საყოველთაო დაზღვევა - პაციენტისთვის თუ კლინიკისთვის?!

საყოველთაო დაზღვევა - პაციენტისთვის თუ კლინიკისთვის?!

მგონი, აქსიომად არის ქცეული: ვიდრე ექიმის ხელფასი პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, პაციენტის სწრაფად გამოჯანმრთელება არც ექიმს აწყობს და არც იმ კლინიკის მფლობელს, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებშია ჩართული. თუმცა, არც სხვა კერძო კლინიკებია გამორჩული - ყველა მათგანს ყავს ე.წ. გამწევი „ძალა“, ანუ ცნობილი სპეციალისტი და ადამიანებიც ამის გამო ირჩვენ ამა თუ იმ კლინიკას და, შემდეგ რა ხდება? ამაზე შემდეგ მოგახსენებთ. მანამდე კი ვეწვიოთ ე.წ. „ოჯახის ექიმს“. ისე, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ჰქვიათ „ოჯახის ექიმები“, თუმცა ხშირად მინახავს წარწერა „პირადი ექიმი“.

ნამდვილი ოჯახის ექიმები კომუნისტების დროს იყვნენ, როდესაც ყველა უბანს თავისი პოლიკლინიკა და ექიმი ემსახურებოდა, მოზრდილებს და მოზარდებს - ცალ-ცალკე, ადგილზეც და გამოძახებითაც. ყველა პოლიკლინიკას თავისი სპეციალისტი ყავდა: კარდიოლოგი, ქირურგი... რომლებიც არ იყვნენ სხვადახვა კლინიკებში გადარბენაზე. თუ პაციენტს რაიმე პრეტენზია ჰქონდა სპეციალისტის არჩევის თვალსაზრისით, კი ბატონო, „კორიფეების“ მისაღებშიც დაიკავებდი რიგს და თან მიიტანდი სრულიად უფასოდ გაკეთებული საჭირო ანალიზების პასუხებს, რომელსაც ყველა ენდობოდა, ანუ სანდოობის მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა.

და, აი, მოვხვდი ერთ პატარა კლინიკაში, სადაც გამწევი ძალა გერმანიაში ნამუშევარი სპეციალისტი გახლდათ. სხვა მრავალი კლინიკის მსგავსად ეს კლინიკაც მრავალსართულიანი შენობის ერთი სართულის ერთ ფლიგელშია განთავსებული და ყველა საჭირო საკვლევი ლაბორატორია-კაბინეტით არის აღჭურვილი.

პირველი ვიზიტის შედეგი: ხელში მიჭირავს ათამდე ჩამონათვალი იმ ანალიზებისა, რომლებიც აქვე უნდა ჩავიტარო. ჩემ ხელთ არსებულ გამოკვლევათა პასუხებს, რომელიც ოჯახის ექიმისგან წინა დღით წამოვიღე, აქ არ სცნობენ. გადასახდელი თანხაც სოლიდური გამოდგა, პლუს, ამასთან, მკურნალ ექიმთან ვიზიტები. გამოდის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიც ვაზარალე, მეც დავზარალდი... და ასე რამდენი ადამიანი იკეთებს ანალიზებს პროგრამულად ყოველდღიურად! და კვლავ გრძელდება ბიუჯეტის უაზრო ხარჯვა.

ჯერ ერთი ის, რომ ოჯახის ექიმთან პაციენტისთვის განკუთვნილი დრო, 20 წუთი, სრულიად არასაკმარისია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიზიტის განმავლობაში ექიმი ძირითადად დაკავებულია კომპიუტერთან მუშაობით და იშვიათად - პაციენტის გასინჯვით. იწერება უამრავი მიმართვა, იხარჯება უამრავი ქაღალდი და, რაც მთავარია, დრო. გეგმიურად დღის განმავლობაში ოჯახის ექიმმა უნდა მიიღოს 18 პაციენტი და ბიუჯეტიდან ამოქაჩოს დაახლოებით 900 ლარი, საიდანაც, როგორც თავად ექიმები აცხადებენ, მათ ანაზღაურებას მიზერული თანხა ხმარდება.

