როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობდნენ, ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელება ძალიან სწრაფად ხდება. უკვე რამდენიმე დღეა სტატისტიკა რეკორდს ხსნის და პანდემიის გავრცელების კუთხით უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს. ჯანდაცვის სგეროს სპეციალისტი ვატო სურგულაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მსგავსი სიტუაცია მოსალოდნელი იყო და ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული უნდა შეხვედროდა. სამწუხაროდ, პირველადი დაწოლა ოჯახის ექიმებზე წავა, რაც სავალალო სიტუაციამდე მიგვიყვანს. ეს ინსტიტუტი ამისთვის მზად კვლავაც არ არის და ქვეყანაში პანდემიის მართვა მხოლოდ მოსახლეობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორ აფასებთ ახალ რეგულაციებს და იმ ფაქტს, რომ უსიმპტომო პაციენტებისთვის ტესტირების გაკეთება სავალდებულო აღარ იქნება და თუკი 112-ში დარეკავენ, მათ „მწვანე პასპორტი“ მიეცემათ?
- ეს არის სრული აბსურდი და „მწვანე პასპორტის“ იდეის გაბაიბურება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და თქვას, რომ ყელი სტკივა, სიცხე აქვს და ა.შ. ვინ შეამოწმებს, რომ რეალურად ასე არ არის? „მწვანე პასპორტის“ იდეა ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ვაქცინირებული. ასეთი გამონაკლისების შემოტანა მწვანე პასპორტისთვის აზრს კარგავს.
ყოველდღიურად რეკორდული მატება ფიქსირდება და როგორც პროგნოზირებდით თქვენც და ყველა სხვა ექსპერტი, უკვე ათი ათასსაც გადააჭარბა დაავადებულთა რიცხვმა. პანდემიის რა ტიპის მართვაც ახლა გვაქვს, შეესაბამება თუ არა მოცემულ სტატისტიკას?
- ახლა რა მართვის სისტემაზეც ვიმყოფებით, ამას ქვია „თავში ქვაც გიხლიათ“ და როგორღაც გადავაგორებთ. როგორც ჩანს, ტესტებიც ძვირი უჯდებათ, ამიტომაც პანდემიის მართვას ხალხის სინდისის ამარად ტოვებენ. „პი-სი-არ“ ტესტი მხოლოდ 20 000-მდე იყო გაკეთებული. შესაბამისად, ვიცით, რომ პირველადი ტესტები „ომიკრონს“ ვერ აფიქსირებენ. ამიტომ გამოდის, რომ სტატისტიკა კიდევ უფრო სავალალო გვაქვს, ვიდრე რეალობაა. ე.წ. ონლაინ კლინიკები საერთოდ არ მუშაობენ. ოჯახის ინსტიტუტი საკმაოდ სავალალო სიტუაციაში იმყოფება. ჩვენთან ამდენი გარდაცვლილი იმიტომ გვყავს, რომ პაციენტების კლინიკაში გადაყვანა გვიან ხდება. ეს რისი ბრალია? იმის, რომ პირველადი ჯანდაცვა არ მუშაობს. ისრაელში ორი დღის წინ გარდაცვლილი ავადმყოფი კოვიდით საერთოდ არ ჰყავდათ. ჩვენთან კი ყოველ დღე სიკვდილიანობა გვაქვს.
როგორც საკორდინაცია საბჭოს სხდომის შემდეგ გაირკვა, ძირითადი პასუხისმგებლობა პირველად ჯანდაცვას და ოჯახის ექიმებს ეკისრებათ. ანუ ამისთვის ისინი მზად თუ არ არიან, რა სიტუაცია შეიძლება მივიღოთ?
