„რუსეთმა მთელი ეს ხმაური ატეხა იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიოს დიპლომატიურ მაგიდაზე“

„რუსეთმა მთელი ეს ხმაური ატეხა იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიოს დიპლომატიურ მაგიდაზე“

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთი შეაშფოთა და არ გამორიცხავენ, რუსეთის უკრაინაში შეჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. თავის მხრივ, მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს. ამის მიუხედავად, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო-ს მოკავშირეებს შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავთ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებს, ასევე გამანადგურებლებს გზავნიან შეკავების, თავდაცვის გასაძლიერებლად.

როგორც ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, დანია ბალტიის ზღვაში ფრეგატს, ლიეტუვაში კი F-16 ტიპის ოთხ გამანადგურებელს გზავნის, ესპანეთი ნატო-ს საზღვაო ძალებისთვის გემებს აგზავნის და ბულგარეთში გამანადგურებლების გაგზავნის გეგმას განიხილავს. ასევე, საფრანგეთმა რუმინეთში შეიარაღებული ძალების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვა, ნიდერლანდები ბულგარეთში აპრილიდან F-35 ტიპის ორ გამანადგურებელს გაგზავნის. აშშ კი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდას გეგმავს.

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით.

„კონფლიქტის რისკი რეალური რჩება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. ნატო თავდაცვითი ალიანსია, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და არც ერთ სხვა ქვეყანას, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი ყველა მოკავშირის დასაცავად. ნატოს მოკავშირეები მზად არიან, ჩაერთონ დიალოგში, თუმცა ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები. ნატოს კარი ღია რჩება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, ნატო-მ გაზარდა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების განთავსებით. მზარდი სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ესტონეთი უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს უახლოეს მომავალში მიაწვდის. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდების ნებართვა მისცა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნატო-ს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული რუსი სამხედროების მიერ. მისი თქმით, უსაფრთხოების სფეროში დაძაბულობის ზრდას ასევე უწყობს ხელს ის „ინფორმაციული ისტერია“, რომელიც აშშ-მა და ბლოკში მისმა მოკავშირეებმა საჯარო სივრცეში წამოიწყეს.

„რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, ჩვენ ვხედავთ თქვენთან ერთად განცხადებებს, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქვეყნებს კონტინგენტის გაზრდისა და ძალებისა და საშუალებების აღმოსავლეთ ფლანგზე კონცენტრირების შესახებ. ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ დაძაბულობა იზრდება. ასეთი ქმედებები და ნატოს გაზრდილი აქტივობა ჩვენს საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული ჩვენი სამხედროების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი მიიჩნევს, რომ პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა, საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა და სომხეთი - მას თავისი იმპერიის დაბრუნება სურს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მოწოდებები ნატო-ს მიმართ, უარი თქვას 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცემულ დაპირებაზე, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, ყალბი საბაბი იყო რუსეთის პრეზიდენტის „რევანშისტური კამპანიისთვის“.

„ის არის ადამიანი, რომლის სამყაროც 1989 წელს დაინგრა. ნატო რასაც არ უნდა დათანხმებოდა, პუტინი ისევ ისეთივე პუტინი იქნებოდა. ახლა უკრაინის საკითხზე დათმობა არასწორი გზაა, რადგან ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ პუტინის მადა არ გაიზრდება. პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას უნდა თავისი იმპერიის დაბრუნება“, - განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.

მიუხედავად საბძოლო რიტორიკისა, რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ ჩქარობს. დაიწყება თუ არა ომი, ეს დიდწილად დამოკიდებულია როგორ დასრულდება სერგეი ლავროვისა და ენტონი ბლინკენის მორიგი შეხვედრა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ იქნება უკრაინაში „მცირე შეჭრა“ თუ არ იქნება, სცენარი მზად არის და მდგომარეობს შემდეგში - „მინსკის შეთანხმების“ მიხედვით, დონბასი მიიღებს სპეციალურ სტატუსს.

„დონბასი აუცილებლად მოითხოვს ვეტოს უფლებას უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში გაწევრიანებაზე. ეს ყველაფერი გაიწერება უკრაინის კონსიტუტციაში. რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს: აღდგება უკრაინის იურისდიქცია დონბასზე, სადაც ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები; უკრაინის ნატო-ში წევრობაზე დონბასს ექნება ვეტო-ს უფლება; ნატო არ გამოაცხადებს, რომ ის არ გაფართოვდება და შეინარჩუნებს სახეს; შეწყდება საომარი მოქმედებები; აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა (ყირიმის გარდა - ცალკე მოლაპარაკებას საჭიროებს) დაბრუნდებიან დევნილები უსაფრთხოების გარანტიებით;

რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარ სამხედრო უსაფრთხოებას უკრაინის მიმართულებით და მიიღებს რამდენიმე მილიონ პრორუსულ ამომრჩეველს უკრაინის საარჩევნო პროცესში.

