კოვიდინფიცირების მასშტაბური მატების მიუხედავად, სკოლები და საბავშო ბაღები არ დაიკეტება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მისი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს.
„ამ პანდემიის პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობამ და ქვეყნების ეკონომიკამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ. დღეს იყო სერიოზული ანალიზი განათლების სამინისტროს მხრივ სკოლებზე, მოყვანილი იქნა პროცენტი, 2300-მდე სკოლიდან რაც არსებობს, რამდენია ონლაინ რეჟიმზე და ძალიან პატარაა ეს პროცენტი, აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ, ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. მთავარი სლოგანი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს არის, რომ სხვა სფეროებთან შედარებით სკოლის დახურვაზე ყველაზე გვიან უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და ყველაზე ადრე გახსნილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება უნივერსიტეტებს, გამყრელიძის თქმით, უნივერსიტეტი ავტონომიურია და თავად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას.
„ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები შედარებით კარგად იყვნენ აცრილნი, არ დავასახელებ უნივერსიტეტებს, სადაც კარგად არიან აცრილნი და არის უნივესიტეტები, სადაც დაბალი მოცვაა, ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება. დაავადების კონტროლის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცადების მიხედვით, ეს შეეხება სკოლისა და საბავშო ბაღების მასწავლებლებსაც.
თუმცა, გამყრელიძის განცხადება უარყო ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ მასწავლებლების ტესტირება არ შეჩერდება.
„ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება - ამირან გამყრელიძემ ამ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა, არ არის სავალდებულო, ყველა გაიტესტოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პირი ტესტირებას არ ჩაიტარებს, არსებობს სხვადასხვა მექანიზმი იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა მას კოვიდი, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ანტისხეულების ანალიზით განსაზღვრა.
„ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასოდ იღებდა ტესტირების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან. ასევე აგრძელებენ კომერციული ლაბორატორიები კოვიდის ტესტირებას და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის.
ტესტირებას რაც შეეხება, ამირან გამყრელიძემ გააკეთა რეკომენდაციის ხასიათის მოწოდება, რადგან „ომიკრონს“ აქვს სწრაფი გადადება და გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება, გაიკეთოს, თუ სურვილი ექნებათ ამის, შეუძლიათ მივიდნენ. უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება, ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის. არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი „მწვანე პასპორტის“ ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება, გადამოწმება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ფაქტია, რომ ქვეყანაში გაზრდილი კოვიდსტატისტიკა, სკოლებსა და ბაღებზეც აისახა. როგორც for.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.
„კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი.
სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
ინტენსიურად მიმდინარეობს კოვიდ-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვირუსის პრევენციისათვის კვლავ განაგრძობს სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად“, - გვითხრეს განათლების სამინისტროში.
ასევე, როგორც უწყებაში გვითხრეს, დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.
რაც შეეხება საბავშო ბაღებს, როგორც for.ge-ს თბილისის ბაღების გაერთიანების სააგენტოში განუცხადეს, დღეის მდგომარეობით სკოლამდელი აღზრდის 258 თანამშრომელი და 103 აღსაზრდელია ინფიცირებული.
„მთლიანად 56 საბავშო ბაღია დახურული, წერტილოვნად დაკეტილია 132 ჯგუფი. რაც შეეხება ბაღის მასწავლებლებისა და თანამშრომლის გატესტვას, ის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ისინი ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან“, - გვითხრეს თბილისის ბაღების გაერთიანების სააგენტოში.