტი, ფარმაცია და ა.შ.) რომლებსაც წინა ხელისუფლება მფარველობდა, გარკვეულწილად დაბნეულები არიან, რადგან მაგალითად ითქვა, რომ ფარმაციის ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოვლენ და საქართველოს წამალი აღარ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე ვენაში და ბრიუსელშია. ეს ყველაფერი კი ბიზნესზე ზემოქმედებას ახდენს.

„მეორე მხრივ, შეწყდა ოფშორებიდან შავი ფულის ის გაურკვეველი ნაკადები, რომლებიც დიდი მასშტაბით მოედინებოდა, რადგან მიხვდნენ, რომ აქ სიტუაცია მიდის იქითკენ, რომ ბიზნესი კანონიერების ფარგლებში გადავა და აღარ იქნება არანაირი კლანები, რომლებიც ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, გიორგი ქადაგიძის გამოსვლაში დასმული აქცენტები გადაჭარბებულად მიმაჩნია, ასევე ვთვლი, რომ მისი ამგვარი გამოსვლა სრულიად არადროულია. ასევე არ ვიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კეთილგანწყობილი ეკონომიკის ექსპერტების მოსაზრებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა სტაგნაცია, რეცესია, ან მით უმეტეს, ეკონომიკური კრიზისი“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ეკონომიკის ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე ამბობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ძირითადად მთავრობის მიერ ლობირებული კომპანიების ხარჯზე ხდებოდა. ახლა ამ კომპანიებში სერიოზული აუდიტი ხორციელდება და მათი მუშაობა შეფერხებულია. აქვე ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ საბიუჯეტო შემოსავლები შემცირებული არ არის.

„მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ამ 6 თვის განმავლობაში ჯერ კიდევ არ შემუშავებულა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამა, პრიორიტეტები ჯერ ისევ არ არის დასახული. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა გზით მივდივართ - ცენტრისტული, მემარცხენე, თუ მემარჯვენე გზით. კომპანიებს კი წნეხი მოეხსნათ, მაგრამ ქვეყნის პრიორიტეტები ჯერჯერობით დასახული არ არის. სანამ ეს არ გაკეთდება, ნორმალურ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ შეიძლება“, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ წლის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება. რაც შეეხება პროგნოზებს, მათ შორის EBRD-ის პროგნოზებს, სანდრო თვალჭრელიძის თქმით, ამ პროგნოზებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ყოველწლიურად ცვლიან ამ პროგნოზებს და როგორც წესი, ეს პროგნოზები არასოდეს მართლდება. აქვე ექსპერტი დასძენს, რომ არსებული მძიმე ეკონომიკური ფონი წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია და ახლანდელ მმართველ გუნდს ერგო მძიმე მემკვიდრეობად.