სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის დენის პუშილინისა და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის ლეონიდ პასეჩნიკის 18 თებერვალს გავრცელებული ვიდეომიმართვები, რომლებშიც ისინი მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ საუბრობენ, ორი დღით ადრე - 16 თებერვალს არის ჩაწერილი. ინფორმაციას ამის შესახებ Bellingcat-ის წარმომადგენელი არიკ ტოლერი ავრცელებს.
„პასეჩნიკმა ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა, თუმცა მეტამონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ფაილი 16 თებერვალსაა შექმნილი. პუშილინის ვიდეომიმართვა ასევე 16 თებერვალსაა ჩაწერილი“. - წერს არიკ ტოლერი Twitter-ზე.
ამასთანავე, ვიდეოში პუშილინი ამბობს, რომ „დღეიდან, 18 თებერვლიდან, ორგანიზებულია მოსახლეობის მასობრივი, ცენტრალიზებული ევაკუაცია რუსეთში“.
18 თებერვალს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს.