საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრი დავით ზალკალიანი 18 იანვარს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ნატოს პრიორიტეტი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე გადის.
ახლა საქართველო ნატოს უახლოეს სამიტის მოლოდინშია, რომლის გამართვის თარიღიც უცნობია და ეს ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულ ვითარებაზე - შესაძლოა, ნატოს სამიტი დროზე ადრე ჩატარდეს.
რას ელოდება კონკრეტულად ქართული მხარე ნატოს სამაიტისგან, რადენად აკმაყოფილებს საქართველო ნატოს მოთხოვნებს და რა როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყანა უკრაინა-რუსეთ შორის დაპირისპირებაში, for.ge-ს ამ კითხვებს, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი თამარ ტალიაშვილი პასუხობს.
თამარ ტალიაშვილი: უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებიდან გამომდინარე, ნატოს სამიტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა იმისთვის, რომ მოხდეს უმწვავეს თემებზე საუბარი და პოზიციების გაცვლა, რომელიც უკავშირდება რუსეთის უპრეცენდეტო აგრესიას, რომლის წინაშეც ევროპული სამყარო დადგა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ აგრესიის პერიოდში ჩვენი პარტნიორებისგან დიდ მხარდაჭერას იღებს. ამის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან. ასევე მნიშნელოვანი იყო აშშ-ს ელჩის, კენი დეგნანის პარლამენტში ვიზიტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრისას კენი დეგნანმა ცალსახად გააჟღერა, რომ საქართველო უსაფრთხოების ალიანსს შეუერთდება. ამ საკითხზე კი რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ასევე, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებენ, რომ შეასრულოს მასზე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. ეს არის მოცემულობა, თუმცა უნდა ითქვას ამ ეტაპზე მსოფლიო ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე დგას უსაფრთხოების თვალსაზრისით. აშშ-ს შესაბამისი სამსახურები იძლევიან ინფორმაციას, რომ რუსეთის ასი ათასკაციანი შეიარაღებული ფორმირება მზად არის, ყოველ მომენტში შეიჭრას უკრაინაში. ამის გარდა, კიბერთავდასხმები ხდება. ანუ არის ჰიბრიდული ომი,რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჰიბრიდული ომით სურს უკრაინაში დესტაბილიზაცია მოახდინოს.
ვიდრე რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების თემას შევეხებით, ისევ ნატოს სამიტს დავუბრუნდები. აღიშნულ სამიტზე შესაძლოა საქართველომ მაპი მიიღოს?
- ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს გაფართოვებასთან დაკავშირებით ზუსტი ხედვა გვქონდეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღია რჩება და ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ ნატო გაფართოვდება.
რაც შეეხება უშუალოდ მაპს, მაპი არის ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი საშუალება და ეს არ არის მიზანი. მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ნატოში გაწევრიანება. საქართველო თუ რა ხერხით და გზით მივა გაწევრიანებამდე, ამისთვის შეიძლება სხვადასხვა ხერხები იქნას გამოყენებული. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და ეს საკითხი საქართველოს აყენებს სპეციფიკურ მდგომარეობაში. ეს არის ის გამოწვევა და ის სიტუაცია, რომელიც როგორც მოცემულობა, ნატოს წინაშე დგას. თუმცა, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა დაინახა ისიც, რომ აუცილებელია მოკავშირეებთან გვერდით ყოფნა, რადგან რუსეთი ოკუპაციით არ კმაყოფილდება, არ კმაყოფილდება განხორციელებული ანექსიით და მისი ამბიცია სულ უფრო და უფრო მზარდია. საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის და ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელიც ნატოს წევრებმა უნდა მიიღონ.
გასაგებია, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის, თუმცა კონკრეტულად, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს გაწევრიანებისთვის რა მოთხოვნები აქვს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო?
- ყველა შეფასევით საქართველო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ეს კრიტერიუმებია: დემოკრატიული ინდექსები, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების გამოცდილება და ასევე შეიარაღებული ძალების მონაწილეობა მსოფლიო გლობალური უსაფრთხოების დაცვის კუთხით სხვადასხვა მიზნით. საქართველოს ძალიან მაღალი მაჩვენებლები აქვს და ამ მაჩვენებლებით არაფრით არ ჩამოუვარდება მთელ რიგ ქვეყნებს.
რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულ ვითარებასაც შევეხოთ, რომელიც საკმაოდ გამწვავებულია. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მოგვარებას როგორც ევროპა, ასევე აშშ ცდილობს. როგორც პარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრი, თქვენ რაში ხედავთ ამ ვითარებაში საქართველოს როლს?
- პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავდაცვის კომიტეტთან ერთად დახურული ფორმატის შეხვედრები გვქონდა. შესაბამისად, უსაფრთხოების წინა ხაზზე მდგომი უწყებები მობილიზებულია. ასევე ჩვენი დიპლომატიური სამსახური ყველანაირ ზომებს იღებს, რომ რუსეთიდან წამოსული აგრესია შეაკავოს. უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ძალიან აქტიურად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას, თუ რა საფრთხე მიდის რუსეთიდან. იმედს ვიტოვებ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ნატოს ალიანსის მოკავშირეები მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის სუვერენიტეტი და ერთიანობა.
ამომწურავი პასუხი რომ მივიღოთ რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულ ვითარებაში საქართველოს როლზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ორგანოს წარმოამდგნელები უკრაინაში გაემგზავრონ?
- მომავალ კვირას ტარდება საპარლამენტო ასამბლეის სასესიო კვირა და ეს არის სწორედ ის ფორმატი, სადაც ჩვენს დელეგაციას საშუალება აქვს, რომ უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრები გამართონ. ჩვენი მხრიდან უკრაინას მხარდაჭერა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სულ ახლახანს შეიქმნა საკონსულტაციო ფორმატი ნატოს ფარგლებში - ნატო-უკრაინა და საქართველო.