დღეს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ პირობებში, ინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ სპეციალისტების შეფასებით, საქართველო იმყოფება ერთგვარ პიკში. ამასთან, არსებული ვითარება შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. დღეში ვირუსის 25 ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება და ახლა უკვე, ძირითადად, „ომიკრონი“ ცირკულირებს. მედიკოსთა ნაწილი გარკვეულ დაღმასვლას თებერვლის ბოლოდან ელოდება.
ექსპერტი საზოგადოებრივ საკითხებში, აკაკი ზოიძე For.ge-სთან აცხადებს, რომ დღეს დაღმასვლაზე საუბარი ნაადრევია. მისივე პროგნოზით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოდან დაიწყებს კლებას. როგორც ზოიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ პანდემია დასრულდეს, ვაქცინაცია რჩება ერთადერთ გზად.
„ჩვენ შემთხვევაში, მაღალია წილი ხანდაზმული მოსახლეობის, ამავდროულად იმ დაავადებების რაოდენობაც დიდია, რის შედეგედაც ხდება გართულება და ამას ემატება ის, რომ მოსახლეობის 2/3 აუცრელია. ამის ფონზე, ცოტა ძნელი სათქმელია რამდენ ხანს გასტანს. თუ სხვა ქვეყნების მაგალითზე ვიმსჯელებთ, ჩვენც პანდემიის დაღმასვლას თებერვლის ბოლოს უნდა ველოდოთ.
„ომიკრონის“ გავრცელების სიჩქარიდან გამომდინარე, მასობრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მაღალია, მაგრამ გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მხოლოდ ინფექციის გადატანა საკმარისი არ არის, როგორც „ომიკრონისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნა ორჯერადად აცრა და საჭირო გახდა მესამე, „ბუსტერ“ დოზის გაკეთება იმისთვის, რომ ინფიცირებისგან გვქონდეს მაღალი დაცვა, ხოლო საავადმყოფოში მოხვედრისა და მძიმე მიმდინარეობისგან გვიცავს ორჯერადი აცრაც.
ასევე, „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, რამდენ ხანს დაგვიცავს მიღებული იმუნიტეტი, ჯერჯერობით გაურკვეველია. აცრის გარეშე, მთელ მსოფლიოში სტრატეგიად რჩება, რომ პანდემია დავასრულოთ აცრით. თუ პანდემიის დასრულების იმედი გვაქვს, ეს იქნება მხოლოდ აცრილებისთვის. შესაბამისად, სასიცოცხლოდ აუცილებელ ამოცანად რჩება აცრა. კომბინაციაში აცრა და წამალი, დაასრულებს პანდემიურ მდგომარეობას. თვისობრივად შესაძლებელია კიდევ ახალი შტამი გაჩნდეს, რომელიც იქნება სწრაფად გავრცელებადი და საშიში, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. თუ არ ავიცრებით, გაგრძელდება ასეთი ცუდი მოლოდინი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.
6 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება პიკშია.
„პანდემია დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამყრელიძეს აქვს მოლოდინი, რომ სიკვდილიანობა შემცირდება. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა არ იზრდება.
„ვფიქრობ, სიკვდილიანობაც თანდათან უნდა შემცირდეს, რამეთუ დღეს 208 745 აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 5 840 არის სტაციონარებში და არ იმატებს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა - 900-დან 1100-ის ფარგებში მერყეობს. ასევე არ იზრდება რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება... დღეს ზეწოლა ძირითადად ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზეა. ნაკლებია ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე. ეს გვაიმედებს, რომ სიკვდილიანობა თანდათან უნდა შემცირდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, აქ პანდემია არ დასრულდება.
ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვი დანიის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მაჩვენებლებს აქვეყნებს და აცხადებს, განსხვავებებს სწორედ ვაქცინაციის მაჩვენებელი განაპირობებს.
„დანია - აქტიური შემთხვევები 575 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%); ვაქცინაციის მოცვა 84.4%. დიდი ბრიტანეთი - აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%); ვაქცინაციის მოცვა 81%. საქართველო - აქტიური შემთხვევები 210 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%); ვაქცინაციის მოცვა 33%.
ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ანუ აქ პანდემია არ დასრულდება!“, - წერს კულუმბეგოვი Facebook-ზე.