გარდაუვალია თუ არა რუსეთ-უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომი და რა ფორმით შეიძლება ამ კონფლიქტში საქართველომ თავისი როლი შეასრულოს? კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ხელისუფლების მიერ შემუშავებულ რეზოლუციას აფასებს და მიიჩნევს, რომ მოცემული ტექსტი სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის პოზიციას. მისი აზრით, სულაც არ არის აუცილებელი მყვირალა ტექსტები და ზედმეტი აქტიურობა, როცა საქმის გაკეთება ისედაც შეგვიძლია. ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ თემაზე დაწყებული აჟიოტაჟი მხოლოდ გარე მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.
ხელისუფლებამ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციიის ტექსტი ოპოზიციისგან დამოუკიდებლად მიიღო, რადგანაც ისინი განცხადებიდან სიტყვა რუსეთის ამოღებას არ დაეთანხმნენ. მიიჩნევენ, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან დაკავშირებით უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ. თქვენი შეფასება როგორია ამ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით?
- არ მგონია ამ რეზოლუციაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა რუსეთის ხსენება იყოს. მიმაჩნია, ეს თემა უფრო გარე მოხმარებისთვის იყო აწეული და აჟიოტაჟიც სწორედ ამის გამო მოჰყვა. იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს და რეალურად საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭიროს, აუცილებელი არ არის მყვირალა ტექსტები შევადგინოთ და გული მოვიფხანოთ. ამ ტექსტში რაც შეიძლება სადავო იყოს, ჯობდა სიტყვა საგარეო აგრესია ნახსენები ყოფილიყო. ჯერ ერთი, საქართველო ასეთი ტიპის პოლიტიკურ განცხადებას პირველად აკეთებს და მეორეც, ამ ტექსტში რა წერია, გამგებმა ძალიან კარგად გაიგო. მე ჩვენს დასავლელ მეგობრებთან (საექსპერტო წრეებს ვგულისხმობ), კომუნიკაცია მქონდა და ყველამ ეს განცახდება ძალიან დადებითად შეაფასა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იყო ძალიან დამაჯერებელი და თავშეკავებული. ვიცი, რომ კრემლში ამ რეზოლუციაზე გაღიზიანდნენ, ე.ი. რეზოლუციამ თავის მიზანს მიაღწია. მთავარი არის რეალურად უკრაინის გვერდით დგომისთვის საქართველო რა ნაბიჯს გადადგამს, იმ პრინციპების ერთგულებისთვის, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა ჰქვია.
თქვენ საუბარში ახსენეთ, რომ ეს აჟიოტაჟი საგარეო მოხმარებისთვის ატყდა. ფიქრობთ, რომ ოპოზიციას ამით ხელისუფლების დასავლეთის თვალში დისკრედიტაცია სურს?
- ოპოზიციისთვის ეს არის სასკანდალო თემა. პირველ რიგში, ამას საგარეო ასპარეზზე იყენებს და ჩვენი პარტნიორების თვალში ხელისუფლების „გაშავებას“ ცდილობს და მეორე საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდაციისთვის აკეთებს. საზოგადოების გადამწყვეტი ნაწილისთვის სულაც არა აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ეს რეზოლუცია. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ხიფათი თავიდან აიცილოს და პლუს უკრაინაშიც ომი არ დაიწყოს.
თქვენ ახსენეთ საქართველოს მხრიდან უკრაინის დახმარება, როგორ ფიქრობთ ეს რა ფორმით უნდა გაკეთდეს? არსებობს ბევრი რეკომენდაციები, თითქოს სჯობს პრემიერი, პრეზიდენტი, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავროს და მხარდაჭერა ღიად გამოუცხადონ. თქვენი რა რეკომენდაციას მისცემთ?
- საერთოდ თანამედროვე პოლიტიკა კულუარებში კეთდება და არა ხმაურიანი განცახდებებით. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რითაც მუდმივადა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის დემონსტრირება მოხდება. უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების გადადგმა ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს უნდა ვაიძულოთ. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ნატო-ში უკრაინასთან დაკავშირებით საერთო მოსაზრება არ არსებობს. 4 ჯგუფად არიან დაყოფილები. ერთნი, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მეორენი, რომლებიც არ უჭერენ. მესამენი ნეიტრალურები არიან, ამის ნათელი მაგალითი ხორვატია და უნგრეთია. ხოლო არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საერთოდ არ აინტერესებთ. საქართველოს ხელისუფლებას თუკი შესაძლებლობა აქვს, თავისი საელჩოების მეშვეობით და საერთაშორისო შეხვედრების ფონზე, ამ ქვეყნების განწყობის შეცვლაზე უნდა იმუშაოს. ის, რომ უკრაინის გულისთვის ომში ჩართვას არავინ აპირებს, ამის დემონსტრირება ნატოს ამ 4-ვე ჯგუფმა უკვე მოახდინა. ეს სამწუხარო ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დახმარებას აწვდიან და საკმაოდ დიდი რაოდენობითაც. თუმცა ყველა არ აწვდის. ბალტიისპირეთის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დიდად არ ირჯებიან. დანარჩენები თავს იკავებენ და ვიცით გერმანელებმაც რაც გააკეთეს, ჩაფხუტები გაუგზავნეს. აი, ამ არეულ სიტუაციაში, ჩვენი ზედმეტი საჯარო აქტიურობა, მე მაგალითად, სწორედ არ მიმაჩნია.
