„კრიტიკული ფაზა 20 თებერვლამდე გასტანს, თუმცა დღეს ნაკლები საფრთხეა შეჭრის, ვიდრე ეს იყო რამდენიმე დღის წინ“

„კრიტიკული ფაზა 20 თებერვლამდე გასტანს, თუმცა დღეს ნაკლები საფრთხეა შეჭრის, ვიდრე ეს იყო რამდენიმე დღის წინ“

რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრის თარიღი ცნობილია. ამდენი მუქარისა და კრემლის მიერ გაჟღერებული განცხადებების შემდეგ, 16 თებერვალი დასახელდა კიევზე თავდასხმის დღედ. თუმცა, ამის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინელები ერთიანობის დღედ აქცევენ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ჩამოკიდებენ ეროვნულ დროშებს, გაიკეთებენ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მათ ერთიანობას მსოფლიოს დაანახებენ.

„დონბასი და ყირიმი უკრაინას მხოლოდ დიპლომატიური გზით დაუბრუნდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და ჩვენმა სამხედროებმაც უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ერთიანობა. ჩვენი არმიის საფუძველია ჩვენი ხალხის ნდობა და ძლიერი ეკონომიკა. გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ. ნაშუადღევს ჩამოვკიდებთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მსოფლიოს დავანახებთ ჩვენს ერთიანობას. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ევროპული მისწრაფება. ჩვენ გვინდა თავისუფლება და მზად ვართ მისთვის. ამ ომში დაღუპული 14 ათასი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ციდან გვიყურებს და ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას.

ჩვენ ყველას გვინდა ბედნიერად ვიცხოვროთ და ბედნიერებას უყვარს ძლიერი. ჩვენ ვერასდროს შევძელით დანებება და არც ვაპირებთ ამის სწავლას. გიყვარდეს უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ“! - აცხადებს ზელენსკი.

ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში მნიშვნელოვანს და გადამწყვეტს უწოდებენ დღევანდელ დღეს, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრემლი, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია. ნაწილი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები დიდი ხანია გვესმის და რუსეთი ვერ გაბედავს უკრაინაში შეჭრას, რადგან ეს მას ძალიან ძვირი დაუჯდება. მოსკოვს კარგად აქვს გააზრებული ის ფინანსურ-ეკონომიკური სანქციები, რასაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მიიღებს.

ანალიტიკოსი საერთაშორის საკითხებში, სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. მისი თქმით, მოსკოვი დღეს უბრალოდ ძალის დემონსტრირებას ახდენს და ცდილობს დასავლეთს თითის დაქნევით ესაუბროს, რომ იმ შეთანხმებებს მიაღწიოს, რასაც ვლადიმერ პუტინი წლებია ითხოვს.

„ამერიკელები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის თარიღად 16 თებერვალს ასახელებენ. ეს კვირა იქნება გადამწყვეტი. ვფიქრობ, რომ არავითარი შეჭრა არ იქნება. ლავროვის აზრის ისეთია, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, თანაც გუშინ პუტინი გერმანიის კანცლერს შეხვდა. ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა დიპლომტია. ამ დროს, როდესაც დიპლომატები ლაპარაკობენ, როგორც ამბობენ, ქვემეხები ჩუმად არიან. მგონია, რომ მოლაპარაკების სერიები დაიწყება, მით უმეტეს ლავროვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა - „მოლაპარაკებას აზრი აქვს და არის საკითხები, სადაც შეიძლება, ნატო-სთან შეთანხმება მიღწეულ იქნეს“.

დღეს ჩიხი არ არის. უფრო საშიში მდგომარეობა იყო რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამერიკელებმა უარით უპასუხეს პუტინს და ლავროვი ამბობდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, ყრუს და მუნჯის დიალოგი გამოვიდა, ანუ არ ესმოდათ ერთმანეთის. მაშინ ჩიხი იყო, თუმცა არ მოხდა შეტევა და ესკალაცია. 4-5 დღე რჩება სამხედრო სწავლებების დამთავრებამდე და თუ პუტინს დავუჯერებთ, ჯარები უნდა დაბრუნდნენ ყაზარმებში. ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ მოლაპარაკებებს.

ზელენსკისგან განსხვავებით, ამერიკელები უფრო საგანგაშო სიტუაციას ხედავენ. კრიტიკული ფაზა 20 თებერვლამდე გასტანს. დღეს ნაკლები საფრთხეა შეჭრის, ვიდრე ეს იყო რამდენიმე დღის წინ. ეს არის ძალის დემონსტრირება. პუტინმა მიაღწია მთავარს - რადგან ამერიკელები მას სთავაზობენ იმ საკითხებზე მოლაპარაკებებს, რასაც პუტინი უკვე 2 წელიწადნახევარია ითხოვს. აქამდე ამერიკელები არ თვლიდნენ საჭიროდ პუტინთან მოლაპარაკებას. საერთოდაც, ეს ცუდ ტონად ითლებოდა 2014 წლის შემდეგ, რაც ყირიმში შეიჭრა პუტინი, მასთან ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებს აღარვინ აწარმოებდა, თუმცა დღეს ეს მოლაპარაკებები დაიწყო.

ტრამპმა ყველა ხელშეკრულება დაარღვია და ყველა ხელშეკრულებიდან გამოვიდა, რაც რუსეთთან ჰქონდა დადებული, ბაიდენი სთავაზობს ისევ განახლდეს. რუსეთს აწყობს ეს ხელშეკრულებები, თუმცა, როდესაც ასიათასიანი არმია არის შენს საზღვარზე და ასეთი სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული, თეორიული საფრთხე ყოველთვის არსებობს. აპოკალიფსს მე არ ველოდები, რადგან დღეს კრემლში ფანატიკოსები არ სხედან, დღეს კრემლში სხედან პრაგმატიკოსები, კარგი ცხოვრების მოყვარული ხალხი, - ყველა მათი შვილი ევროპაში ცხოვრობს, მათი სიმდიდრე ევროპის ბანკებშია დაბანდებული და დღეს თვითმკვლელობაზე არავინ წავა. შიშის შედეგად, სიტუაცია შესაძლოა, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს და გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში, რაც არათუ არავის უნდა, ყველა ჯოჯოხეთივით გაურბის ამას“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დღეს იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

„დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო სერიოზული გარე და შიდა გამოწვევები, რაც მოითხოვს პასუხისმგებლობას, ნდობას და კონკრეტულ ქმედებებს ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან. ჩვენ გვაშინებს დიდი ომი და კიდევ ერთხელ დავადგინეთ სამხედრო შემოჭრის თარიღი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, - განცხადა ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მიმართვაში.