რუსეთს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ

რუსეთს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ

პეკინის ზამთრის 24-ე ოლიმპიურმა თამაშებმა, ერთი კვირა მიილია და თანდათან დასასრულისაკენ გადაინაცვლა. საკითხავი ის არის, დახურვის საზეიმო ცერემონიამდე მიაღწევს თუ დროზე ადრე დამთავრება მოუწევს. საქმე „გართულებულ კოვიდ სიტუაციას“ არ ეხება, მდგომარეობა გაცილებით სერიოზულია. თუ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინაში შეჭრას განახორციელებს, სრულიად მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დადგება. საუბარია ამ ცხოვრების ყველა სფეროზე და რასაკვირველია, ვერც პეკინის ოლიმპიური თამაშები გახდება გამონაკლისი.

თავად განსაჯეთ, დიდია ალბათობა, რომ სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში უკრაინის სპორტულმა დელეგაციამ ოლიმპიადაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადოს. შესაძლოა, მას მხარში არაერთი ქვეყანა ამოუდგეს და რუსი სპორტსმენების გვერდით ასპარეზობა იუაროს. ჯერჯერობით ამ სახის „საშიშროება“ არ დგას, არც ოფიციალური ინფორმაცია გავრცელებულა, მაგრამ რამდენიმე უცხოელმა ბლოგერმა საკუთარ გვერდებზე ამ თემაზე უკვე ისაუბრა.

სამაგიეროდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უხუცესმა წევრმა დიკ პაუნდმა რუსულ მხარეს ოლიმპიადაზე საკუთარი გუნდის მოხსნა ურჩია. უფრო მეტიც, უახლოესი ორი თამაშის გამოტოვებაც მოსთხოვა. ამის მიზეზად კი 15 წლის ფიგურულად მოსრიალე კამილა ვალიევას თავსდატეხილი დოპინგ სკანდალი მოიყვანა.

„უკვე მერამდენე ოლიმპიური თამაშებია, როდესაც რუსეთის სპორტული დელეგაცია დოპინგთან დაკავშირებულ უსიამოვნებაში ეხვევა. ადრინდელმა მწარე გამოცდილებამ მათ ჭკუა ვერ ასწავლა. პირიქით, საკუთარი დანაშაულების აღიარება არ სურთ და დამნაშავეებს ყველგან ეძებენ, ოღონდ არა საკუთარ თავში. მოვუწოდებ ამ ქვეყანას რომ ჯერ ერთი, ბოდიში მოიხადონ და რაც უმთავრესია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისაგან დროებით თავი შეიკავონ. უმჯობესი იქნება, თუ პეკინში მონაწილეობასაც შეწყვეტენ“, - განაცხადა 79 წლის მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობის ყოფილმა დიდმოხელემ.

მაინც ვინ არის კამილა ვალიევა და რა სკანდალში აღმოჩნდა გარეული? ის ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი კლუბი „რუბინის“ მშობლიური ქალაქი ყაზანიდან ბრძანდება. 15 წლისაა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონი, ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ფიგურულ სრიალში სრულიად რუსეთის ახალ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. საზოგადოებას თავი იმითაც დაამახსოვრა, რომ ცოტა ხნის წინ მისი სილამაზე და სპორტული ოსტატობა ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ერთგვარად ტრაგიკული ბედის მქონე ალეკ ბოლდუინმა აღნიშნა.

რაც შეეხება ინციდენტს, ფიგურულ სრიალში გუნდური შეჯიბრი რუსეთის ნაკრებმა მოიგო, მაგრამ დოპინგ-ტესტი კამილა ვალიევამ ვერ გაიარა. მას აკრძალული ნივთიერება ტრიმეტაზიდინი უპოვეს. საინტერესოა, რომ სპორტსმენმა ტესტირება ოლიმპიადის დაწყებამდე ჩაიტარა, შედეგი კი შეჯიბრების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

ფიგურულ სრიალში გუნდური შეჯიბრების ოფიციალური შედეგები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჯერ დამტკიცებული არ აქვს. რუსულმა დელეგაციამ იჩივლა. თავდაპირველად საკუთარი სიმართლე გაიტანა, მაგრამ 15 წლის ფიგურულად მოსრიალე განმეორებით ტესტირებაზეც ჩავარდა და ჯერჯერობით ინდივიდუალურ შეჯიბრში ასპარეზობის უფლება ჩამორთმეული აქვს, გუნდური პირველობის შედეგების ბედიც ჰაერშია გამოკიდული.

რუსები მარცხს ყოველთვის მძიმედ ეგუებიან. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. „მძიმეწონიანი“ პოლიტიკოსებიდან თავდაპირველად ჩვენთვის კარგად ნაცნობი დმიტრი პესკოვი გამოჩნდა.

„ვალიევას მიმართ დაწყებული არაჯანსაღი აჟიოტაჟი ცარიელ ადგილზე არ დაწყებულა. ყველამ ვიცით, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები თავიდანვე არასასურველი პოლიტიკური იარლიყებით დახუნძლული გახლდათ. ამის მიზეზებზე საუბარი არ მსურს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე იზეიმებს. ვალიევა დამნაშავე არ არის, არც არანაირი აკრძალული პრეპარატები არ მიუღია. იმედი მაქვს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ნამდვილ ჭეშმარიტებას აუცილებლად დაადგენს და სპორტსმენს ყველა ბრალდება მოეხსნება“.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სვეტლანა ჟუროვა უფრო შორს წავიდა:

„მიმაჩნია, რომ ძალიან საეჭვო მდგომარეობაა. დარწმუნებული ვარ, რომ კამილა ვალიევას საეჭვო დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაღალ კაბინეტებში დაიბადა და მიზნად რუსეთის დისკრედიტაციას ემსახურება“.