- არ არიან მზად და 2 წლის განმავლობაში ამის გამოსასწორებლადაც არაფერი გაკეთდა. „ომიკრონი“ ასეთი მარტივი შტამი არ არის. ძალიან რთულ პოსტკოვიდურ სიმპტომებს ტოვებს. ასე ნუ მივუდგებით, რადგანაც მარტივი არ არის, პირველადი ჯანდაცვა არ მუშაობს, ტესტებზეც უარს ვამბობთ. კლინიკები გადატვირთულია და ექიმები გადაიწვნენ. ძალიან ბევრი ექიმი ისევ დაავადდა. ეს პოპულაციური იმუნიტეტი არ მუშავდება, რადგანაც მე-4 თვეს შესაძლოა კიდევ დაავადდე. ამიტომ არის ვაქცინაცია საჭირო, რომ ადვილად გადაიტან.
ვირუსი ბავშვებშიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და როგორც კვლევებმა აჩვენა, საკმაოდ მძიმე გულის დაავადებებს იწვევს. თქვენ რა რეკომენდაციას გასცემდით, სწავლა უნდა შეჩერდეს?
- არ ვარ იმის მომხრე, რომ განათლების სისტემა ისევ ონლაინ სწავლაზე გადაერთოს. თუმცა სკოლებიც არ არიან იმისთვის მზად, რომ ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა მოხდეს. ელემენტარული ცხელი წყალი და სადენზიფექციო ხსნარის უზრუნველყოფა ვერ შევძელით. აღარ ვამბობ იმას, რომ მასწავლებლების უმრავლესობა უნდა აგვეცრა. დამლაგებლები და მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ჩათვლით. ასევე პირბადეები ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა შეიცვალოს. თუკი ასეთი პირობების დაცვა ზედმიწევნით მოხდება, სწავლის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შესაძლებელი იქნება.
არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, გაზაფხულზე კიდევ ახალი შტამი გავრცელდეს. თქვენ რას ფიქრობთ და რამდენად შეიძლება ეს უფრო ძლიერი მუტაციით მოხდეს?
- როდესაც მეკითხებიან რა იცის მეცნიერებამ კოვიდზე, ვამბობ, რომ ოდნავ მეტი, ვიდრე არაფერი. გამოჩნდა „ომიკრონი“, რომელსაც დაფარული დაარქვეს. მას სწრაფი „პი-სი-არ“ ვერ იჭერს. შესაბამისად, რა მოხდება და როგორი მუტაციით შეიძლება გაზაფხულზე კოვიდი განვითარდეს, არავინ იცის. იმის თქმა, რომ „ომიკრონია“ და კოვიდი დასუსტდა, სწორი მიდგომა არ არის. ეს იმ ქვეყნებში დასუსტდა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია. ბრიტანეთში მოსახლეობის 67% უკვე ბუსტერ დოზით არის ვაქცინირებული. ამიტომ ჩვენ ნუ ველოდებით, რომ როგორც მსოფლიოში განვითარდება, იგივე სიტუაცია ჩვენთანაც იქნება. ვაქცინაცია და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ჩვენთან მოშლილია. საფრანგეთში ქუთაისში რა რაოდენობის ადამიანებიც ცხოვრობენ, იმ რაოდენობის ხალხი დაინფიცირდა, მაგრამ ამან პანიკა და პრობლემა არ გამოიწვია, რატომ? იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სამჯერ არის აცრილი.
ფიქრობთ თუ არა, რომ რაც უფრო გაიზრდება ინფიცირების რაოდენობა, რეგულაციების გამკაცრება უნდა მოხდეს?
- რეგულაციების აღსრულება ვერ ხდება, ამიტომაც სიტყვიერად კიდევ რაღაცეების გამოცხადება საჭირო არ არის. ის რეგულაციები რაც გვაქვს, რომ სრულდებოდეს, ამხელა გავრცელებაც არ გვექნებოდა. თუკი ნიღბის ტარების პროცენტი მაღალი იქნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დავამატებთ, ასევე რეგულაციები გაკონტროლდება მასობრივი თავშეყრის ადგილებში, საჭირო არაფერი არ იქნება. ამის პარალელურად კი ოჯახის ექიმების დატრენინგება და ამ ინსტიტუტის მაღალ დონეზე გამართვა უნდა მოხდეს. არავინ აკონტროლებს ექიმს, პაციენტს დაურეკა თუ არა. ამიტომ დამატებით რეგულაციები და ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალი არ იქნება.