საქართველოში კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოიტანენ. ეს მაშინ, როცა ჩიპები ჩვენს ქვეყანაში 2022 წლიდან ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო და მცირეოდენი ზომის მიკროსქემის იმპლანტაცია ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის უნდა მომხდარიყო.
როგორც ქართული კომპანია „აიპლიუსის“ ხელმძღვანელი კახა სეფიაშვილი აცხადებს, ჩიპებს პასპორტის, საკრედიტო ბარათის, სახლის გასაღების ფუნქცია უნდა შეეთავსებინა.
იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპი უნდა შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში. უკვე მარტიდან კი ამ სერვისით მომსახურება იქნებოდა შესაძლებელი. ჩიპი უნდა დამაგრებულიყო მარჯვენა ან მარცხენა ხელის ცერა თითთან კანქვეშ და მისი საშუალებით უნდა დამონტაჟებულიყო სპეციალური დაცული მოწყობილობები ბინაში, საპარკინგე ადგილას, სამსახურში, მანქანის საკეტზე. ამით შესაძლებელი იქნებოდა ყველა კარის გაღება უბრალოდ ხელის ახლოს მიტანით და კანქვეშ „ჩაშენებული“ უნიკალური კოდის მეშვეობით. აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას იძლეოდა გასაღებები ხელით ან ჩანთით აღარ გვეტარებინა. ეს ყველაფერი ხდებოდა პაროლების შეყვანის და სმარტფონების გამოყენების გარეშე. ჩიპები დაახლოებით მაგიური ფრაზის - „სიმ-სიმ ატკროისა“- ს ვარიანტი იყო.
შვედეთის შემდეგ საქართველოში პირველად უნდა დანერგილიყო ჩიპის ტექნოლოგია, რასაც უნდა გაემარტივებინა ყოველდღიური ცხოვრება. შვედეთში ამ ტექნოლოგიას უკვე 30 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. ჩიპი დაპროგრამებულია RFID მარტივი სისტემით, თუმცა ფლობს შესაძლებლობებს სახელმწიფო და საბანკო სერვისების გამოყენების თვალსაზრისით. საქართველოში შემოტანილ ჩიპებს კი შეზღუდული შესაძლებლობები ექნებოდა.
ქართული კომპანია „აიპლიუსი“ თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ამ ტექნოლოგიებს საქართველოში მიმდევრები გამოუჩნდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მათ შვედურ Biohax International-თან კონტრაქტის გაწყვეტა მოუწიათ, რომელსაც საქართველოსთვის ჩიპები უნდა მიეწოდებინა.
მიუხედავად იმისა, რომ „აიპლიუსი“ ამტკიცებს, რომ ჩიპებს არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან და ეს თანამედროვე ტექნოლოგია მხოლოდ კომფორტს და უსაფრთხოებას ემსახურება, საქართველოს მოქალაქეები ჩიპებს რელიგიური კუთხით უყურებენ. „აიპლიუსი“ არც მალავს, რომ შვედურ კომპანიასთან კონტრაქტი სწორედ იმის გამო გაწყვიტეს, რომ საქართველოში ჩიპებს რელიგიურ დანიშნულებას ანიჭებენ.
კანქვეშა ჩიპების მწარმოებელი შვედური კომპანია თავის საქმიანობას იმითაც ამართლებს, რომ დედამიწაზე ყოველდღიურად მხოლოდ ავტოავარიით საშუალოდ 4100 ადამიანი, ხოლო ყოველწლიურად 1,5 მილიონი ადამიანი იღუპება, ამ ადამიანებს ჩიპი რომ ჰქონდეთ ჩამონტაჟებული, მინიმუმ 30- 40% გადარჩებოდა, რადგან უსწრაფესად მიიღებდა სამედიცინო პერსონალი ინფორმაციას პაციენტის სისხლის ჯგუფის, წნევის, ტემპერატურის, გულისცემის, წარსულში ჩატარებული ყველა სამედიცინო პროცედურის, ალერგიის შესახებ. ამ ინფორმაციების მომენტალური მიღება კი ადამიანს გადაარჩენდა.
დამოუკიდებელი ექსპერტი, მედიკოსი მარინა ბერაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო შვედეთისგან ბევრი რამით განსხვავდება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შვედეთისგან განსხვავებით, სადაც 30 ათასზე მეტი ადამიანი იყენებს ჩიპის ტექნოლოგიას, ჩვენი მოქალაქეები ჩიპების გასაკეთებლად მზად არ არიან და ამის მიზეზი მხოლოდ რელიგიური გრძნობები არ არის.
„ცხადია, რელიგიური თემა ერთ-ერთი უმთავრესია, მაგრამ არა ერთადერთი. ზოგადად, ჩიპების ტექნოლოგიის გამოყენებით სარგებელი რაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი. ანუ ჩიპები სრულიად გამოუსადეგარი იქნებოდა ჩვენთვის, ეს იქნებოდა ჩიპი, რომელსაც ვერ ვიყენებთ“, - აღნიშნა მარინა ბერაძემ და, შეკითხვის საპასუხოდ, „ჩვენს მოსახლეობას უჩნდება შიში, თუკი რეაქციულმა ჯგუფებმა ჩაიგდეს ხელში ეს შვედური კომპანია, მათ შეეძლებათ ადამიანების მართვა დისტანციურად?“, გვპასუხობს: „ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, უბრალოდ, მე თვითონ არ მესიამოვნება, მქონდეს რაღაც ჩადგმული უცხო სხეული, მირჩევნია, ჩანთაში მედოს საბუთები, ვიდრე კანში მქონდეს ჩაყენებული ჩიპი. მით უმეტეს, მე არც ბოტოქსი მაქვს გაკეთებული, არც არაფერი“.
მედიკოსის თქმით, ჩვენს მოსახლეობას გაცილებით სხვა პრობლემები აწუხებს, ვიდრე ის, რომ ჩიპის მეშვეობით მარტივად გააღოს მანქანის ან სახლის კარი და გასაღები არ დასჭირდეს.
თეოლოგი ლევან აბაშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პირველად ესმის კანქვეშა ჩიპების არსებობის შესახებ, ან იმის შესახებ, რომ ჩიპი საერთოდ აუცილებელი იყოს ადამიანისთვის.
„ყველგან არიან ასეთი ადამიანები, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, სადაც გეტყვიან, რომ ჩიპი ანტიქრისტეს ნიშანია. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ არის“, - ამბობს ლევან აბაშიძე.