"საქართველოში როტშილდის შემოსვლა, "ხბოს აღტაცებას" არ, მაგრამ - ფრთხილ ოპტიმიზმს უდავოდ იმსახურებს; რასაკვირველია, ეს ფაქტი ჩვენს მჩატე, „ქვემსუბუქი კატეგორიის“ ეკონომიკას აუცილებლად დაეხმარება, რომ მეტი წონა შეიძინოს, ხოლო თუ ამბიციურ გეგმას - საქართველო გახდეს საინვესტიციო-ფინანსური ჰაბი რეგიონში, გავითვალისწინებთ, მაშინ წონით კატეგორიაში დაწინაურების იმედიც და ასევე, მეტი პასუხისმგებლობაც, უნდა გვქონდეს; პასუხისმგებლობა იმედზე უმნიშვნელოვანესია, რადგან წონითი კატეგორიის შეცვლა თავისთავად არ ნიშნავს შეჯიბრში წარმატების გარანტიას, რადგან ახალი კონკურენტები და მეტოქეებიც არა მჩატე, არამედ, სულ ცოტა - იგივე კატეგორიისანი გვეყოლება. თანაც: როტშილდი ისეთი გიგანტია, რომლისათვისაც საქართველოს ეკონომიკა ერთი პაწაწინა ჩიტიც კი არაა, ბრდღვნად რომ ღირდეს, მაგრამ მეორეს მხრივ - რეგიონალური და გლობალური მიზნებისათვის მართლაც კარგი პლაცდარმია; უწინარეს ყოვლისა, რასაკვირველია, გეო-სტრატეგიული მდებარეობის გამო და ასევე, იმიტომაც, რომ ბიზნესის თამაშის წესები გარშემო არსად ისეთი ლიბერალური არ არის, როგორც აქ, ამ ქვეყანაში; საკანონმდებლო რეგულაციების სიმსუბუქე და სიმარტივე როტშილდს ისეთი სილაღის საშუალებას მისცემს, რაც გარეშემო ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ექნება. ერთის მხრივ, ეს უპირატესობაცაა, მაგრამ ამავდროულად, რისკიც: ფსონი იზრდება და ქვეყნა, მთელი თავისი ეკონომიკური აქტივებით, უწინარეს ყოვლისა, წარმოების ძირითადი საშუალებებით, მათ შორის უმთავრესი სუნჯით - მიწით, რაც არა მხოლოდ ეკონომიკური კატეგორიაა, არამედ - ჩვენი რაობისა და ვინაობის დამდგენი ღირებულება - ქართველთა სამკვიდრო, გაცილებით დიდ თამაშში ერთვება.
როგორც დიდია პოტენციური მოგება, რაც შეიძლება ამ თამაშმა მოგვიტანოს, ასევე, რისკიც მეტია. ამ რისკებს კი დაზღვევა და გადაზღვევა სჭირდება. ჩვენ სხვა სამშობლო ქვეყანა არა გვაქვს, ამიტომ, მეტი სიფრთხილე და სიდინჯე, ჭკუადამჯდარობა გვმართებს; ხოლო როტშილდი კი, ცხადია, მინიმალურად თუ გარისკავს, რომც დაკარგოს რამე, დიდად არაფერი დააკლდება, თუმცა თავისი რისკების ყოველმხრივ წინასწარ დაზღვევას, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოგვთხოვს. რა არის საუკეთესო დაზღვევა ამ შემთხვევაში ჩვენი რისკებისა? ეს საფიქრელია და აქ აუცილებელია ქართულმა ეკონომიკურმა აზრმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს. რაიმე მსგავსი, რაც მაგ. ნამახვანჰესის შემთხვევით დაგვემარტა, არარ უნდა განმეორდეს. როტშილდის შემოსვლა მსგავს გამოწვევად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სიმჩატის გამო, ობიექტურად ანდა თუნდაც სუბიექტურადაც კი, ასე აღიქმებოდეს: „როტშილდს უთქვამს, ბიჭი ვარ და მძიმე-მძიმედ მოვდივარ და ბიჭები ხართ და დამხვდითო!“
უნდა დავხვდეთ და არა მჩატედ. იმ სიმძიმის, რითაც მოდის, თანაზომიერად. თუმცა, ამისათვის მაინცადამაინც ხელსაყრელი არც პოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს და ჯერჯერობით, სწორედ ეს, ჩემი აზრით ულტრა-ლიბერალურად მჩატე კანონმდებლობა, კერძო და ეროვნულ (ან თუნდაც სათემო) სარგებელსა და სარგებლიანობას შორის აშკარად კერძოს მხარესაა, სწორედ რომ ზედმეტად მიკერძოებულია, რაც კითხვის ნიშნებს ბევრს წარმოშობს.
