პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ აშშ არასოდეს პირდაპირ არ გაილაშქრებს რუსეთის წინააღმდეგ და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო საქართველო და 2008 წლის აგვისტოს ომი. პოლიტოლოგი თვლის, რომ ბაიდენსა და პუტინს შორის შედგა გარკვეული ტიპის შეთანხმება, - ამერიკა არ ჩაერევა პოსტსაბჭოტა სივრცეში მიმდინარე პროცესებში და ამით ხსნის აშშ-ის პასიურობას ყაზახეთში მიმდინარე პროცესებში. ამის მიუხედავად, რიტორიკა რჩება იგივე - უკრაინა და საქართველო შეიძლება გახდნენ ნატოს წევრები.
for.ge თამარ კიკნაძეს ესაუბრა.
მოვლენები საინტერესოდ ვითარდება ყაზახეთში, სადაც რუსეთმა სრულად აიღო კონტროლი. მოვლენების ქრონოლოგია ადასტურებს, რომ ყაზახეთში მოვლენების ამგვარად განვითარება რუსეთის მიერ წინასწარ იყო ორგანიზებული, რომელიც სამშვიდო ძალების ყაზახეთში შეყვანით უნდა დასრულებულიყო. ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთიდან არ ჰქონდა შესაბამისი მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ბოლო მომენტში დასავლეთი უკან იხევს, რატომ?
თამარ კიკნაძე: მთავარია, პოლიტიკა შედეგით განვსაზღვროთ. შედეგი ის არის, რომ ყაზახეთში რუსეთის კოტროლი გაძლიერდა. ნაზარბაევი და მისი კლანი ჩამოშორდა მმართველობას. ყაზახეთში მიმდინარე პროცესები არც ისე უმტკივნეულო იყო რუსეთისთვის. თუ თვალს მივადევნებთ, ძლიერი იყო ჩინეთის გავლენა, ისევე როგორც თურქეთის, რომელიც თურქულენოვანი სახელმწიფოების თავის ორბიტაზე მოქცევას ცდილობდა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს არენდაში აქვს 11 მილიონი კვადრატული კილომემტრი ტერიტორია. ასე რომ, ეს ქვეყანა არ არის ისეთი უმნიშვნელო. რამდენიმე ხნის წინ ალფავიტი შეცვალეს, რუსული ალფავიტიდან გადავიდნენ ლათინურზე. ესეც რუსული ორბიტიდან განრიდებას ნიშნავდა.
ამის მიუხედავად პროცესები რუსეთის სასარგებლოდ განვითარდა. თავისთავად საინტერესოა, როდესაც უკრაინაში ბოლომდე არ აქვს პოზიციები გამყარებული, საომარ მოქმედებაშია საქართველოსთან, კავკასიის რეგიონში არ აქვს მყარი პოზიცია, სამიზნედ რატომ აიღო ყაზახეთი?
- რუსეთმა ძალიან კარგად განახორციელა თავისი გეგმა ყაზახეთში. ამ გეგმის შედეგიც სახეზეა. მოვლენები ტოკაევის და რუსეთის სასარგებლოდ დასრულდა. ტოკაევი გახდა რეალური პრეზიდენტი. აქამდე ყველა ამბობდა, რომ მმართველობითი სადავეები ძველ პრეზიდენტს ეკავა, მაგრამ ტოკაევმა ჩამოართვა გავლენა და გარდა ამისა, გაძლიერდა რუსეთის გავლენა. მაინც მგონია, რომ ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ბაიდენის და ჩინეთის მმართველის კომუნიკაცია. იცით, რომ ინდოეთში შედგა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი. შემდეგ იყო ბაიდენის და პუტინის კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრებზე შედგა გარკვეული შეთანხმება.
როგორ ფიქრობთ, რა შეთანხმებაზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, უკრაინის ნაწილში რუსეთი რიტორიკას არ ცვლის?
- ჩემი აზრით, ამ შეთანხმების შედეგად პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენის ქვეშ იქნება. გეთანხმებით, რომ უკრაინის ნაწილში რიტორიკა არ იცვლება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკა ეს არის სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კლასტერი. მიუხედავად ამ რიტორიკისა, რომ მაგალითად საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდეს, ეს არ მოხდება. ვფიქრობ, რომ პროსტსაბჭოთა სივრცეზე აღდგება რუსეთის გავლენის სფეროები, ის ისევ დომინანტი ხდება.
ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენებს ისევ რუსეთი იბრუნებს?
- ჯერჯერობოთ ასეთი პირი უჩანს.
როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენებს ისევ რუსეთი იბრუნებს? ამის მიზეზი არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია?
- ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია ამ ყველაფერზე. მე, როგორც სპეციალისტს, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ის, რა თამაშებიც მიმდინარეობდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს იყო გეოპოლიტიკური კოდის წინააღმდეგ მიმართული და არ შეიძლებოდა კარგად დამთავრებულიყო. ჩვენ ამის მომსწრეები ვართ. იმიტომ რომ, რუსეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა და მისი არგათვალისწინება არ შეიძლება. ასევე კარგად უნდა ვიცოდეთ მისი ისტორია, რომ გგონია, რომ ვერაფერს ვერ შეძლებს, ზუსტად ამ დროს მოიქნევს კუდს. ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის პოლიტიკა ყოველთვის მცდარი იყო, იმიტომ რომ ამ კუდის მოქნევაში ყოველთვის ჩვენ ვხვდებით დაზარალებული.
გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკის ჰეგემონიის ციკლი არის დაღმავალი. ამას თვითონ ამერიკელებიც გრძნობენ. პრეზიდენტ ტრამპს მთელი 4 წელი აკრიტიკებდნენ რუსეთთან ურთიერთობისა და ეკონომიკური პოლიტიკის გამო, მოვიდა ბაიდენი და შეეცადა შეეცვალა ტრამპის პოლიტიკა, მაგრამ იძულებული იყო დაბრუნებოდა ტრამპის მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკას, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი დღეს ამერიკას არ აქვს. ეს არის მისი ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი და იძულებულია, ანგარიში გაუწიოს იმ სიტუაციას, რაც დღეს მსოფლიოშია.
ამერიკის ჰეგემონიის დაღმავალი პროცესით შეიძლება ავხსნათ პასიურობა ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
- აშშ, ეს ატომური ქვეყანა არასოდეს პირდაპირ არ გაილაშქრებს რუსეთის წინააღმდეგ და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო საქართველო და 2008 წლის აგვისტოს ომი. იგივე ყირიმის დაკავება რუსეთის მიერ. ვთვლი, რომ აქ გარკვეული ტიპის შეთანხმება იყო და სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებში ასეთი პოზიცია დაიჭირა აშშ-მა და მეორე, შეიძლება უბრალოდ, პოსტსაბჭოტა სივრცეში მიმდინარე პროცესებში არ ერევა. თუმცა რიტორიკა რჩება იგივე, რომ უკრაინა და საქართველო შეიძლება გახდნენ ნატოს წევრები.
ერთია რიტორიკა და მეორეა რეალური ნაბიჯები. ამ ფონზე, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეზე დომინანტი ისევ რუსეთი ხდება, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების?
- ეს არარეალურია და ამ რიტორიკის ფონზე მეშინია, საქართველოში და უკრაინაში არ განვითარდეს რუსების მორიგი აგრესიული ქმედება. ძალიან გასაგებად თქვა პუტინმა - რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. თუ ამ მხირივ რაღაცა მოძრაობები იქნება, რუსეთი უფრო რადიკალურად იმოქმედებს და, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება.
რეგიონში მიმდინარე მოვლენის ფონზე, დადგა დრო, რომ ღიად დაისვას საკითხი - რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების, გაწევრიანების შემთხვევაში რას ვიღებთ და ნატოში გაწევრიანება არის პირდაპირი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით? აქამდე მოვედით მხოლოდ დაპირებებით, რომ გავხდებით ნატოს წევრი, მაგრამ დღემდე ისევ დაპირების პროცესში ვართ და ეს არის რეალობა...
- გეთანხმებით, ეს არის ჩვენი რეალობა. თქვენ იცით, რომ ამის შესახებ ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობ. დღეს არარეალურია საქართველოს ნატოში გაწევრიანება. 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი დასუსტებული იყო, მაშინ შეიძლებოდა გაწევრიანება. დღეს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება საქართველოსთვის ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს. დღეს ვითარება რადიკალურად იცვლება. სამწუხაროდ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მსოფლიო წესრიგს დიდი სახელმწიფოები წყვეტენ. ჩვენ აშშ-ის სატელიტად მოვიაზრებოდით, მაგრამ დრო იცვლება. დიდი სახელმწიფოები ვითარების ცვლილებასთან ერთად გარიგებებს აწარმოებენ და მთავარია, რომ ამ გარიგების პროცესში ჩვენ, ჩვენი ადგილი ვნახოთ და ჩვენთვის სასარგებლო პოზიცია დავიჭიროთ.
როდესაც რუსეთი ფეხს იდგამს პოსტსაბჭოთა სივრცეში, მას აქტიური პოზიციები აქვს უკრაინაში; ვხედავთ რა ვითარებაა აფხაზეთში; აბაშიძის ფორმატი, ისევე როგორც ჟენევის ფორმატი, არ აღმოჩნდა შედეგზე ორიენტირებული. კონფლიქტის დარეგულირების გასაღები რუსეთის ხელშია, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, არ დადგა დრო, რომ დავიწყოთ ამ გასაღების მორგების პროცესი, გადაიხედოს ქართულ-რუსული ურთიერთობა და დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი, ეს იქნება პირდაპირი დიალოგი, თუ სახლხო დიპლომატია?
- როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, შემიძლია ვთქვა, რომ სხვა გზა ამ პრობლემის გადაწყვეტის არ არსებობს. ტერიტორიებს ომის საშუალებით ვერ დავიბრუნებთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობები, ეკონომიკურადაც ძალიან აქტიურია რუსეთი და ყველაზე დიდი გზავნილები შემოდის რუსეთიდან. მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. არსებული სიტუაცია მოითხოვს, რომ დაელაპარაკო რუსეთს, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს საქმე ყოფილიყო ძალიან ცუდად. მას მიზნად არ ჰქონდა საქართველოს ინტერესების განხორციელება. მისი მთავარი დატვირთვა იყო, რომ საქართველოს რუსეთისთვის შეექმნა პრობლემები.
საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ამ პრობლემების ორგანიზებით თვითონ დაზარალდა და თან, ძალიან სერიოზულად. ეს ხომ ჩვეულებრივი ტექნოლოგიური სვლები იყო, როდესაც რუსებს აგინებდნენ, ამ დროს ყველა მათ ინტერესებს ახორციელებდა და ითვალისწინებდა. ამ დროს, დაიწყეს კლიშეების მიყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ნორმალური დიალოგის მომხრე იყვნენ, რაც ჩვეულებრივი პროცესია საერთაშორისო ურთიერთობებში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა კი ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო.
ამიტომ, რასაკვირველია, დიალოგი უნდა აღსდგეს. რაც დიდი ხანი იქნება ეს სიტუაცია, მით უარესია საქართველოსთვის. რუსეთი დიდი სახელმწიფოა და ძალიან წარამტებით ახორციელებს თავის ინტერესებს. ამიტომ, საჭიროა ლაპარაკი. ქართველებმა უნდა მოიფიქრონ ის მატრიცა, რომელიც საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ ამ მატრიციდან. ეს სერიოზული განსჯის, ანალიზის საგანია და ამაზე ლაპარაკი ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. სააკაშვილის გადამკიდე, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, ფაქტობრივად, სავაჭროც კი აღარ დაგვიტოვა - ყველა სტრატეგიული ობიექტი გადასცა რუსეთს. როდესაც ადამიანები ლაპარაკობდნენ, რომ საჭიროა ამ ყველაფერზე დაფიქრება, ლაპარაკი, ვაჭრობა, ამის საპასუხოდ ადამიანები იღებდნენ პასუხს - შენ პრორუსი ხარ, რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხარ და ამ დროს ნაციონალები თავიანთი რიტორიკით, ზუსტად რომ რუსულ პოლიტიკას ახორციელებდნენ.
რეგიონში მიმდინარე მოვლენები გვკარნახობს დიალოგის აუცილებლობას, მაგრამ რა ფორმატი შეიძლება იყოს წარმოდგენილი? ეს უნდა იყოს პირდაპირი დიალოგი, სახალხო დიპლომატია, ხალთა შორის ურთიერთობა, თუ იგივე ეკლესიის ჩართულობა?
- ყველა იმ პროცესით, რაც განვითარდა, უპირველესად დაზარალეული არის საქართველოს მოსახლეობა. დღეს, ალბათ, უმაღლეს დონეზე მზად არ არიან შეხვედრისთვის. უმაღლეს დონეზე შეხვედრას წინ უნდა უსწრებდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ამ ურთიერთობებში საქართველოს ეკლესია ყოველთვის დადებით როლს ასრულებდა, გაიხსენეთ 2008 წლის ომი, მათ შორის გატაცებული საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება და ა.შ. ჩემი აზრით, ჩვენ ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის სახალხო დიპლომატიაც.
ნახეთ, სადამდე მიგვიყვანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ის ადამიანებიც კი, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სიმბოლოებად ითვლებოდნენ, ძალიან ცუდი კუთხით წარმოაჩინეს. საერთოდ, როდესაც ქვეყანა თავის ინტერესებზე ფიქრობს, ასეთ სიმბოლოებს ყოველთვის ინახავს კრიზისული სიტუაციების დროს ვითარების გამოსასწორებლად. მაგრამ სააკაშვილის ამოცანა იყო არავითარი ურთიერთობა არ ჰქონოდა საქართველოს რუსეთთან, რაც შენი გეოპოლიტიკური კოდის წინააღმდეგ იყო.
თუმცა თვითონ ინრაჩუნებდა რუსეთთან ურთიერთობას და ამას ადასტურებს სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა...