ახლა ჩვენ ვაკვირდებით უკრაინაზე ორმხრივ პრესინგს ამ სცენარის რეალიზებისთვის, რომლის ალტერნატივა არის უკრაინის დაშლა ენის მიხედვით და კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. უკრაინის დაშლა, კვლევების მიხედვით, არც ერთი ენის ჯგუფს არ სურს. ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ძალზედ დაბალია ალბათობა იმის, რომ რუსეთი სერიოზულ საომარ მოქმედებებს დაიწყებს, რადგან ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის 1,4 მეათედ პროცენტს ფარავას მხოლოდ, ბრძოლა გამოუცხადოს ისეთ ქვეყანას, რომელიც 51%-ს ფარავს, ცოტა არარელისტურია. მისი თქმით, ამ სამხედრო რიტორიკის ფონზე, რუსული აქციები დაეცა და საერთო ჯამში რუსულმა ბიზნესმა ორ ნახევარი ტრილიონი დაკარგა.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ საომარი მოქმედების შემთხვევაში ამერიკა რუსეთს პირდება, რომ სპეციალურ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის ეკონომიკის დასანგრევად, ალბათ, ძალიან დიდი რისკია რუსეთისთვის ომის დაწყება. თავი დავანებოთ იმას, რომ ზოგჯერ ეკონომიკას სჭირდება ომი, აქვს რუსეთს იმის საშუალება, რომ თანამედროვე ეკონომიკურ მოთხოვნებს გაუძლოს, როცა რამოდენიმე მილიონი იხარჯება ერთ გასროლაშიც კი? ამ კითხვის ნიშნების ფონზე, მიჩნდება ეჭვი, რომ უკრაინის აღება არ უნდა იყოს რუსეთის მიზანი.

თავი, რომ დავანებოთ საბჭოთა კავშირის აღდეგნას, რაზეც ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბრძანა, ეგ საერთოდ არარეალისტურა ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ბრძოლის გარდა, რუსეთს სხვა არაფრით არ გამოუვლენია საბჭოთა კავშრის აღდგენის ტენდენცია, მაშინაც კი, როდესაც ბელორუსია თვითონ მიიწევდა რუსეთთან გაერთიანებისკენ, ანალოგიურად სომხეთი და ა.შ.

რუსეთმა თავის დროზე დაანგრია საბჭოთა კავშირი ეკონომიკური და სხვა მოსაზრებების გამო. ახლა, საბჭოთა კავშირის აღდგენა რუსეთის ინტერესებში არ არის. მით უფრო, რომ ეკონომიკურად არ არის იმ ძალის, რომ ხელახლა არჩინოს 15 რესპუბლიკა. ჩემი აზრით, რუსეთმა მთელი ეს ხმაური ატეხა იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიოს დიპლომატიურ მაგიდაზე. ძალიან ხშირია, როცა თუ გინდა დიპლომატიურ მაგიდაზე დამთმობი გახადო მოწინააღმდეგე, გარედან აწყობ სამხედრო მანევრებს და სამხედრო ძალით იღებ დიპლომატიურ დათმობებს, რაც ხშირი მოვლენაა“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, რჩება კითხვის ნიშანი - რა ხდება უკრაინის თემის გარშემო? ის, რომ უკრაინასთან რუსეთი ომს არ დაიწყებს, ეს ცხადია, მაგრამ იარაღის ჟღარუნის ფონზე რისი მიღწევა უნდა რუსეთს, აი, ეს არის ბუნდოვანი.

„ვნახოთ, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი როგორ დასრულდება. რუსეთმა უარი არ თქვა მოლაპარაკებაზე. იმედია, შემდეგი რაუნდები ცოტათი მაინც ახდის ფარდას იმას, რა ხდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მარტივი ვერსიაა, რომ რუსეთი დაიპყრობს უკრაინას, რაც გაუგებარია. რატომ უნდა მთელი უკრაინის დაპყრობა, როცა ხელში უკავია უკრაინის ბედ-იღბალი, როგორც საქართველოსი - კერძოდ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით?

რა მოითხოვა რუსეთმა? - მოითხოვა ნატოს არგაფართოება. არ ვარ დარწმუნებლი რამდენად რეალისტურია რუსეთის ეს მოთხოვნა. რუსეთი კარგად ხედავს, რომ ნატო არ ჩქარობს საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას და გვეუბნება, რომ კარებთან იყავითო. ამ დროს რუსეთი იძახის, რომ არ გააფართოვოთო. თითქოსდა დასავლეთმა იცის რუსეთის ეს პოზიცია და ცდილობს არ გააღიზიანოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.