რამდენიმე დღის წინ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. სანახაობა შთამბეჭდავი კი გამოვიდა, მაგრამ საზეიმოსი რა მოგახსენოთ. 2022 წლის თამაშები, ალბათ, პირველია, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე კოვიდპანდემიისა და რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე ერთ რიგით სპორტულ სანახაობად გადაიქცა. შეიძლება ამ მოსაზრებას არ დაეთანხმოთ, მაგრამ გადახედეთ მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო გამოშვებებს. ოლიმპიადას აშუქებენ, მაგრამ არა იმ რაოდენობითა და საეთერო დროით, როგორც წინა ოლიმპიურ თამაშებს. მსოფლიოში მიმდინარე ამჟამინდელი დაძაბული პოლიტიკური მოვლენები „პეკინი 2022“-ს ერთგვარ ჩრდილში აყენებს. ხალხს უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა, კოვიდ სიტუაცია და მასთან დაკავშირებული აკრძალვები, ბოლოსა და ბოლოს კანადელი „დალნაბოიშიკების“ საპროტესტო აქციები და ქალაქ ოტავადან გაქცეული ჯასტინ ტრიუდო უფრო აინტერესებთ.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალსაც პოლიტიკური ელფერი უფრო დაკრავდა ვიდრე სპორტული. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახის ყველაზე ცნობილი სტუმრები რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ასევე სერბეთის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ეგვიპტის პრეზიდენტები გახლდნენ. მაპატიეთ, გახსნას კიდევ ორი „ცნობილი“ ადამიანი ესწრებოდა - ჯანმოს „უფროსი“, მსოფლიო ანტივაქსერების პირველი მტერი ტედროს ადან გებრეიესუსი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.
პეკინის თამაშები საერთოდ ჩაშლის პირას იმყოფებოდა. უმთავრესი მიზეზი ამ ქვეყანაში ადამიანების უფლებების დარღვევა გახლდათ. საუბარია მუსულმანი უიღურების მძიმე ყოფაზე. ბოლოსა და ბოლოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა პროტესტი იმით გამოხატეს, რომ თამაშების გახსნის ცერემონიალს ბოიკოტი გამოუცხადეს და არ დაესწრნენ. ჩინეთში ჩასულ თავისი ქვეყნის მოქალაქეებს კი სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღებისაკენ მოუწოდეს. მაგალითად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ამერიკელი ოლიმპიელები გააფრთხილა, რომ ჩინეთში ყოფნისას პოლიტიკაზე არავისთან არ ესაუბრათ და ამ თემაზე არც ოფიციალური განცხადებები ეკეთებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩინეთის ხელისუფლების მართლმსაჯულების დაწესებულებების კლანჭებში აღმოჩნდებოდნენ, ამერიკულ მხარეს მათი აზიური კონტინენტიდან გამოხსნა ძალიან გაუჭირდებოდა.
მაგრამ დავუბრუნდეთ ოლიმპიური თამაშების გახსნას და თომას ბახის საპატიო სტუმრებს. მაღალჩინოსნები ოლიმპიური თამაშების გახსნას დაკვირვებით უყურებდნენ, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათგან ერთს ეს ღონისძიება არაფრად აღელვებდა. დიახ, საუბარი ვლადიმერ პუტინზე მაქვს.
მაშინ, როდესაც პეკინის ეროვნულ სტადიონზე უკრაინის დელეგაციამ ჩაიარა, არენის ტრიბუნაზე მოკალათებულ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს თვალები დახუჭული ჰქონდა და თვლემდა. ამერიკული „NBC“-ის რეჟისორმა ტრანსლაციის დროს კადრში პუტინი სწორედ უკრაინის დელეგაციის ჩავლის დროს მოახვედრა. ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტი თვლემს, შემდეგ კი უცებ ფხიზლდება.
საინტერესოა, რომ ეს „ისტორიული“კადრები მხოლოდ ამერიკულ ტელერეპორტაჟში გავიდა. თავად რუსეთშიც კი თავისი სპორტსმენების სტადიონზე გამოჩენისას ქვეყნის პრეზიდენტი არ უჩვენებიათ. არადა ბატონი ვლადიმირი ოლიმპიური თამაშების გახსნას უკვე მესამედ დაესწრო და რუსული ტელეარხები მას ყოველთვის მსხვილი რაკურსით უჩვენებდნენ. ამან გონივრული ეჭვი დაბადა: იმყოფებოდა კი პუტინი გახსნის საზეიმო ცერემონიალზე საერთოდ და ამერიკულმა მხარემ ოსტატურად დადგმული „ფეიკი“ ხომ არ გაავრცელა?!
