ქართული სოფლის დამაქცევარნი სოფლის მეურნეობის პროგრამის წინააღმდეგ

ქართული სოფლის დამაქცევარნი სოფლის მეურნეობის პროგრამის წინააღმდეგ

იმ მთავრობის წარმომადგენელი, რომელმაც ქართული სოფელი განადგურების პირას მიიყვანა, ხოლო ქართველი გლეხი მათხოვრად გადააქცია, დღეს სოფლის მეურნეობის პროგრამასთან დაკავშირებით ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. ნაციონალური მოძრაობის გენმდივანი ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას 80 მლნ ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. მისმა განცხადებამ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აღშფოთება გამოიწვია.

მან სპეციალურ ბრიფინგზე შესაბამისი გათვლებიც წარმოადგინა, საიდანაც დაასკვნა, რომ ქართველმა გლეხმა სოფლის მეურნეობის პროგრამის შედეგად 30% წააგო.

“მე ერთი კვირის წინ გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამიდან მოპარულია 80 მილიონი ლარი. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ პროგრამას, რომელიც მიმართულია ჩვენი სოფლისა და საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვისადმი.

უფრო მეტიც, ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში გვქონდა 1000-ლარიანი ვაუჩერი და ვფიქრობდით, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი დაეხმარებოდა სოფელს, შედეგიანი იქნებოდა, თუმცა ხელისუფლებამ იმთავითვე დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა. არ გაითვალისწინა ხალხის და ჩვენი რჩევები, რომ გლეხებს ამ სასოფლო-სამეურნეო ბარათების თუ ვაუჩერების ბანკებში განაღდების საშუალება ჰქონოდათ. ამით ავიცილებდით ყოველგვარ სპეკულაციას, რომელიც ამ თემას მოჰყვა”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ამასთან, მან წარმოადგინა ფერმერების მხრიდან ყველაზე ხშირად ნაყიდი სასოფლო-სამეურნეო ნივთები.

“გლეხმა მინიმუმ 30% წააგო, ანუ ქართველმა გლეხმა 80 მილიონი ლარი წააგო. ჩვენი ფრაქცია მომავალი კვირიდან დაიწყებს აქტიურ კამპანიას, პარლამენტში მოიწვევს მთავრობის წარმომადგენლებს და გამოვდივართ ინიციატივით, რომ გლეხებისთვის შემოდგომაზე, საკომპენსაციოდ, თითოეულ ოჯახზე 120-ლარიანი ვაუჩერი ან თუ გნებავთ ბარათი დარიგდეს, ოღონდ ამ ბარათის განაღდება შესაძლებელი უნდა იყოს”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

ნაცმოძრაობის ლიდერის განცხადებას მყისვე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, რომელმაც მერაბიშვილის ნააზრევი უტიფრობად მონათლა.

“მერაბიშვილი რომ ამ თემაზე საუბრობს, არასერიოზულია.  მგონია, რომ ეს უფრო უტიფრობას ჰგავს, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს”, - აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და სამართალდამცველები ყველა საკითხს კომპლექსურად სწავლობენ.

“პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენივე გუნდის წევრების მიმართ ასეთი გამოძიება დაიწყო. ეს მიანიშნებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ხელს არავინ არავის დააფარებს”, - აღნიშნა მან, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე დადებით პიროვნებად დაახასიათა.

ბესელია თქმით, მერაბიშვილი იმ ხელისუფლების წარმომადგენელია, რომლის დროსაც მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონების ოდენობამ 160 მლნ-ს გადააჭარბა.

“ეს არის იმ ადამიანების ქონების ოდენობა, რომელთაც გამოძიებას მომართეს. შესაძლოა, მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყოს და არაა გამორიცხული, ზიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის”მმართველობის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს მიადგა, მილიარდს აღემატებოდეს”, - განაცხადა ბესელიამ.

გაცილებით კომპეტენტური და დასაბუთებული პასუხი ნაცმოძრაობას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასცა.  მინისტრის მოადგილე შალვა ფიფიამ მერაბიშვილი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

“ივანე მერაბიშვილი არის სრულიად არაკომპეტენტური ამ საკითხში, რადგან არ იცის რამდენი იყო სოფლის მეურნეობის პროგრამის ბიუჯეტი, არ იცის რა იყო პროგრამის დაფინანსების წყარო და ჰგონია, რომ პროგრამის დაფინანსების წყარო იყო საბიუჯეტო სახსრები. რეალურად, ეს იყო მილიარდიანი ფონდი. 

გარდა ამისა, მერაბიშვილმა არ იცის, რა პრინციპით მოხდა მაღაზიების შერჩევა. მაღაზიების შერჩევის პროცესი იყო ღია და ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება სოფლის მეურნეობის ინვენტარით და საქონლით მოვაჭრე ყველა მაღაზიას ჰქონდა.

რეალობა არის ის, რომ პროგრამა არის წარმატებული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ხარვეზები და ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც ამ ხარვეზებზე ვსაუბრობდით. მერაბიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ბანერების წინ ხმამაღალი განცხადებები არ გაგვიკეთებია. ჩვენ ვაკეთებდით საქმეს. 

სირცხვილია, როდესაც 30-ლარიანი ვაუჩერის პრემიერი აკრიტიკებს ამ პროგრამას, რომლის რეალური შედეგი სახეზეა. მას შეუძლია წავიდეს რაიონებში და თავად ნახოს, რა რაოდენობის მიწაა დამუშავებული”, - აღნიშნა შალვა ფიფიამ. 

სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში 800-ზე მეტი მაღაზია შეირჩა, აქედან 1200 შემოწმება განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 30-ზე მეტი მაღაზია არის დაჯარიმებული, ნაწილი პროგრამიდან მოხსნილია. გარდა ამისა, ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებულია 10 მაღაზიის წარმომადგენელი. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გაკეთებული განცხადებები, რომ დაკავებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები, არასწორია, რადგან დაკავებულები არიან სწორედ მაღაზიის წარმომადგენლები, რომლებმაც დაარღვიეს წესები.  ამასთან, ფიფიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრამის მიზანი, ფერმერებისთვის თანხის მიცემა არ ყოფილა.