ალბათ, ბევრი თქვენი აზრის მოწინააღმდეგე შეგახსენებდათ, რომ უკრაინელი ერისგან საკმაოდ დავალებულები ვართ. იქნება ეს აფხაზეთის ომი, თუ 2008 წლის ომი. ამაზე რას უპასუხებდით?
-კი ბატონო, უკრაინა ნამდვილად ჩვენს მიმართ ყოველთვის თანადგომით გამოირჩეოდა. თუმცა ეს ის დრო იყო, როცა ჩვენგან განსხვავებით უკრაინას მაშინ არაფერი ემუქრებოდა. ძალიან დიდი მადლობლები ვართ ამისთვის. როდესაც იუშენკო საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდა, მაშინ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტორი არ არსებობდა. დღეს საქართველოს წინააღმდეგ ძალიან დიდი აგრესიის ფაქტორი არსებობს და რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ.
ექსპერტთა გარკვეულ წრე თანხმდება იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმ დონის მიამიტი არა არის, რომ უკრაინასთან ფართომასტაბიან ომში ჩაებას. მაშ რასთან გვაქვს საქმე და რისთვის აშანტაჟებს ახლა კრემლი მსოფლიოს? რისი მიღება უნდა?
- ეს არის ვერსია, რომელსაც მე მხარს ვუჭერ და მიმაჩნია, რომ პუტინი ნამდვილად უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომს არ აპირებს. ამ ვერსიას დიდი ხანია ვაჟღერებ. ექსპერტთა თანამეგობრობას ხელი ზოგიერთ კვლევებზე მიგვიწვდება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ჩვენ ვიცით, რუსეთის მოაზროვნე წრეებიდან რა სახის კვლევები აქვთ ჩატარებული. მათ კარგად იციან, თუკი უკრაინაში შეიჭრებიან, რუსეთს ეს რის ფასად დაუჯდება და რისი მომტანი იქნება. კრემლმა იცის, რომ არცთუ ძლიერ ეკონომიკას ფართომასშტაბიანი ომი რა დაუჯდება. გარდა ამისა, ისიც გათვლილი აქვთ, უკრაინამ რა სახის წინააღმდეგობა შესაძლოა გაწიოს. ასევე, რამდენ ხანს შესაძლოა ეს ომი გაგრძელდეს. ძალიან კარგად იციან, კიევი რომც დაიკავონ, ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ტიპის მოქმდებას მხარს თავად რუსეთის მოკავშირეებიც კი არ უჭერენ. მაგალითად - ჩინეთი. ეს უფრო კუნთების თამაშია, რათა უკრაინასა და მის პარტნიორებზე ზეწოლა მოხდეს. იქიდან ისეთი რამე მაინც მიიღონ, რაც მათ დააკმაყოფილებს და სახეს შეუნარჩუნებს. სხვათა შორის დასავლეთიც ასე იქცევა. მათაც კარაგდ იციან, რომ რუსეთს უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომი არ შეუძლია. უკრაინა საქართველო არაა. აქედან გამომდინარე, დასავლეთსაც ეს პიარული აჟიოტაჟი აწყობს. რუსეთისგან მაქსიმალურად მტრის ხატის შექმნას შეეცდება.
რუსი ექსპერტების ნაწილი, რომელბიც უკრაინაში შეჭრის მომხრეა, ამბობენ, რომ შესაძლოა, პუტინს ე.წ. სწრაფად დასრულებადი ომი ჰქონდეს ჩაფიქრებული. ანუ კიევზე თავდასხმით უკრაინის ჯარში პანიკას გამოიწვევს, რაც მათ შორის კომუნიკაციას გაწყვეტს. ჯარის მაგივრად კი დაბნეული ბრბო დარჩება, რომლის განეიტრალება ადვილი იქნება. თქვენ ეს სცენარი რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?
- ამ ვერსიას არ ვემხრობი და მიმაჩნია რომ უკრაინის ჯარის მდგომარეობიდან ასე ადვილად გამოყვანა ვერ მოხდება. შესაძლოა, ტაქტიკურად ისე განსწავლული არ არის, როგორც რუსული არმია, მაგრამ უკრაინელებს ძალიან სერიოზული სპეციალური სამხედრო ფორმირებები ჰყავს. მათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ, რომ რუსეთის არმიას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ. მეორე მსოფლიო ომის დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა უზარმაზარი პარტიზანული მოძრაობის მთავარი ცენტრი იყო. იქ არავითარი არმია აღარ იყო, მაგრამ ხალხმა იმ დონის წინააღმდეგობა გაუწია მტერს, რომ იქ ვერ გაჩერდნენ.
შესაძლოა, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მეორე ავღანეთი მიიღოს? ეს იქნება რუსეთის დასასრულის დასაწყისი, როგორც ბევრი ექსპერტი მიიჩნევს?
- მეორე ავღანეთს მიიღებს თუ არა რთული სათქმელია, მაგრამ სერიოზულ წაინააღმდეგობას რუსები უკრაინელებისგან მიიღებენ. პარტიზანული მოძრაობა იქნება თუ სხვადასხვა აქტივობა, ძალიან ფართო მასშტაბს მიიღებს. მით უმეტეს კიევის დასავლეთით წინააღმდეგობის მუხტი გაიზრდება და ბევრად უფრო სერიოზული იქნება. უკრაინის დაკავებას რუსეთი ვერ შეძლებს, გამორიცხულია იმ რესურსით, რომელიც მას გააჩნია.