ამ თემის ირგვლივ თავდაპირველად კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა: „ამჟამად პუტინი პეკინშია და ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალსაც სტუმართა საპატიო ლოჟაში ესწრებოდა. შემიძლია ეს ფაქტი ნამდვილად დაგიდასტუროთ. რატომ არ აჩვენეს რუსეთის ტელევიზიით, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ტელერეპორტაჟის ოპერატორების ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ. „NBC“-ის მიერ გავრცელებულ კადრებზეც ვერაფერს გეტყვით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ფიზიკურად არ მინახავს“.
ვერაფერს იტყვი - შექმნილი უხერხული მდგომარეობიდან თავის დაძვრენის არაჩვეულებრივი დიპლომატიური ნაბიჯია.
ოლიმპიური თამაშების გახსნის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა უფრო შორს წავიდა და დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს რისხვათა კორიანტელი დაუყენა.
„ოლიმპიური თამაშები მშვიდობისა და სპორტის ზეიმია. ამ დღეებს მთელი მსოფლიო დიდი მღელვარებით ელოდება. სამწუხაროდ, სხვანაირად ფიქრობს აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი და მისი დასავლეთელი კოლეგები. ჯერ იყო პეკინის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტისკენ მოგვიწოდებდნენ. როდესაც ეს დემარში არ გამოუვიდათ, თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალს ოფიციალური ბოიკოტი გამოუცხადეს. მთელი დასავლური მასმედია უკრაინის საზღვართან არსებულ ვითომ პრობლემებზე საუბრობს. იქამდეც კი მივიდნენ, რომ უკრაინის სპორტული დელეგაცია და პუტინი ერთმანეთს დაუკავშირეს და ამით მორიგი პოლიტიკური იაფფასიანი სკანდალის აგორებას შეეცადნენ. ამ დროს ჩინეთში მსოფლიო სპორტის დიდი ზეიმია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. სამწუხაროა, რომ დასავლეთში ამას ვერ ხედავენ“.
ავად თუ კარგად, პუტინის ფსევდო თუ ნამდვილად ჩაძინების ფონზე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა და ხუთი თებერვლიდან პირველი ოქროს მედალოსნების ვინაობაც შევიტყვეთ.
თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანიამ „ნილსენს გრეისნოდი“ სპეციალური ანალიზი ჩაატარა და დაადგინა, რომ პეკინის ზამთრის თამაშებზე, ყველაზე მეტი მედლის მოპოვების შესაძლებლობა ნორვეგიელ ოლიმპიელებს ექნებათ. მეორე ადგილს კი გერმანელები დაიკავებენ.
„ნილსენს გრეისნოდის“ ვარაუდით, ვიკინგების შთამომავლები პეკინში 44 მედალს აიღებენ, რომელთაგან 21 ოქროსი იქნება.
პროგნოზის შესაბამისად, გერმანელებს და რუსებს 30-30 მედლის მოპოვების შანსი ექნებათ. ამასთან, პირველები 11 ოქროს მოიპოვებენ, რუსებს კი 10 ოქრო დარჩებათ.
პროგნოზის მიხედვით, მეოთხეზე შეერთებული შტატები გავა, რომელიც 7 ოქროს მედალს მოიპოვებს. თუმცა ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კანადა უკან ჩამოიტოვოს. კანადელებს პეკინში 5 ან 6 ოქროს მედლის მოპოვების შანსი ექნებათ.
„გრეისნოდის“ პროგნოზით, მხოლოდ მე-12 ადგილს დაიკავებს მასპინძელი ჩინეთი, რომელსაც ექვსი ოქროს, სულ კი 13 მედლის მოპოვების შანსი აქვს.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პეკინში მედლის მოპოვება ძალიან გაუჭირდება, თუმცა ფიგურულ სრიალში უიმედოდ არ ვართ და არ არის გამორიცხული, მსოფლიოს გარკვეული სიურპრიზი შევთავაზოთ.
პეკინში საქართველო ცხრა სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. 6 მოციგურავე: ანასტასია გუბანოვა (ქალები), მორის ყვითელაშვილი (ვაჟები), კარინა საფინა და ლაშა ბერულავა (წყვილები), მარია კაზაკოვა და გიორგი რევია (ყინულზე ცეკვა). ორი სამთო-მოთხილამურე, ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე, ასევე მოციგავე - საბა ქუმარიტაშვილი.
ნინო წიკლაურისთვის ეს მე-4 ოლიმპიადაა (ვანკუვერი 2010, სოჭი 2014, პიონჩანი 2018), ხოლო მორის ყვითელაშვილისთვის - მეორე (პიონჩანი 2018). დანარჩენები დებიუტანტები არიან.