მართალია გვიან, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი შეიმუშავა. დოკუმენტის ავტორი „ქართული ოცნებაა“. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და ოპოზიცია ტექსტს აპროტესტებს. უკმაყოფილების მიზეზი არის ის, რომ ტექსტში არ არის ნახსენები რუსეთი. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორი იქნება მიღებული რეზოლუცია - რუსეთის მიმართ - აგრესიული თუ დაბალანსებული, რუსეთი მაინც საკუთარი შეხედულებებით იმოქმედებს.
სოსო ცინცაძე: ამას რუსეთისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ რუსეთმა ჩათვალა საჭიროდ, მოიქცევა ისე, როგორც მას სურს. ნურავინ იფიქრებს, რომ თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ცოტა რბილ და დაბალანსებულ რეზოლუციას, ან უფრო მკვეთრს, პუტინის ადმინისტრაცია დაიწყებს ამ რეზოლუციის ანალიზს და ისე ააგებს თავის სამომავლო გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში. გარდა იმისა, რომ დილეტანტიზმია, ეს არის იმისი შედეგი, რომ საქართველოში პროფესიონალურ დონეზე არავინ არ სწავლობს დღვანდელი რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურ ანატომიას. არავინ არ სწავლობს იმას, თუ როგორია რუსეთში გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი, რა საფუძვლები უდევს, გრძელვადიანი, საშუალო თუ მოკლევადიანი. მოდით, ნუ გავაღიზიანებთ - ეს არის ყველაზე დილეტანტური და პროვინციული მიდგომა საკითხისადმი. მე არ ვლაპარაკობ საერთაშორისო ისტორიის ცოდნას მაღალ დონეზე, მაგრამ ელემენტარულია, ავიღოთ თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდი. ჯერ კიდევ ცოცხალია ის ხალხი, ვინც იმ პროცესებს მოესწრო. გავიხსენოთ რა იყო მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის ინგლისის პოლიტიკა, სანამ ჩერჩილი მოვიდოდა ხელისუფლებაში - არ გავაღიზიანოთ - ეს იყო მათი მიდგომა, მაგრამ შედეგი რა გამოიღო? ამიტომ, ისტორია მეორდება და ეს უნდა დავინახოთ. იმას არავინ არ ამბობს, სამ მილიონიანმა ქვეყანამ გადავწყვიტოთ, რომ ამ კონფლიქტში რომის პაპზე მეტი კათოლიკები ვიყოთ, მაგრამ საგარეო ურთიერთობათა პოლიტიკა მეცნიერებაა. ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ, რომ „ქმედება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს მეცნიერული ცოდნა, დანაშაულიაო“. რეზოლუცია მოზომილი და მკვეთრი აუცილებელი იყო. უნდა ჩანდეს, რომ ამ რეზოლუციას წერდნენ არა სანტექნიკოსები და ექიმები, არამედ საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები.
ნათელია, რომ ჩვენი პოზიცია გადამწყვეტი არ არის ამ პროცესებში და უკრაინაზე ვართ მიბმული, რატომ დუმდა აქამდე ხელისუფლება, ამას მარტო ოპოზიცია კი არა, მსოფლიო უყურებს და მათ შორის უკრაინა, რომელიც ყოველთვის აქტიური მხარდაჭერით გამოირჩევა საქართველოს მიმართ.
- ეს კრიზისიც ჩაივლის. ყველაზე უარესი სცენარიც რომ ვივარაუდოთ, ყველა ომი მთავრდება მშვიდობით და უკრაინასთან ჩვენ გვჭირდება სამომავლო ურთიერთობები, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვიქნებით თუ არა „ნატო“- ს წევრი ქვეყანა. ჩვენ და უკრაინას „ნატო“ - ს გარდა კიდევ ბევრი რამ გვაერთიანებს და ეს პოლიტიკოსებს მუდამ უნდა ახსოვდეთ. ამიტომ, შესაძლოა, რუსეთის გაღიზიანებაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის უკრაინასთან ურთიერთობა შეიძლება იყოს. უკრაინას ჩვენთან აგრესიული ზრახვები არასოდეს არ ექნება, მაგრამ თუ მეგობრულიც აღარ ექნა, ეს ცუდია.
საყურადღებოა სერგეი ლავროვის ბოლო განცხადება, რომ კრემლი მიმდინარე კვირაში ელოდება დასავლეთისგან წარდგენილ პროექტებზე კონკრეტულ პასუხს. ამ დაძაბულ სიტუაციაში რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება, დიპლომატია ვხედავთ, რომ აღარ მუშაობს. ფაქტია, მოლაპარაკებებმა ამოწურა უკვე თავისი რესურსი.
