ქუთაისის ინდუსტრიულ ზონას მთელი იმერეთი თუ არა, მთელი ქუთაისი ნამდვილად უნდა აეყვავებინა. 4 წლის წინათ სწორედ ამ დაპირებით მოეწყო იმერთქალაქში თიზ-ი, სადაც 2-მილიარდიანი ეგვიპტური ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. ამჟამინდელი რეალობა კი ასეთია: ქართულ-ეგვიპტური საწარმო “ფრეშ ჯორჯია” სულს ღაფავს, რამდენიმე დღის წინ თანამშრომელთა ნახევარი ერთბაშად დაითხოვეს, საპროტესტო აქციებმა კი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო.
გუშინ ქუთაისში საწარმო “ფრეშ ჯორჯიადან” გათავისუფლებულმა მუშებმა ქარხნის წინ საპროტესტო აქციას გამართეს. საწარმოდან ერთბაშად 400 ადამიანი გაათავისუფლეს და ნუგეშად ის დაუტოვეს, რომ 6 თვეში უკან დაბრუნებას დაპირდნენ. აქციის მონაწილეებს კი ამ დაპირებისა არ სჯერათ, რადგან თანამშრომელთა გათავისუფლების და სამსახურში აღდგენის დაპირების შემთხვევები ადრეც იყო, თუმცა უკან არავინ მიუღიათ.
“სამსახურიდან თუ გვათავისუფლებენ, ვთხოვეთ 3 თვის კომპენსაცია მაინც მოეცათ, რომ ვიდრე ახალ სამსახურს ვიშოვით სახლში პური მივიტანოთ, თუმცა ამაზეც უარი გვითხრეს. საშინელ პირობებში ვმუშაობთ, წყალი სახლიდან მიგვაქვს, 1500 კაცზე ერთი ტუალეტია. ირგვლივ მტვერი დგას, რადგან გამწოვები არ არსებობს. არაბ და ქართველ მუშას, რომლებიც ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ, განსხვავებული ხელფასი აქვთ - ჩვენ თუ 288 ლარს ვიღებთ, ისინი 3000 დოლარს”, - ამბობს აქციის მონაწილე ბესიკ გრძელიძე.
აქციის მონაწილეებს ქარხნის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ საწარმოდან არავინ გაუთავისუფლებიათ და მათ ეტაპობრივად დააბრუნებენ.
“ფრეშ ჯორჯიადან” გათავისუფლებული ქალბატონების ნაწილი, რომლებიც საწარმოს დასუფთავებაში მუშაობდნენ, მათი გათავისუფლების მიზეზად საწარმოს არაბი ხელმძღვანელობისთვის სახლის დალაგებაზე ნათქვამ უარს ასახელებენ.
აქციის მონაწილებს ქარხნის წარმომადგენელი მიშა ჭავჭანიძე შეხვდა, რომელმაც მუშებს განუცხადა, რომ ისინი ქარხნიდან დროებით გაუშვეს. ჭავჭანიძემ აქვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საწარმოს ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მიხეილ თიგიშვილმა უნდა მიიღოს.
თიგიშვილი კი სხვათა მსგავსად საწარმოდან გათავისუფლებულ მუშებს 6 თვის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგენას ჰპირდება.
“სამწუხაროდ, ინფორმაციამ გაჟონა ჭორის დონეზე. მე ავუხსენი მათ, რომ მიდიოდნენ დროებით შვებულებაში და 6 თვის განმავლობაში ისევ იქნება სხვადასხვა წარმოებაში ადგილი და ეტაპობრივად დასაქმდებიან. რაც შეეხება არაბებთან მუშაობას სახლების დასუფთავებაზე, ეს სისულელეა. მე ასეთ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ”, - ამბობს თიგიშვილი. რას ნიშნავს დროებითი გათავისუფლება და იძულებითი შვებულება, ამ საკითხზე მას განმარტება არავის გაუკეთებია.
უსამსახუროდ დარჩენილთათვის 6 თვის შემდეგ სამუშაოზე დაბრუნების დაპირება შეღავათი არ არის. “ერთი თვე მოვიცდით, როგორმე გავძლებთ, ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენთვის ძალიან ძნელია, 6 თვე ნამდვილად ვერ დაველოდებით. თუკი ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, იძულებულნი ვიქნებით სხვა ზომებს მივმართოთ”, - ამბობს აქციაზე მყოფი ლევან აბდალაძე.
ქუთაისის ინდუსტრიული ზონიდან გათავისუფლებულ მუშებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე შეხვდა. მისი თქმით, მუშების მოთხოვნა სამართლიანია და საპარლამენტო უმრავლესობა მათ მხარს დაუჭერს.
დეპუტატის აზრით, პირველ რიგში, შესასწავლია ქარხნიდან გათავისუფლებულთა ხელშეკრულებები. გარდა ამისა, ნიშნიანიძე საწარმოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრასაც გეგმვას.
“არ გამოვრიცხავ ამ ადამიანების ხელშეკრულებებში მახინჯი პუნქტები იყოს ჩადებული. ეს ხალხი მანამ გაათავისუფლეს, ვიდრე შრომის ახალი კოდექსი შევიდოდა ძალაში. ამ ადამიანების მოთხოვნები და პროტესტი სამართლიანია”, - ამბობს ნიშნიანიძე.
ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ქართულ-ეგვიპტური საწარმო “ფრეშ ჯორჯია” 2009 წელს გაიხსნა. საწარმოში დაახლოებით 900-მდე მუშა იყო დასაქმებული. “ფრეშ ჯორჯიაში” საოჯახო ტექნიკას აწარმოებენ.