თბილისის ზღვის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“, სადაც 140 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, გაუსაძლისი პირობებია. იქ მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აქციებსაც მართავდნენ. საპროტესტო გამოსვლები ტრაგიკული შემთხვევის გამო შეწყდა - 16 იანვარს სანატორიუმში მცხოვრებმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, დევნილები აქციების განახლებას დღეიდან აპირებენ.
ხელისუფლება სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვებ დევნილებს ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. როგორც for.ge-ს თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ამავე რაიონის ყოფილმა გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ განუცხადა, დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. თუმცა, ხელისუფლების შეთავაზებაზე სანატორიუმში მცხოვრები ოჯახები უარს აცხადებენ.
სანატორიუმ „ქართლში“ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სანატორიუმში მცხოვრები დევნილები 24 იანვარს აქციების განახლებას აპირებენ. ბატონო ირაკლი, თქვენ, როგორც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ხომ არ აპირებთ მათთან შეხვედრას?
- პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ძალიან ვწუხვარ. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგებელი გახლდით, ჩემთვის ცნობილი იყო ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების პრობლემები და რამდენჯერმე შევხვედრივარ ამ ადამიანებს. გამგეობის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებდით ამ ოჯახების მდგომარეობის შესამსუბუქებლად - ეს იქნებოდა სოციალური დახმარება თუ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები, მაქსიმუმი კეთდებოდა. ასეა ახლაც - ნაძალადევის რაიონის ახალი გამგებელი, ირაკლი ანდღულაძე და გამგეობის სრული შემადგენლობა ყველანაირად გვერდში უდგას დევნილ ოჯახებს. ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოლაპარაკების პროცესში მუდმივად ჩართული იყო პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.
როგორ აპირებთ მათი პრობლემის მოგვარებას? გამოასახლებთ იქ მცხოვრებ დევნილებს? ისინი მედიასთან აცხადებენ, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება და არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომ შენობა ავარიულია?
- როგორც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, რა თქმა უნდა, ძალიან მაწუხებს მათი მთავარი პრობლემა - ბინებით დაკმაყოფილების საკითხი. მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეხება. ამ პრობლემას ვერ გადავჭრით მაჟორიტარი დეპუტატები და გამგეობა, თუმცა ჩვენ მუდმივად ვიყავით და ვიქნებით ჩართული მოლაპარაკების პროცესში. ბოლო ინფორმაცია რაც მაქვს, სამინისტრო დაპირდა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს, რომ 2022 წელს ახალ საცხოვრებელ ფართებს უპირობოდ მიიღებენ. მჯერა, რომ ეს პირობა აუცილებლად შესრულდება და მინდა მოვუწოდო დევნილ ოჯახებს, მიიღონ სამინისტროს შეთავაზებები. კონსტრუქციული დიალოგისა და მოლაპარაკების გარეშე ამ ადამიანების პრობლემა ვერ მოგვარდება.
ხელისუფლების მხრიდან იყო შეთავაზება რომ ისინი გასულიყვნენ სხვა შენობაში. მათი მხრიდან უარი რატომ იყო?
- დიახ, ქირით გაყვანის შესახებ იყო შეთავაზება როგორც გამგეობის, ისე სამინისტროს მხრიდან. უარის მიზეზს ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა მოსახლეობა ამბობდა, რომ ქირის თანხას სახელმწიფო მათ მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გადაუხდიდა. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდებოდა, ქირის თანხის ანაზღაურება იმ დრომდე იქნებოდა უზრუნველყოფილი, სანამ დევნილები ბინებით არ დაკმაყოფილდებოდნენ. აღნიშნული შეთავაზება სამინისტროს მხრიდან დღესაც ჟღერდება, თუმცა მოსახლეობა ქირით გაყვანაზე უარს აცხადებს.
თქვენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყავით და ბინებთან დაკავშირებით მომართვიანობა სანატორიუმში მცხოვრები დევნილების მხრიდან რამდენად დიდი იყო, რადგან ოპოზიცია აპელირებს რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და იქ მცოხვრები მამაკაცის გარდაცვალებასაც ხელისულებას აბრალებს?
- ოპოზიციას მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ არ შეიძლება ყველაფრით პოლიტიკური ქულების დაწერა... ყველა თემით მანიპულირება უბრალოდ უხერხულია.
ადგილობრივ მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნოს მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. მზად ვარ ყველა ფორმატში ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში. აქვე მოგაწოდებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციას:
სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, „ქართლში“ მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა:
- დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში.
- დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან დევნილი ოჯახების გამოყვანის და მათი უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით, დევნილთა სააგენტომ გადადგა შემდეგი ქმედითი ნაბიჯები:
დევნილ ოჯახებს, სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს;
ქირასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება, რომ დევნილ ოჯახებს, ერთი წლის ბინის ქირით უზრუნველყოფენ.
გაიზარდა ბინის ქირის თანხა, რომელსაც დევნილ ოჯახებს სახელმწიფო, გრძელვადიან განსახლებამდე დაუფარავს;
სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს;
მიმდინარე მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მენაშენეთა ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და ამ პროცესის შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის სახით, წერილობით ეცნობება ჩვენს დევნილ მოსახლეობას.