- ლავროვმა პირდაპირ თქვა, რომ ისინი საკითხის გაჭიანურებას აღარ აპირებენ. ძალიან საშიში ინფორმაციები მოდის. მე არ მგონია მოსკოვში ისე გაგიჟდნენ, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ დაიწყო სადესანტო დივიზიების გადასროლა. საქმე ისა, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდა. ერთ-ერთი ისტორიკოსი პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით წერდა, რომ „ომი არავის არ უნდოდა, მაგრამ ომი გარდაუვალი იყო“. დღესაც შეიძლება მდგომარეობა ისეთ რეალობამდე მივიდეს, რომ ომი არავის უნდოდეს, მაგრამ ეს გარდაუვალი იყოს. ვერც ამერიკა დაიხევს უკან, წინ ბაიდენს შუალედური არჩევნები აქვს, მისი მომავალი ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული და ვერც პუტინი დაიხევს უკან. რუსეთი მოითხოვს „ნატო“-ს მეათე მუხლის გაუქმებას, ეს „ნატო“-ს გაუქმებას ნიშნავს, რაც გამორიცხულია, ეს უკვე კაპიტულაციაა. კი, სანამ დიპლომატები ლაპარაკობენ ქვემეხები სდუმან, მაგრამ ლავროვის გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მათ თავისი სათქმელი უკვე თქვეს, რომ ისინი არ დაუშვებენ გაუთავებელ დისკუსიებში ჩაითრიონ რუსეთი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რა იქნება პასუხის პასუხი. ამერიკელების პასუხი ცხადია რაც იქნება, რუსეთის ულტიმატუმის დაკმაყოფილება ნიშნავს „ნატო“-ს სიკვდილს - ამაზე ამერიკა ვერ წავა.
ზელენსკის განცხადება მინდა გაგახსენოთ, როდესაც ის ქვეყნის ლიდერებს მოუწოდებს და კითხულობს, თუ რატომ არ უწესებენ რუსეთს სანქციებს და რატომ ელოდებიან რუსეთის უკრაინაში შეჭრას? ეს დამეთანხმებით ლოგიკური კითხვაა, მართლაც, რას ელოდება ამერიკა და ევროპა?
- ზელენსკი სწორია. რუსეთს სანქციების არ სჯერა. არ სჯერა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაჩერდება.
სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკის სენატმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი არ დაამტკიცა, დემოკრატებმა, რომლებიც გაზსადენზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით გამოდიოდნენ, პოზიცია შეცვალეს, ეს რას ნიშნავს?
- რესპუბლიკელ სენატორს, ტედ კრუზს ჰქონდა გარკვეული მოთხოვნები და ამაზე იყო უარი, ამერიკას ძალიან მკვეთრი პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამაზე უარესი არის რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან ჩახსნა. ეს რომ მოხდეს, რუსეთს გადაისვრიან სამოცი წლით უკან. მართალია ამერიკაც დაზარალდება. ზელენსკი ამბობს, რომ ამ მუქარებს კრემლი უკვე მიეჩვია და თუკი რუსეთმა უკრაინა დააზარალა, მერე გინდ დაუწესონ სანქციები და გინდ არა.
ყველასათვის ნათელია, რომ ეს არ იქნება რუსეთ-უკრაინის ომი, აქ მსოფლიო იქნება ჩართული, დაუშვებს ამ დიდი ომის დაწყებას მსოფლიო თანამეგობრობა?
- მსოფლიოს უარესიც დაუშვია. დღევანდელი ევროპა არ არის ის, რაც 40-იან წლებში იყო. ევროპაში უკანასკნელი მოჰიკანი იყო დე გოლი. მის შემდეგ ევროპას ლიდერი აღარ ჰყოლია. პუტინი რომ დღეს ასეთი აგრესიულია, ეს არის მერკელის დიდი დამსახურება. პუტინი რომ დღეს 1997 წელს თხოულობს, არც ერთი გერმანელი ლიდერი არ ეუბნება, რომ კი ბატონო, მაშინ იმ საზღვრებს შენც დაუბრუნდი. 1997 წელს არც აფხაზეთი ჰქონდა მიტაცებული და არც ყირიმი. ეს ქეციანი ხორვატიაც კი, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება, ვნახეთ როგორ განცხადებებსაც აკეთებს. ამიტომ ვამბობ, რომ მსოფლიოს ამაზე უარესებიც დაუშვია. დღეს, უკვე ვერც ერთი მხარე უკან ვერ დაიხევს. შეიძლება საქართველო და უკრაინა არასოდეს არ მიიღონ „ნატო“-ში მაგრამ ღია და საჯარო იურიდიულ დოკუმენტს „ნატო“-ს ღია კარის დახურვაზე რუსეთი ვერასოდეს ვერ მიიღებს. დღეს, ვერავინ ვერ იტყვის იქნება თუ არა ომი. პუტინმა მშვენივრად იცის, რომ „ნატო“-ს წევრი ქვეყნები წინააღმდეგნი არიან უკრაინის და საქართველოს „ნატო“-ში გაწევრიანების, ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მთლიანად წინააღმდეგია. ეს კარგად იციან კრემლში, მაგრამ პუტინს სურს რევანშის აღება ცივ ომში.
„ნატო“-ს ორმაგმა სტანდარტმა თავისი რესურსი ამოწურა, ან უნდა მიიღონ უკრაინა და საქართველო ან ალტერნატივა უკვე რუსეთის ულტიმატუმია, ფაქტია, ამ ორმაგმა სტანდარტმა მიიყვანა ომის ზღვარზე მსოფლიო. რა არის ამ მომენტისთვის სწორი სვლა?
- როგორ ფიქრობთ, 1952 წლის თურქეთზე უარესი მდგომარეობაა დემოკრატიის მხრივ დღევანდელ საქართველოში? ეს ორმაგი სტანდარტები არ არის? ყველაზე რთულია კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება. მე ვერ წარმომიდგენია დადგეს დრო, რომ 30 წევრიდან ყველამ ერთხმად დაამტკიცოს უკრაინის და საქართველოს „ნატო“-ში მიღება. ბოლო დღეებში ამერიკის დიპლომატია ძალიან აქტიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, გაზი როგორმე გამოუშვას ევროპაში, გერმანელებისათვის მთავარია არ გაიყინონ. გაზი - ეს დღეს არის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. თუ ამერიკამ რუსული გაზის ჩანაცვლება მოახერხა ახლო აღმოსავლეთის გაზით, ეს არის 30 პროცენტი რუსული გაზის, მაგრამ რუსეთი ამის დროს აღარ იძლევა. ძალიან დაძაბულია მდგომარეობა, მართლაც შეიძლება არავის არ უნდოდეს ომი, მაგრამ დაიწყოს. მე ძალიან შემაშფოთა სადესანტო დივიზიების გადასროლამ. უკრაინაში სამი თვითმფრინავის ჩასვლა, ეს ზღვაში წვეთია. უკრაინას გაცილებით მეტი იარაღი სჭირდება. როგორ ფიქრობთ, ნაკლები იარაღი ჰქონდა ავღანეთის მთავრობას? დღეს მთელი ამერიკული იარაღი თალიბანის ხელშია. პუტინის დღევანდელი რუსეთიც არ არის სტალინის დროინდელი რუსეთი. იგივე რუსი ოლიგარქებიც, ფულს შოულობენ რუსეთში და ცხოვრობენ ევროპაში. ომი იმათაც არ უნდათ, მაგრამ რუსეთს დღეს მართავენ არა მილიარდერები, არამედ ჩეკისტები - პუტინის კოლეგები. რასაკვირველია ფული მათაც უყვართ, მაგრამ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია დასავლეთზე რევანში.
ამ პროცესების პარალელურად იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - „3+3“ ფორმატი. ლავროვის განცხადებით, აღნიშნულ ფორმატში ჩართვა არ ნიშნავს საქართველოსთვის პოლიტიკური პოზიციების შეცვლას, ის მოუწოდებს თურქეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს, რომ აგვიხსნან ამ ფორმატის სარგებელი. მართალია, ხელისუფლებას ამ საკითხზეც ტრადიციული დუმილის უფლება აქვს არჩეული, მაგრამ მაინც, რამდენად მართებულია ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა და რა არის ის სარგებელი, რაზეც ლავროვი მიუთითებდა?
- ჩემთვის მიუღებელია კარები მიუხურო რაიმე საკითხს განხილვის გარეშე. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ეს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი მინუსი არის ის, რომ არ მიმდინარეობს ამ საკითხის საჯარო განხილვა, ანალიზი. ჩვენთან არც აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეები არ განიხილავენ ამ საკითხებს. საგარეო პოლიტიკა გახდა ტელე-თოქ-შოუების საჯიჯგნი. ადამიანები, რომლებსაც საბაზო განათლებაც არ გააჩნიათ, ისინი განიხილავენ საგარეო საკითხებს. ეს არის პრობლემა. საგარეო პოლიტიკა არ შეიძლება წარმატებული იყოს რომელსაც არ იცნობს საზოგადოება და მხარს არ უჭერს. ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის რა არის 3+3 ფორმატი, რა კონსტრუქციაა, როგორია შიდა ანატომია, პლუსი როგორია, ამაზე დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს პროფესიონალურ დონეზე და არა ორწიგნწაუკითხავი პოლიტიკოსების ტელეეთერებით. რაც არ იცი და იმაზე უარს ამბობ, ეს დიპლომატია უკვე აღარ არის.