მაგრამ ძაღლის თავი სხვა რამეშია დამარხული. ვთქვათ, უეცრად ამტკივდა ყელი ან ყური. მე არ მაქვს უფლება მიმართვის გარეშე მივაკითხო ყელ-ყურის ექიმს, მიმართვა კი უნდა მომცეს ოჯახის ექიმმა, რისთვისაც აუცილებელია მასთან წინასწარ ჩაწერა. ჩასაწერად უნდა ავკრიფო შესაბამისი ტელეფონის ნომერი, დიდი ხნის განმავლობაში ვუსმინო მუსიკას და სარეკლამო განცხადებებს და თუ გამიმართლა და ოპერატორი მიპასუხებს, ვთხოვ ჩამწეროს ოჯახის ექიმთან ვიზიტით ან სატელეფონო კონსულტაციით.

- ამ კვირაში ყველა დღე დაკავებულია, - თავაზიანად მპასუხობს ოპერატორი.

- მე რომ სასწრაფოდ მჭირდება, რა ვქნა?

- იქნებ, ცოცხალ რიგს დაელოდოთ და თხოვოთ, რომ მიგიღონ... - მირჩევს ოპერატორი.

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რათა გამოიწეროს დამატებითი მიმართვა ოჯახის ექიმთან, რაშიც ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს დამატებით 50 ლარი.

შემდეგ აუცილებელ პროცედურას იგივე ოპერატორთან ყელ-ყურის სპეციალისტის გრაფიკის მოძებნა და შეთანხმება წარმოადგენს. მაშასადამე, სრული სქემა ასეთია: დარეკვა კლინიკაში, რეგისტრატურა, ოჯახის ექიმი, მიმართვა, კვლავ რეგისტრატურა, მიმართვა სპეციალისტთან გადახდის დამადასტურებელი 50-ლარიანი ქვითრით.

აქედან გამომდინარე, ყელ-ყურის ექიმთან, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება მოვხვდე ერთი კვირის შემდეგ, რაც ბიუჯეტს დაუჯდება 100 ლარი. ამასობაში ტკივილი, რა თქმა უნდა, მაწუხებს და... იძულებული ვარ სხვა კლინიკას მივაკითხო, ხოლო იქ რაც ხდება, ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

საინტერესოა, რისთვის არსებობს ელექტრონულად პაციენტის ისტორია, რა საჭიროა ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმის მიმართვა და ამდენი ქაღალდის, დროისა და თანხის ხარჯვა, და თუ ამას დავუმატებთ ზოგიერთი პაციენტის ახირებას, რომ ხშირ-ხშირად იაროს ექიმებთან და იკეთოს ანალიზები, გასაგები გახდება ბიუჯეტის სერიოზულად გაზრდილი ხარჯი და კლინიკების მფლობელთა ჯიბეებში გადაქაჩული თანხა.

სამწუხაროდ, ისეც ხდება ხოლმე, რომ საყოველთაო დაზღვევით ზოგიერთ კლინიკაში მისულ პენსიონერ პაციენტებს უარს ეუბნებიან ასე თუ ისე კარგ სპეციალისტთან მოხვედრაზე. ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის შემდეგ ოჯახის ექიმის რჩევით „ევექსის“ კლინიკაში კონსულტაციაზე მოვხვდი ენდოკრინოლოგ ქათამაძესთან. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ რეგისტრატურაში განმიცხადეს, საყოველთაო დაზღვევის პაციენტებს ქათამაძე აღარ ემსახურებაო. ვერ გეტყვით, ეს გადაწყვეტილება პირადად ქათამაძემ მიიღო თუ კლინიკის ხელმძღვანელობამ, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და თან ეს ცალკე ისტორიაა.