კალაძე-სააკაშვილის დუელის ენერგეტიკული ეტაპი

კალაძე-სააკაშვილის დუელის ენერგეტიკული ეტაპი

ენერგეტიკის მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის ალალი დამოკიდებულების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ლამის ყოველ კვირას ერთ-ერთი მათგანი, მეორეს “ტკბილ მოკითხვას” უთვლის.  პოლიტიკურად ამას მწვავე კრიტიკა ჰქვია, სასაუბრო ლექსიკაში კი გაცილებით სხვა რამ.

ამჯერად ცეცხლი მიხეილ სააკაშვილმა გახსნა, როდესაც ენერგოდივერსიფიცირებასთან დაკავშირებით კახა კალაძის მოსაზრებას გამოეხმაურა. “რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა ენერგეტიკის თვალსაზრისით, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა.  ბაქოში ჩასვლის წინ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს “ძალიან უცნაური განცხადება” იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულება და, როგორც სერიოზულ ალტერნატივა, განიხილოს რუსეთის გაზის შემოტანა”, - ასეთია “ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული ადამიანის” პოზიცია.

“რუსეთიდან ჩვენ მცირე რაოდენობის გაზი მთელი ეს პერიოდი ისედაც შემოგვქონდა, როგორც სომხეთში ტრანზიტის საფასური. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს ჰქონდა ბოლო წლებში, არის ის, რომ მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხა პრაქტიკულად ვერავინ აღმოსავლეთ ევროპაში, ვერც უკრაინამ წინა წლებში, ჩვენ გავხდით რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლები.

დღეს, როდესაც უკრაინამაც კი დაიწყო სხვა წყაროებიდან გაზის შეტანა, როდესაც მთელი ევროპა ცდილობს, თავი დააღწიოს რუსეთისგან დამოკიდებულებას, საქართველოს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას მძიმე წარსულში. ჯერ ერთი, აზერბაიჯანის გაზი რამდენჯერმე იაფია, ვიდრე რუსული. მეორე - აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესია საქართველოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რადგან ეს ნიშნავს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და სტაბილურობას და ამიტომ იაფად გვაძლევს გაზს.

რუსეთის ინტერესია მეზობლებზე კონტროლის დამყარება და ამაში ენერგობერკეტის გამოყენება. აქ ველოსიპედს ვერავინ ვერ გამოიგონებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ალტერნატიული წყაროები, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ თურქმენეთთან, ყაზახეთთან და რუსეთი ამ მხრივ ვერანაირად გამოდგება. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი წყარო, რომლის მესვეური გადაწყვეტს, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, რომ არ მოსწონს ჩვენი პოლიტიკა და ზამთრის ერთ სუხიან ღამეს ჩაგვაბნელებს, გაგვყინავს და მიწასთან გაგვასწორებს”, - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერისგან ამომწურავ განმარტებას ელოდება.

პრეზიდენტის მთელი ეს ტირადა ენერგეტიკის მინისტრის კომენტარს მოჰყვა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე სააკაშვილმა ყველაფერს თავისი კუდი გამოაბა. სინამდვილეში კახა კალაძეს არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს ისეთი, რასაც მთელი 9 წლის განმავლობაში ნაცმოძრაობის ლიდერები არ საუბრობდნენ. აი, რა თქვა ენერგეტიკის მინისტრმა:

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი აქვს, მაგრამ საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ “გაზის მომწოდებელი მხოლოდ ერთი ქვეყანა არ იყოს”.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველოში გაზის რამდენიმე მომწოდებელი იყოს”, - განაცხადა ბრიფინგზე კალაძემ, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ სამომავლო პროექტებია.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან გაზის მიწოდების შესაძლებლობას, თუმცა ყაზახურ გაზს ჩვენ კვლავ რუსულ “გაზპრომპთან” მივყავართ. ყველა ეს პროექტი მიმართულია გაზის მომწოდებელ წყაროთა გამრავალფეროვნებაზე”, -  განაცხადა მინისტრმა.

აქედან გამომდინარე, სააკაშვილის პათოსის მიზეზი სრულიად გასაგებია. ამიტომაც იყოს, რომ ენერგეტიკის მინისტრმა პრეზიდენტს სიტყვა არ შეარჩინა და მყისიერად სიცრუეში დაადანაშაულა.

“ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება არის სრული სიცრუე. მიხეილ სააკაშვილის გუნდი, ანუ ბანკროტად ქცეული მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, აკეთებენ განცხადებებს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილისგან განცხადება, თითქოს უარი ვთქვით აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობაზე და უარი ვთქვით შემოვიტანოთ გაზი აზერბაიჯანიდან, რაც სრული სიცრუეა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე აზრით, ეს ადამიანები აგრძელებენ დემაგოგიას და სურთ სიცრუეში ამყოფონ საქართველოს მოსახლეობა, თუმცა ამჯერად ეს არ გამოუვათ. რაც შეეხება ენერგოდამოუკიდებლობას, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“რატომ უნდა იყოს ქვეყანაში ერთი შემომტანი? მაგალითად,  ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამომავლოდ გაჩნდეს 2, 3, 4 შემომტანი. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს დივერსიფიცირებული წყაროები. ბაზარზე მეტი კონკურენტი იქნება და საინტერესო იქნება ფასების კუთხითაც”, - აღნიშნა კალაძემ.

მინისტრის თქმით, თუკი საქართველოს ზამთრის პერიოდში შემოაქვს ელექტროენერგია რუსეთიდან, რატომ არ შეეძლება გაზი შემოიტანოს იგივე ქვეყნიდან? როდესაც კონკრეტულად იქნება ამ თემაზე საუბარი და თუკი იქნება ქვეყნისთვის მისასალმებელი და სასიკეთო, პროექტი განხორციელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - არა.

ამასთან, კალაძის მტკიცებით, ამჟამად რუსეთთან არანაირი მოლაპარაკებები ამ კუთხით არ მიმდინარეობს. მინისტრის მხრიდან იყო ზოგადი საუბარი, რომ სამომავლოდ მოხდეს ენერგომატარებლების დივერსიფიცირება.