ცვლილებები შრომის კოდექსის ცვლილებებში

ცვლილებები შრომის კოდექსის ცვლილებებში

შრომის კოდექსს უახლოეს პერიოდში მიღება არ უწერია. ეს იმიტომ, რომ დიდი ხმაურის შემდეგ, კოდექსის ცვლილებების პროექტში ისევ ცვლილებებია მოსალოდნელი. ოღონდ ამჯერად დამსაქმებლების სასარგებლოდ.

შრომის კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანა რომ იგეგემება, ეს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემაც დაადასტურა.

“შრომის კოდექსთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები არის ბიზნესისგან. დამსაქმებლები ითხოვდნენ შედარებით ლიბერალურ კანონმდებლობას, რომელიც არ შეზღუდავს ინვესტორებს, ბიზნესმენებს. ამიტომ, მთავარია, ბალანსი იყოს სწორად დაცული.  ერთის მხრივ, დასაქმებული უფლებები იყოს დაცული და მეორე მხრივ კი, დაცული უნდა იყოს ინვესტორთა უფლებები”, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით თავად კოალიციის შიგნითაც განსხვავებული პოზიციები იყო.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეც ადასტურებს, რომ შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს, შესაძლოა, გადაიხედოს. მისი აზრით, კოდექსი კარგი პროექტია, მაგრამ შეიძლება გახდეს კიდევ უფრო უკეთესი, თუკი მასში ისეთი ცვლილებები შევა, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება.

“ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ, ზოგ დაინტერესებულ პირს აქვს რიგ მუხლებთან დაკავშირებით კითხვები, ვმართავთ ინტენსიურ კონსულტაციებს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებაში არავინ დარჩეს უკმაყოფილო. ვთვლით, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია და ძალიან კარგი პროექტი შეიძლება უკეთეს პროექტად გადაიქცეს”, -აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შრომის კანონმდებლობაში მთავარია ინტერესების დაბალანსება მოხდეს. მინისტრის მოადგილის შეფასებით, თუკი ბალანსის იდეა დაირღვა “მაშინ გამოვა, რომ წყალში ჩაგვეყრება შრომა, რომელიც ამ კანონთან დაკავშირებით გავწიეთ”.

თავად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი შრომითი კანონმდებლობის რეფორმირების გაგრძელებასა და კოდექსში ცვლილებების ახალი ტალღის პირადად ხელმძღვანელობას აპირებს.

“როდესაც შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავაცანით, გვითხრეს, რომ ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც კი შეიძლება ცივილიზებულმა და დასავლურობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანამ თავის შრომის კოდექსში ჩაწეროს. მოქმედი კოდექსი აბსოლუტურ კარტბლანშს აძლევს დამსაქმებელს. მას შეუძლია ნებისმიერი ქმედება ჩაიდინოს დასაქმებულის მიმართ, რომელსაც დღეს არანაირი უფლება არ აქვს.

მინდა მათ, ვისაც მომზადებული ცვლილებები არ მოსწონს, იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის “შრომის კოდექსის” რეფორმირების პირველი ტალღა. არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, როგორც ქალი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალი ახალი მთავრობის, სათავაში ჩავუდგე შრომის კოდექსში ცვლილებების მორიგ ტალღას, რომელსაც შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია. ეს პირდაპირ კავშირშია გაწონასწორებულ ოჯახებთან, კავშირშია იმასთან, რომ ქალებმა შეძლონ, სამსახურთან ერთად შექმნან ოჯახი და გააჩინონ შვილები. შრომით კანონმდებლობაში ქალთა უფლებები პირდაპირ კავშირშია დემოგრაფიულ საკითხებთან”, - აღნიშნა წულუკიანმა.

შრომის კოდექსთან დაკავშირებით სამთავრობო გუნდში რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო, ეს წინა კვირას ერთბაშად გამოაშკარავდა. თვით ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა შრომის ახალი კოდექსი “როზა ლუქსემბურგის ოცნებად” შეაფასა.  მარგველაშვილმა “ჯიპას” სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით “დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება”.

“პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, მის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი.

ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი.  ამ ფონზე ესენი პოლიციას ურტყამენ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრის “ჯიპას” სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.  გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის დიქტატით დაიწერა.