აქ კიდევ ერთხელ უნდა გაგახსენოთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე თავისუფალი ეკონომიკის მქონე, მაგრამ იმავდროულად, სოციალური სახელმწიფოს, გერმანიის კონსტიტუციის მე-14 მუხლი. ეს მუხლი ადენაუერის (რომელსაც ვერავინ დასწამებს ვერც „სოციალისტობას“ და ვერც „თავისუფალი ბაზრის“ ლიბერალური პრინციპების მიმართ რაიმე ოპორტუნისტულ დამოკიდებულებას) დროსვე, მიიღეს და მისი შინაარსი - საკუთრების დამავალდებელი ბუნებაა! სკუთრება მხოლოდ ხელშეუვალი უფლება არ არის. გერმანელებმა ჩაწერეს კონსტიტუციაში, რომ „საკუთრება ავალდებულებს. მისი გამოყენება იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ სიკეთეს“ ეს კონსტიტუციური ნორმა-პრინციპი დიდწილად ადგენს გერმანიის ლიბერალური, მაგრამ სოციალურად ორიენტირებული, არა მხოლოდ კერძო, არამედ საზოგადოებრივ (საერთო ეროვნულსა, ლანდისა თუ ადგილობრივი თემისა) სარგებელსა და სიკეთეზე მიმართული მთლიანად ეკონომიკისა თუ ნებისმიერი კონკრეტული ბიზნესის „სჯულის კანონებს“.
ჩემი აზრით, ჩვენი, ქართველთა ტრადიციული ევროპელობა სწორედ ეს არის: საკუთრების მიმართ ანალოგიური დამოკიდებულება! იგივე საკუთრების ხელშეუვალობა, თუმცა მისი იგივე დამავალდებელი ბუნებაც, რაც ქართული სჯულისათვის უმთავრესი,პრიორიტეტული იყო! ყოველი მესაკუთრე, ხოლო, რაც უფრო დიდი იყო მისი საკუთრება, მით უფრო მეტად იყო ვალდებული, როგორც პატრონი თავადაც ისე გარჯილიყო და შვილებიც ასე აღეზარდა, რომ რაც ღმერთმა მემკვიდრეობად არგუნა, ღირსეულა ეპატრონა, დაეცვა, შეენახა, გაემრავლებინა და რაც მთავარია, სიკეთით გამოეყენებინა, მშვიდობაში მოეხმარა! სიკეთით გამოყენება და მშვიდობაში მოხმარება კი მარტო კერძო სარგებელის მიღება არ არის და ვერც იქნება! საკუთრება იმთავითვე ავალდებულებს! ეს არა მხოლოდ უფლებაა, არამედ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ერისა თუ თემის, სადაც ირჯები, წინაშე. ეს ფუნდამენტური პრინციპი აუცილებლად უნდა აისახოს ჩვენს კანონმდებლობაში. სასურველია - კონსტიტუციაშიც. აი მასინ, შეგვეზლება ტქმა, რომ მტერსაც და მოყვარესაც, თვით ზეგიგანტ როტშილდსაც (იმედია, მოყვარედ მოდის!) კი, არა მჩატედ, არამედ დინჯადა და ღირსეულად, ქართულად დავხვდებით".