მათ იციან, რომ ქართველ ხალხში არ აქვთ ნდობა. ამიტომ, ისინი მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარედან. ეს არის სწორედ სუვერენიტეტზე სრული უარის თქმა. ეს არის მონობის გაფორმება უცხო ქვეყნებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა რადიკალებზე საუბრისას.
მან ისაუბრა ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელშიც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებისგან განსხვავებით, აქტიურად არის ჩართული. მისივე თქმით, სამგორში მოსახლეობას შეხვედრებზე არ უნახავს ოპოზიციის კანდიდატი, რომელიც მათ რაიმეს გაკეთებას დაჰპირებოდა.
„არავის უნახავს კანდიდატი [ოპოზიციიდან], რომელიც მივა და ხალხს ეტყვის: აი, საბავშვო ბაღს გავაკეთებ, ან ასფალტს დავაგებ, ან რაიმეს გავაკეთებ. რატომ? იმიტომ, რომ მათ არაფერი აქვთ სათქმელი, რადგან მათ იციან, რომ ქართველ ხალხში მათ არ აქვთ ნდობა. ამიტომ, ისინი ერთადერთი, მხარდაჭერას ეძებენ ქვეყნის გარედან. ეს არის სწორედ სუვერენიტეტზე სრული უარის თქმა. ეს არის მონობის გაფორმება უცხო ქვეყნებზე, რასაც კარგად ხედავს ხალხი და ამის მიხედვითაც გააკეთებს არჩევანს. რა თქმა უნდა, ისინი გარკვეულ ხმებს მიიღებენ, ეს არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატს ვინმე იცნობს, თუნდაც, იგივე სამგორში, არამედ უბრალოდ, არის ადამიანების საზოგადოება, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და მათ არ აინტერესებთ, ვინ არის კანდიდატი. წავლენ და ხმას მისცემენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ერთად გამოვდივართ“, - აღნიშნა სუბარმა.