არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ საუბრისას, მედიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ მორიგი „ტალღის“ ერთგვარი პიკი გადავლილია. კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის პირობებში, ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან მაღალი იყო, თუმცა, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ამის ფონზე, საკოორდინციო საბჭომ რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. შეზღუდვა მოიხსნა ღამის კლუბებზე, ასევე ქორწილებისა და ქელეხების გამართვაზე. რეგულაცია იგივე რჩება პირბადის ტარების აუცილებლობაზე.
აღნიშნულს სპეციალისტების ნაწილი აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რეგულაციების მოხსნა ჯერ კიდევ ნაადრევია, რადგან ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 10 ათასიდან 15 ათასის ფარგლებში ისევ მერყეობს. თუმცა, მეორე ნაწილი უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ დღეს, რეალურად, დაიწყო პანდემიის დასასრულის დასაწყისი.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ახალი შემთხვევების რაოდენობა ასეთი მაღალია და ამასთან, ვირუსით გარდაცვლილებიც გვყავს, მოქმედი რეგულაციები არ უნდა მოხსნილიყო.
„ჯერჯერობით ისევ არის დაავადებულთა საკმაოდ მაღალი რიცხვი. სანამ არ დამთავრდება ვირუსის აქტიური გავრცელება, არ მგონია, რომ გამართლებული იყოს რეგულაციების მოხსნა და ქორწილების გამართვის უფლება მივცეთ ხალხს. ალბათ, მალე იტყვიან პირბადის ტარებაც აღარ გვჭირდებაო. ისევ იმ ორმოში უნდა ჩავვარდეთ, სადაც წინა ჯერზე ვიყავით. ამ ხალხს არ ახსოვს, რომ მაშინ ინფექციის გარცელება სწორედ ქელეხების და ქორწილების ნებართვის მიცემამ გამოიწვია.
დღეს თუ არა, ხვალ შეიძლება ისევ მოხდეს ვირუსის გენმოდიფიცირება და არ არის გამორიცხული, ისევ გაიზარდოს მისი დამთრგუნველი მოქმედება, გადაცემა ისედაც მაღალია. მიხარია, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა კლებისკენ წავიდა, შემცირდა გარდაცვლილთა პროცენტული რაოდენობა, თუმცა, 50 კაცი ძალიან ბევრია ჩემთვის. ამიტომ, არ მივესალმები რეგულაციების მოხსნას. ეს არის სირაქლემას პოზა. ისევ დარჩნენ ის ადამინები, ვინც არ არიან აცრილები, ის ადამიანებიც, ვისაც შესაძლოა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს თუნდაც „ომიკრონმა“. ამიტომ, არ მიმაჩნია სწორად ასე თავისუფლად, ხელგაშლით რეგულაციების შემსუბუქება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან.
ექიმი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლადო კახაძე რეგულაციების შემსუბუქების საკითხს დადებითად აფასებს:
„რეგულაციების შემსუბუქება გონივრული და თანმიმდევრულია, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. მთავარი მოტივი არის, რომ ადამიანმა გონივრულად მართოს მისი ცხოვრება. არიან ქვეყნები, სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია და გონივრულად გამოიყენა ეს შანსი, იქ გავრცელების შანსი პრაქტიკულად, გაუნულდა ამ ვირუსს. ასეთი ქვეყნები რეგულაციებს მოხსნიან. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მრავალი შტამის მატარებელია ეს ვირუსი, ეძებს ისეთ პოპულაციას, სადაც აცრილი არ არის მოსახლეობის დიდი რაოდენობა. თუ აცრის მაჩვენებელი მაღალი იქნება, უფრო ადვილად გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომელიც რეგულაციის მოხსნას გულისხმობს“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ. როგორც მან აღნიშნა, შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და ამის შესაბამისად დაიგეგმება ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაციის პროცესი. გაბუნიას თქმით, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც იმედისმომცემი ნიშანია. ამასთან, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ვაქცინაციის პროგრამის წახალისებას დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„12 000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ. კლინიკურ სექტორში 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა, 5164 პაციენტი მკურნალობს დღევანდელი მდგომარეობით, 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 289 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის თავისუფალია საწოლფონდის 36%-მდე. გრძელდება ვაქცინაციის პროგრამა შედარებით ნაკლები ტემპით, მაგრამ გუშინ ოდნავ მაღალი იყო ვაქცინაციის მაჩვენებელი, „ბუსტერ“ დოზები რჩება კვლავაც პირველადი მნიშვნელობის და დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციის პროგრამის წახალისებას.
დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც არის იმედისმომცემი ნიშანი. შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და ამის შესაბამისად, დაიგეგმება უკვე ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაციის პროცესი, იმგვარად, რომ ყველას ჰქონდეს ჰოსპიტალში მკურნალობის შესაძლებლობა, ვისაც ეს სჭირდება. სრულად მობილიზებული რჩება პირველადი ჯანდაცვის ქსელი - 193 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება მუშაობს უკვე ბინაზე კონსულტაციების მოდელში, რაც არის იმის გარანტია, რომ ყველა ვინც ბინაზე რჩება და მკურნალობს, იყოს ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ჰქონდეს სწრაფი რეაგირება სიმპტომებზე“, - განაცხადა გაბუნიამ.
თსსუ-ის პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება. ამასთან, აღნიშნავს, რომ ნაკლებად წარმოსადგენია ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატოს.
მან შეზღუდვების ნაწილის მოხსნაზეც ისაუბრა. როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ძალაში დარჩეს დახურულ და ღია სივრცეში პირბადით გადაადგილება. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ვაქცინაციის შესაძლებლობა გამოუყენებელი გვაქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების გადაადგილება როგორც დახურულ ისე ღია სივრცეში, ნიღბით მოხდეს. ეს მუტაციებთან ეფექტური ნაბიჯია. 3000 ვაქცინირებული ადამიანი ძალიან დაბალია. ამ გზით ძალიან გაძნელდება იმ ციფრის მიღწევა, რაც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს იმუნიზაციის კორექტირებული გეგმით, კერძოდ, ზაფხულისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ბარიერი გადალახული იყოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.