- თვითონ ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ სათავისოდ და საქართველოს სამტროდ. სააკაშვილმა ძალიან ცუდი როლი ითამაშა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. ამიტომ, აუცილებელია მისი უარყოფითი როლის შეფასება მოხდეს. წარმოიდგნეთ, რუსეთთან გაქვს ძალიან დიდი პრობლემები და ამ დროს რუსული ენა ამოიღო სწავლებიდან. ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ სკოლებში რუსულ ენას არ ასწავლიდნენ, არავითარი ინფორმაცია არ უნდა მიგვეღო რუსეთიდან. ეს მაშინ, როდესაც შენთვის ყველაზე დიდ, პრობლემურ ქვეყანას წარმოადგენს რუსეთი.
სააკაშვილის მთელი პოლიტიკა იყო იდიოტობა. აწარმოა დესტრუქციული პოლიტიკა, რამაც საქართველოსთვის უარყოფითი შედეგები მოიტანა. ასეთი პოლიტიკა ყოველთვის ცუდად მთავრდება. რუსეთი მეზობელია და არავინ არ გადგამს ამხელა ქვეყანას ამ გეოგრაფიული სივრციდან. პოლიტიკაში არავის არავინ არ უყვარს, აქ საჭიროა პრაგმატული ურთიერთობები. პოლიტიკაში როგორ შეიძლება ვინმეს სიყვარულზე ლაპარაკი!
გავიხსენოთ პალმერსტოუნის სიტყვები - „დიდ ბრიტანეთს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მეგობრები. არის მუდმივი ინტერესები“. თუ შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ, უნდა გამოიყენო იმ მიზნით, რა სიკეთე შეუძლია მოუტანოს შენს ქვეყანას და არა ის, ვის ვინ უყვარს, ან ეჯავრება. მსოფლიოში მიმდინარე ამ ანტირუსულმა პოლიტიკამ წარმატება ვერ ნახა. რამდენი წელია ვიძახი, რომ რუსეთი არიან ძალიან დიდი ქვეყანა და წარმოუდგენელია იგი საერთაშორისო პოლიტიკაში არ გაითვალისწინო.
ძალიან საინტერესო იყო ერდოღანის განცხადება, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს 3+3-ის ფორმატში. თურქეთი არ არის მყარი მოთამაშე, ყოველთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ბოლო მოვლენებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ნატოს წევრი თურქეთი ცდილობს რუსეთთან დაახლოებას. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იქნება საქართველოს ამ ფორმატში მონაწილეობა?
- წარმოიდგინეთ, რომ რეგიონის 6 ქვეყანა თანხმდება და მათ შორის დიდი მოთამაშეები, უცებ საქართველო უარს ამბობს ამ თამაშზე. როდესაც დიდი ქვეყნები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, მათი იგნორირება კარგს არაფერს მოიტანს. ჩემი აზრით, ამ საკითხზე საჭიროა ძალიან სერიოზული ვაჭრობა. შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერში და ყველასთან საჭიროა პოლიტიკური ვაჭრობა. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყანაა და ერთ-ერთი ყველაზე უფრო საკვანძო ქვეყანა. ვანახოთ, როგორ წავა ეს 5 ქვეყანა. არც ისე მარტივია აზერბაიჯანი-ირანის, სომხეთ-აზერბაიჯანის, იგივე თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, ძალიან საიტერესო პროცესები ვითარდება და ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა ვადევნოთ თვალი ამ პროცესებს. აქტიურები უნდა ვიყოთ, დაუშვებელია პასიურობა.
ყაზახეთში განვითარებული მოვლენები რეალური ანალიზის და მოქმედების საფუძველი უნდა გახდეს საქართველსთვის...
- რა თქმა უნდა, ჩვენ სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან, უნდა მივხვდეთ საით მივდივართ. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები, რომელიც გათვლილია დესტრუქციაზე, იგეგმება გარედან. ფაქტია, რომ ეს ქართული პროექტი არ არის. ფაქტია, რომ ქართულ თამაშს არ თამაშობენ. ნებისმიერი დესტრუქცია შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. ამიტომ ძალიან ფრთხილი მოქმედება არის საჭირო და ყოველგვარი დესტრუქცია უნდა იყოს აღმოფხვრილი. ჩვენ გვყავს 30 ვერცხლზე გაყიდული შიდა მეხუთე კოლონა, რომელიც ყველაფერს თავისი კეთილდღეობისთვის აკეთებს, არ უშვებს ურთიერთობის განვითარებას. ამიტომ აუცილებელია დიალოგი, სხვა გადაჭრის გზა არ არსებობს. ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკას, ევროპას, რუსეთს თავისი ინტერესები აქვთ. ამიტომ, შენ შენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედო.