რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ფონზე, სადაც ჩართულია როგორც ევროპა, ასევე - ამერიკა, მოულოდნელად, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიზეზი განმარტა და განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სრულიად არაემოციურია და გარკვეული ლოგიკიდან მოდის.
მისი შეფასებით, პრეზიდენტს არ აქვს საჭირო ინსტრუმენტები დღევანდელ რთულ პირობებში.
„გვაქვს პარადოქსული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი იძულებულია იყოს სახელმწიფოებრიობის გარანტი, ფაქტობრივად, რეალური ინსტრუმენტების გარეშე. კონსტიტუცია ასევე გულისხმობს ერთი დაწესებულების უპირატესობას მეორეზე, უქმნის დაბრკოლებებს დიასპორის სპეციალისტებს მონაწილეობა მიიღონ ისტორიული სამშობლოს სახელმწიფო ინსტიტუტების მართვაში და ა.შ. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა ფორმით, მაგრამ არა შინაარსით.
ჩვენ ვცხოვრობთ თავისებურ რეალობაში - რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტი ვერ ახდენს გავლენას ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; რეალობა, როდესაც ის ვერ იყენებს ვეტოს იმ კანონებზე, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხისთვის შეუფერებლად მიიჩნევს; რეალობა, რომელშიც პრეზიდენტი ვერ გამოიყენებს თავისი პოტენციალის უპირატეს ნაწილს სისტემური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისთვის;
რეალობა, რომელშიც მსოფლიო მუდმივი ტურბულენტობის ზონაშია, მაგრამ პრეზიდენტს არ გააჩნია კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რომ დაეხმაროს თავის ქვეყანას“, - წერია სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოწმენდილ ცაზე რატომ გადაწყვიტა აწ უკვე სომხეთის ექს-პრეზიდენტმა გადადგომა და ურევია თუ არა მის წასვლაში რუსეთის ხელი?
საგარეო ურთიერთობის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-თან საუბარში აღნიშნავს, რომ შესაძლოა, სწორედ რუსეთის კანდიდატი იყოს ახალი პრეზიდენტობის კანიდატი.
ამირან სალუქვაძე: რუსეთს კავკასიისთვის არ სცალია... საკითხს ასე ვერ დავაყენებ. თუ საჭირო იქნება და მათი ინტერესები მოითხოვს, კიდევაც მოიცლიან, რადგან სამხედრო რესურსი საკმაოდ გააჩნიათ. რაც შეეხება სარქისიანის გადადგომას, საინტერესოა, ამ საკითხის ღრმად შესწავლა და ბევრი რამ შემდგომში გახდება ცნობილი. თუმცა, შეიძლება ვერსიებზე საუბარი. თუ სწორად მახსოვს, სომხეთის უკვე ყოფილ პრეზიდენტს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ყაზახეთის ექს-პრეზიდენტ ნაზარბაევთან. დღეს კი ვიცით, რომ ნაზარბაევისა და მისი კლანის სრული დევნა მიდის. რა თქმა უნდა, სარქისიანის გადადგომას მთლად ამას არ დავუკავშირებ, სად ყაზახეთი და სად სომხეთი, მაგრამ - თუ სომხეთის შიდა კონსტიტუციურ მოწყობის ჭრილში შევხედავთ, სარქისიანმა დაინახა, რომ მას საკმარისი ბერკეტები არ გააჩნდა, რათა გავლენა მოეხდინა სომხეთში არსებულ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამავე დროს, შესაძლოა, დაინახა ისიც, რომ კონსტიტუციურ ბერკეტებთან ერთად, მას საკმარისი ავტორიტეტი არ აღმოაჩნდა. ფაქტობრივად, ყარაბაღში წაგებული ომისა, პრემიერი ფაშინიანი გაცილებით ავტორიტეტული აღმოჩნდა და დავინახეთ, რომ მოსახლეობამ მხარი სწორედ მას დაუჭირა.
რა თქმა უნდა, მიზეზი ისიც იყო რომ, ნიკოლ ფაშინიანის საპირწონედ არ აღმოჩნდნენ ისეთი ძალები, რომლებსაც კონკურენციის გაწევა შეეძლოთ. ასევე, გვახსოვს დაპირისპირება გენშტაბის უფროსის გადაყენების საკითხში, როდესაც პრემიერი პრეზიდენტთან პირდპირ დაპირისპირებაში შევიდა. თვალსჩინოა, რომ სარქისიანს ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აღარ ჰყავს ის წონიანი პარტნიორები, მეგობრები და ესეც შეაფასა, რომ მას ამ სივრცეში წონა აღარ ჰქონდა. დაინახა, რომ პრემიერი ფაშინიანი, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნით შიგნით გაცილებით მეტი ავტორიტეტით სარგებლობს. ამ ორმხრივ დაპირისპირებაში ფაშინიანი გამოვიდა გამარჯვებული.
შესაძლოა ფაშინიანი პრეზიდენტად ვიხილოთ?
- არ მგონია, მაშინ საკონსტიტუციო მოწყობა უნდა შეიცვალოს და მაშინ ისევ საპრეზიდენტო მოწყობაზე უნდა გადავიდნენ. თუმცა, ამაზე გარკვეული საუბრები იყო. თუ საკონსტიტუციო ცვლილებებისკენ წავლენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ფაშინიანი ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატი იქნება, მაგრამ გამორიცხული არ არის, სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ. არ მგონია ფაშინიანი რუსეთისთვის მყარი, საიმედო პარტნიორი იყოს, ამიტომ იქ სხვა თამაშებიც წავა და კონკურენციას შეუქმნიან.
ანუ, შესაძლოა, სომხეთში პრორუსული კანდიდატი ვიხილოთ?
- გამორიცხული არ არის და პრორუსულობა საკმაოდ კარგად შეფუთონ. დღეს რუსეთი დახვეწილად მოქმედეს. პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის ქვეშ მხოლოდ პრორუსული ძალები არ არიან, რადგან მათ ჭკუა ისწავლეს და ქმნიან ხელოვნურად პროდასავლურ ძალებს.
თუ ასე მოხდა და პრორუსული პრეზიდენტი ეყოლებათ, საქართველოსთვის როგორ აისახება, რადგან ვიცით, რომ სომხეთის პრემიერს ჩვენს ქვეყანასთან საკმაოდ მჭიდრო ურთირთობა აქვს?
- ტრადიციულად, ჩვენ სამეზობლოში კარგი ურთიერთობები გვაქვს და იმედია, ასეც გაგრძელდება. ვფიქრობ, პრემიერი ფაშინიანი ჩვენი მთავრობისთვის კომფორტული პარტნიორია. დანარჩენი სომხეთის შიდა საქმეებია.
ასევე საინტერესოა, პრორუსული პრეზიდენტის არჩევა როგორ აისახება ყარაბაღის საკითხზე, რადგან სწორედ საქართველოს ჩართულობით მოხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკება...
- სხვათა შორის ამ საკითხებში პრეზიდენტი სარქისიანი არ ყოფილა ჩართული, ვგულისხმობ აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებს. ვხედავთ, რომ შესაძლოა, ამ ორ ქვეყანას შორის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია განხორციელდეს. ფაქტობრივად, წამყვანი როლი ისევ პრემიერ ფაშინიანს უკავია. ეს ყველაფერი დაგროვდა და იყო საბაბი სარქისიანის გადადგოის, რადგან ის იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არანაირი ბერკეტები არ გააჩნდა. ჩვენთან, მაგალითად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახერხებს თავისი ფუნქციების შესრულებას კონსტიტუციიდან გამომდინარე, დაწყებული საგარეო ვიზიტებით, დამთავრებული შიდა საკითხებით. ალბათ, პრეზიდენტმა სარქისიანი უფრო მეტად იყო ფუნქციებში შეზღუდული. შესაძლოა, შიდა დინებებიც იყო, რომელიც გარედან მკაფიოდ არ ჩანს. არ მგონია პუტინისთვის მნიშვნელოვანი ყოფილიყო, სომხეთში პრეზიდენტი ვინ იქნებოდა, რადგან ფაშინიანთან მეტ-ნაკლებად ურთიერთობა დალაგებული აქვს.
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებში მთვარი როლი ამერიკას ჰქონდა. ვისაუბრეთ, რომ შესაძლოა, კანდიდატი პრორუსული იყოს, ამ შემთხვევაში დასავლეთი და აშშ რამდენად ჩაერევა?
- მე არ ვიტყოდი, რომ საქართველო მხოლოდ შემსრულებელი იყო, რადგან როგორც განცხადებების დროს გაირკვა, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ინიციატივები, ასევე სხვა აქტიობები ჯერ პრემიერ ღარიბაშვილთან საუბრებიდან დაიწყო და ღარიბაშვილთან კონსულტაციების შემდეგ ჩაერთო ამერიკის მხარე. რეგიონში ინტერესი არა მარტო რუსეთს, არამედ ამერიკასაც გააჩნია, ამიტომ ამ პროცესებში ყველა აქტორი ჩართული იქნება. ვნახოთ, კანდიდატებად ვის წამოაყენებენ. ნუ, ამ მიმართულებით რუსეთი რომ იაქტიურებს ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს.