„ომიკრონში“ მუტაციური ცვლილებები 24-ს თუ  გადააჭარბებს, მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გაჩნდეს ახალი გენოტიპი

 „ომიკრონში“ მუტაციური ცვლილებები 24-ს თუ გადააჭარბებს, მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გაჩნდეს ახალი გენოტიპი

კორონავირუსის ახალი სახეობის პირობებში, ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელება და შემთხვევების რაოდენობის ზრდა იმდენად მაღალია, რომ დღეს უკვე სპეციალისტები საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებაზე საუბრობენ და ნაწილი აცხადებს, რომ ეს იმუნიტეტი შესაძლოა ზაფხულისთვის მივიღოთ. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ „ომიკრონის“ ვარიანტი შესაძლოა, პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს და ახალი სახეობები აღარ გაჩნდეს.

აღნიშნულს ჰყავს სკეპტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ასე კატეგორიულად იმის თქვა, რომ სხვა, ახალი შტამები აღარ გაჩნდება, შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება, მისი კლინიკური ნიშნები ისეთივე მძიმე არ არის, როგორც მაგალითად, „დელტას“ სახეობა, თუმცა, ზაფხულისთვის საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას არ გამორიცხავენ.

ექიმი-ინფექტიონისტი, ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მასობრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბება იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ადამიანს მოიცავს ახალი შტამი. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ახალი ვარიანტი გაჩნდეს.

„ამის შანსი არის, რადგან „ომიკრონს“ ბევრად მეტი გადამდებლობის უნარი აქვს და საბედნიეროდ, არ მიდის ძალიან მძიმე ფორმებით უმეტეს შემთხვევაში, ვიდრე ეს „დელტა“ ვატიანტს ახასიათებდა. ჩვენ ვერ მივაღწიეთ კოლექტიური იმუნიტეტის შექმნას ვაქცინაციის საშუალებით და ალბათ, ბუნებრივად მოხდება ამის ჩამოყალიბება, თუმცა, ეს შტამი ბოლომდე მაინც არ არის შესწავლილი, რამდენად ხანგრძლივ იმუნიტეტს ტოვებს, რამდენად არ მივიღებთ განმეორებით შემთხვევებს, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

ძალიან ძნელია რაღაც კონკრეტული შეფასების მიცემა, თუმცა, შანსი იმისა, რომ ჩამოყალიბდეს ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი, დიდია. იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ ფაქტობრივად, ყველა მოიხდის, ვინც აცრილია ან არ არის, თუმცა, აცრილებს ბევრად უფრო ნაკლებად გამოხატული კლინიკური ნიშნებით აქვთ. მასობრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბება იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ადამიანს დაემართება ზაფხულამდე და ალბათ, ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნება. ძალიან აქტიურად ვრცელდება ვირუსი, თუმცა, ეს არ არის იმის საბაბი, რომ ადამიანებმა თავი აღარ დაიცვან.

„ომიკრონის“ აფეთქებამ გამოიწვია ვითარების დამძიმება. საქართველო უნიკალურია ქვეყანაა და ხშირად, არაადეკვატურად ვიქცევით ყველანი ერთად. თუმცა, არ არის გამორიცხული, კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას. წინა შტამზე მეტი გავრცელება აქვს ამ ვარიანტს, თუმცა, შესაძლოა მეორე დღეს ჩამოყალიბდეს ოდნავ განსხვავებული შტამი, - „ომიკრონში“ მუტაციური ცვლილებები არის 24 და თუკი ჩამოყალიბდა უფრო მეტი, ვირუსი თავის გადარჩენას შეეცდება გადამდებლობით და შანსია, რომ გაჩნდეს ახალი გენოტიპი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი გადამდებლობა და ვირულენტობა ექნება“, - განაცხადა ხმალაძემ For.ge-სთან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, „ომიკრონმა“ თამაშის წესები შეცვალა. მისი თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში ყოველდღიური ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდება. გაბუნიას განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, თუ რა იმუნიტეტს დატოვებს საზოგადოებაში „ომიკრონი“, ვაქცინა კვლავ რჩება პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად პირველი რიგის ინტერვენციად.

„ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და იკვეთება მოლოდინი იმისა, რომ მომდევნო კვირა იქნება უფრო მეტად აღმავალი პერიოდი. პროგნოზი არის დაახლოებით 2 კვირა, მესამე კვირიდან უკვე შესაძლებელია, რომ აღარ იყოს მატება და დაიწყოს დაღმასვლა. სხვა ქვეყნების გამოცდილება ამბობს, რომ სწრაფი აღმასვლის შემდეგ დაღმასვლაც იყო საკმაოდ სწრაფი.

რაც შეეხება საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას, გარკვეულწილად იმუნური ფენა „ომიკრონის“ ტალღას ქვეყანაში დახვდა. ეს იყო მილიონზე მეტი ვაქცინირებული და ასევე იგივე რაოდენობა უკვე ინფექციაგადატანილი პირების, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ის მეტად აქტიურად იწვევს განმეორებით ინფიცირებას. „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების შემდეგ ეს იმუნური ფენა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ დღეს არავინ იცის პასუხი იმაზე, თუ რამდენ ხანს გასტანს „ომიკრონით“ გამოწვეული იმუნური ფენა“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, თამარ გაბუნიამ პანდემიის დასრულების წინაპირობაზეც გააკეთა კომენტარი.

„პანდემიის დასრულება ნიშნავს იმას, რომ შემთხვევები იქნება, მაგრამ არა ასე ბევრი, არ იქნება ასეთი სწრაფად გავრცელებადი და სიცოცხლისთვის სახიფათო. არავინ ვღელავთ, როდესაც გვაქვს გრიპი ან მარტივი ვირუსული ინფექცია, რადგან ამის მართვა მარტივად ხდება. იგივე მიმართულებას და გზას გავივლით ამ შემთხვევაშიც, როდესაც ეს ვირუსიც ძალას დაკარგავს და მიიღებს გარკვეულწილად ჩვეულებრივი ცირკულირებადი ვირუსის სახეს, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 18 274 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 145 508.