„განჯის ჭიშკარი საქართველოს მტერზე გამარჯვების ცოცხალი მაგალითია და ნაცვალგება დავით გარეჯის კონკრეტულ მონაკვეთზე, აბსურდია“

„განჯის ჭიშკარი საქართველოს მტერზე გამარჯვების ცოცხალი მაგალითია და ნაცვალგება დავით გარეჯის კონკრეტულ მონაკვეთზე, აბსურდია“

აზერბაიჯანს განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აზერბაიჯანი თუჯისა და რკინისგან დამზადებული, ორნამენტებით შემკული იმ ჭიშკრის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც დავით აღმაშენებლის ვაჟმა დემეტრე პირველმა განჯის გალავანს შეხსნა და გელათს შესწირა.

პირველად აზერბაიჯანელებმა 2007 წელს მოინდომეს განჯის კარის დაბრუნება, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო ამის წინააღმდეგ გამოვიდა.

მოგვიანებით, უკვე 2012 წელს გახმიანდა ეს აზრი. მაშინ განჯის ჭიშკრის დაბრუნებაზე აზერბაიჯანელი მკვლევარი იუნის ნასიბლი ალაპარაკდა და 1139 წელს ქართველთა ჯარის მიერ სამხედრო ნადავლად წაღებული განჯის კარი მოითხოვა. სავარაუდოდ, ნასიბლი ამ მოთხოვნას დამოუკიდებლად არ გააჟღერებდა და მის უკან, დიდი ალბათობით, ოფიციალური ბაქო იდგა. იმ დროს საუბარი იყო ნაცვალგების პრინციპით დავით გარეჯის იმ მონაკვეთის დაბრუნებაზე, რომელიც ჩვენი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, მაგრამ გასაბჭოების შემდეგ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

სულ ბოლოს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე განჯის ჭიშკრის დაბრუნების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ განჯის ჭიშკრის ბედზე საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან ბოლო ვიზიტისას იმსჯელა. მანვე დასძინა, რომ სურს განჯის ჭიშკარი აზერბაიჯანს ოფიციალური მოლაპარაკებების გზით დაუბრუნდეს. თუმცა მოლაპარაკება რომ მარტივი არ არის, ესეც აღიარა. აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღეს განჯის ჭიშკარი გელათის მონასტერშია ჩამონტაჟებული და ზედ დემეტრე პირველის მიერ ქალაქ განჯაში ძლევამოსილად გალაშქრების დამამტკიცებელი, დაზიანებული ქართული წარწერაც ეტყობა. წარწერის მიხედვით, დემეტრე მეფეს ეს კარი მოუტანია „წელსა მეფობის... იგ: (13) ხ დასაბამითგან“... ანუ მართლაც 1138-1139 წლებში.

აღნიშნული ჭიშკარი საინტერესოა იმითაც, რომ მისი სახელი არა მხოლოდ საქართველოს უკავშირდება 883 წლის განმავლობაში, არამედ მის შემქმნელად ქურთი ოსტატი მოიაზრება. ჭიშკარი ქურთული წარმოშობის დინასტიის შედადიანების წარმომადგენლის შაპურ პირველის ბრძანებით დაამზადა ოსტატმა იბრაჰიმ იბნ ოსმანმა.

აკადემიკოს როინ მეტრეველის შეფასებით, ისტორიულად ცნობილია, რომ თავის დროზე დავით აღმაშენებლის შვილმა, დემეტრე პირველმა, განჯელებზე გაიმარჯვა, განჯის კარი ჩამოიტანა და შესწირა გელათს. განჯის კარი ეს არის ჩვენი გამარჯვების გარკვეული სიმბოლო მუსლიმანურ სამყაროზე.

რაც შეეხება ნაცვალგების პრინციპით განჯის ჭიშკრის გაცვლას დავით გარეჯის კონკრეტულ მონაკვეთზე, როინ მეტრეველი თვლის, რომ გარეჯი საქართველოშია და საქართველოს კუთვნილებაა. ამიტომ დავა დავით გარეჯის შესახებ აბსურდია, რადგან ისტორიულად ეს მხოლოდ დასაბუთებული კი არა, დამტკიცებულია.

„პოლიტიკურად როგორც საჭირო იქნება, ისე უნდა გადაწყვიტოს ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, მაგრამ თავისთავად დავით გარეჯთან მიმართებით რაღაც შეღავათები ნამეტანია. დავით გარეჯში მე-6 საუკუნიდან მიმდინარეობდა დიდი მოღვაწეობა. ქართველი მეფეები რომ გადადგებოდნენ, სწორედ დავით გარეჯში ბერ-მონაზვნებად მიდიოდნენ, მათ შორის, დემეტრე პირველიც, რომელიც დავით გარეჯში ბერად აღკვეცის შემდეგ დამიანე გახდა და „შენ ხარ ვენახი“ დაწერა. ასე რომ, დავით გარეჯი ქართული სავანეა. ამის რამესთან დაპირისპირება წარმოუდგენელია. რაც შეეხება განჯის ჭიშკრის საკითხს, მისი დაბრუნება-არდაბრუნება უნდა გადაწყვიტოს მთავრობამ ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა როინ მეტრეველმა for.ge-სთან საუბრისას.

თეოლოგ ლევან აბაშიძეს დავით გარეჯის სანაცვლოდ განჯის კარიბჭის გაცვლა არ მიაჩნია გონივრულად. მისი აზრით, როდესაც ძველ ამბებზეა ლაპარაკი, შეიძლება ასეთი ხელოვნების ნიმუშები დაბრუნდეს, ამგვარი კეთილი ნება თუ არის, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა.

„მესმის, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კოლონიალიზმის დროს წამოღებულ კულტურის გარკვეულ ნიმუშებს აბრუნებს, მაგრამ ეს გასაგებია, რადგან მაშინ კოლონიალიზმის ეპოქა იყო და ადგილობრივ მოსახლეობას ევროპელები ზემოდან უყურებდნენ. 800 წლის წინ თუ განჯაში რაღაც მოხდა, ამის გადათამაშება არ მიმაჩნია სწორად. რაც არის ისტორია, ის არის. განჯის კარი დღეს საქართველოშია, რამდენი რამ, პირიქით, იქით არის, ზოგიერთი რამ ქართული კულტურის ისტორიიდან აზერბაიჯანშია, ყველაფერ ამის დაბრუნება აზრს კარგავს. ესეც ჩვენი ისტორიაა. შეიძლება, თბილისის კარი სადღაც სხვაგან იყოს, ამიტომ მე არ მიმაჩნია სწორად განჯის კარის გადაცემა, მით უმეტეს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე გაცვლა. ჯერ ერთი, განჯის ჭიშკარი არ არის მარტო აზერბაიჯანული კულტურის საკუთრება, ეს მსოფლიო კულტურის და ქართული კულტურის საკუთრებაა, ისევე როგორც ჩვენი ეკლესიები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართულ კულტურას ეკუთვნის და აზერბაიჯანის კულტურის ნაწილიცაა. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად დაბრუნება. დავით გარეჯის კონკრეტული მონაკვეთის გაცვლაზეც საუბარი საერთოდ ზედმეტია, საკუთარი ტერიტორიის ერთ გოჯსაც არავინ დათმობს. დავით გარეჯის შემთხვევაში, უბრალოდ, ლაპარაკია, რომ სამართლიანად გაივლოს საზღვარი, სამართლიანობა კი ნიშნავს მოლაპარაკების მიხედვით საზღვრის გავლებას“,-აღნიშნა ლევან აბაშიძემ ჩვენთან საუბრისას.

შეკითხვის საპასუხოდ, გაგებით მოეკიდებიან თუ არა აზერბაიჯანელები, რომ განჯის კარს არ ვაბრუნებთ, თეოლოგმა განმარტა, რომ ისინი გაგებით უნდა მოეკიდონ ამ ფაქტს, რადგან განჯის კარი გელათში უკვე რამდენიმე საუკუნეა. ისტორიაში ცნობილია, რომ ნაპოლეონმა ცალკეული ექსპონატები გაიტაცა, მაგრამ არის რაღაც ნიმუშები, რაც შეიძინა საფრანგეთმა. თუ შეიძინა და ეს კანონიერი შეძენაა და არა ძალდატანებითი, მაშინ ვეღარ დაიბრუნებენ იტალიელები. ამიტომ აქ უნდა იყოს თანამედროვე მიდგომა. თუ უახლოეს დროში, ვთქვათ, მე-19 საუკუნეში მოხდა რომელიმე ნიმუშის გატანა-წამოღება, მისი დაბრუნება კიდევ გასაგები იქნებოდა, როგორც ახლა გერმანია უბრუნებს რომელიღაც აფრიკულ ქვეყანას მე-19 საუკუნის ბოლოს წამოღებულ ნიმუშებს.

„გასაგებია, ეს კეთილი ნებაა, რადგან უსამართლოდ იყო აფრიკის ტერიტორია გაძარცვული, მაგრამ დემეტრე პირველის დროს წამოღებულ განჯის კარს რაც შეეხება, იმ პერიოდში განჯა საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში იყო. ასეთნაირად თუ მივუდექით, ბერძნების კულტურის ნახევარი ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, მაშინ ბერძნების კუთვნილებაც დასაბრუნებელია თურქეთის მხრიდან. ჩვენ უნდა ვიყოთ თანამედროვეები, უნდა ვთქვათ, რომ, კი ბატონო, ჩვენი საზღვრები ღიაა, მობრძანდით, ყოველთვის შეგიძლიათ გელათში მისვლა, მაგრამ განჯის კარი ჩვენი კულტურის ნაწილია, ისევე როგორც ჩვენი ეკლესია კახში დღევანდელი აზერბაიჯანის კულტურის ნაწილია. ხომ არ მოგვაქვს ჩვენ ქართული ეკლესიები, ფრესკები და ხატები უკან?“ - აცხადებს ლევან აბაშიძე.

დაბოლოს, ახლა უკვე საპატრიარქოს გადასაწყვეტია განჯის ჭიშკრის ბედი, რადგან ის ეკლესიის საკუთრებაა. ამდენად, სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით უწმინდესს საკუთარი პოზიცია ექნება.

 

ჯარჯი აზერბაიჯანი რა შუაშია განჯის კართან? სად იყვნენ აზერები დემეტრეს ლაშქრობის დროს?
2 წლის უკან