გაცილებით აგრესიული გახლდათ რუსეთში მოღვაწე, ამჟამად მსხვილი ტელეკომპანია ТНТ-ს გენერალური დირექტორი თინა (თიკა) კანდელაკი.

„კამილა ვალიევა შესანიშნავი სპორტსმენია და აგორებულ ბინძურ კომპანიაში მისი ბრალეულობა არ იკვეთება. ამაში ის შავი ძალებია დამნაშავე, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე რუსი ათლეტების ყოველ წარმატებას ჩირქს სცხებენ. ეს იგივე ძალებია, რომლებიც ფაშიზმზე რუსეთის გამარჯვების მნიშვნელობას აკნინებენ. აშშ-სა და დასავლეთის მხარეს რუსეთის ნებისმიერი წარმატება ყელში ძვალივით ეჩხირება. ჩვენ საუკეთესოები არ უნდა ვიყოთ და დღევანდელ მსოფლიოში მოკრძალებული ადგილით დავკმაყოფილდეთ“.

ასეა თუ ისე, ოლიმპიური თამაშები პოლიტიკას მაინც ვერ გადაურჩა. კი იხვეწებოდა ოლიმპიადის წინ „სოკ“-ის თავკაცი თომას ბახი, ინციდენტების გარეშე ჩავატაროთ ეს თამაშებიო, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა.

არ გაგიგიათ, ალბათ, უკრაინელი სკელეტონისტი ვლადისლავ გერასკევიჩის სახელი. რამდენიმე დღის წინ ეს ადამიანი მსოფლიო მასმედიის თვალთახედვის არეში აღმოჩნდა.

სკელეტონისტთა ასპარეზობისას მან პლაკატი წარწერით - „არა ომი უკრაინაში“ აღმართა. მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ეს ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი შემთხვევაა. მოგვიანებით გერასკევიჩმა მასმედიასთან შემდეგი განცხადება გააკეთა.

„უკრაინა ომის საშიშროების წინაშეა. რასაკვირველია, ამისი სასტიკი წინააღმდეგი ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ყველა თანამემამულე ფიქრობს. ძალიან მეშინია ომის. მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს საშინელება შევაჩერო“.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელის დასჯა გადაიფიქრა. ოლიმპიური ქარტიის დარღვევის (ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას პოლიტიკური აქციების ჩატარება) გამო მას დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა.

ოლიმპიური თამაშები კი გრძელდება (ჯერჯერობით). ვალიევას გარდა მას ერთი საყოველთაო გმირი (დადებითი კუთხით) უკვე გამოუჩნდა.

ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს ერთმა სპორტსმენმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. საუბარი ნათან კრამპტონს ეხება, რომელიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ამერიკის სამოას ერთადერთი წარმომადგენელია. ნათანმა გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიურ სტადიონზე ტრადიციულ სამოურ სამოსში წელს ზევით შიშველმა შეაბიჯა. არადა ოლიმპიურ სოფელში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი გახლდათ. სხვათა შორის, ბოლო 28 წელიწადში კრამპტონი პირველი სპორტსმენია, რომელიც ამერიკის სამოას ზამთრის ოლიმპიადაზე წარადგენს.

საინტერესოა, რომ ბოლო რამდენიმე თვეში, ეს მისი მეორე ოლიმპიური თამაშები იქნება. კრამპტონმა მონაწილეობა ტოკიოს ოლიმპიადაზეც მიიღო და 100 მეტრზე სირბილში 11.27 წამი დააფიქსირა, პეკინში კი სკელეტონში მონაწილეობს.

36 წლის წარმოშობით ამერიკელი ნათან კრამპტონი კენიის დედაქალაქ ნაირობიშია დაბადებული. ამჟამად ამერიკის სამოაში ცხოვრობს და პროფესიით მოდელი და ფოტოგრაფი გახლავთ.

ოლიმპიური თამაშები ნათან კრამპტონისათვის უდიდესი ზეიმია, მაგრამ რა ვუყოთ რომ „პეკინი 2022“ უდიდესი პოლიტიკური რყევების პერიოდს დაემთხვა. ვერავინ იტყვის, რა გველოდება ხვალ და საითკენ გადაიხრება მსოფლიო უახლოესი დღეების განმავლობაში. მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მშვიდობა არ დაირღვევა.

 

ჯარჯი რა მაინტერესებს - ამ გოგოს სისხლის ნიმუში საანალიზოდ დეკემბერში გაიგზავნა და თებერვალში რატომ გაახსენდათ?
2 წლის უკან
DDDzia ვაა, FOR.GE-ზეც გამოჩნდა ცენზურა?
სადაა ჩემი ნახევარი საათის წინ დადებული პოსტი?
ყოჩაღ თქვენ!
ამიტომაც აღარავინ შემოდის თქვენს გვერდზე.
აღარავინ პოსტავს აქტუალურად და საინტერესოდ.
აბ თქვენ იცით!
ასე გააგრძელეთ!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რაც ამ უმშვენიერს და ფიგურულ ციგურაობაში უძლიერეს, განუმეორებელ 15 წლის გოგონას მოუწყო მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მასზე დაქვემდებარებული ანტისადოპინგო სამსახურის მეშვეობით, ეს ყველაფერი არის გათახსირებული დასავლეთელი იმპერიალისტების აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი... დაკვეთა! ყველაფერს კადრულობენ ეს უნამუსოები! ასე გაგრძალება შეუძლებელია! რუსეთმა სასწრაფოდ უნდა გაატაროს სამხედრო დამსჯელი ღონისძიებები მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ!
2 წლის უკან