კონკურენტული გარემო და მომხმარებელთა უფლებები ერთბაშად რამდენიმე სახელმწიფო უწყების ინტერესის საგანი გახდა. ბოლოდროინდელმა ფაქტებმა ამ მხრივ ვითარება საგრძნობლად შეცვალა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობის სერვისის გაძვირების გამო მობილურ ოპერატორებთან „კითხვის ნიშნები“ არსებობს.
„ამ თემაზე არის კითხვები ყველა მონაწილის, მათ შორის, მობილური ოპერატორების მიმართ. თუ როგორ მოხდა, რომ ერთ დღეს სამივე მობილურმა ოპერატორმა გადაწყვიტა თავის სადისტრიბუციო პოლიტიკის შეცვლა და ერთ დღეს იდენტური ხელშეკრულებები გაუგზავნეს ყველა მონაწილეს, რაც რეალურად მათი სერვისის გაძვირებას ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
სანამ საქართველოს ეროვნული ბანკი პრობლემის ძირეულად შესწავლას შეუდგებოდეს, მანამდე ზოგიერთმა სახელმწიფო უწყებამ კომპანიებისგან დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვა და კოორდინირებულად მუშაობა წამოიწყო. ეკონომიკის სამინისტრო და ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატი ეროვნულ ბანკზე სწრაფი აღმოჩნდა. ისინი უკვე შეუდგნენ საკითხის შესწავლას.
სწრაფი გადახდის აპარატების მფლობელი კომპანიების ადვოკატის აკაკი ჩარგეიშვილის თქმითვე, მათთვის ცნობილი გახდა, რომ გარდა დემპინგური ფასებისა, „საქართველოს ბანკმა“ „ნოვო ტექნოლოჯის“ მენეჯმენტის წევრი და თანამშრომლები გადაიბირა, რომლებმაც კომპანიიდან კომერციული ინფორმაცია გაიტანეს.
ადვოკატის განცხადებით, „საქართველოს ბანკს“ და „ნოვო ტექნოლოჯის“ ყოფილ ხელმძღვანელს შესაბამისი წერილები დაეგზავნათ, რის შემდეგაც სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა დაიწყება.
ამასობაში ეროვნული ბანკიც სწავლობს სწრაფი გადახდის აპარატების ფინანსურ მდგომარეობასაც, თუ რამდენად რეალურად არსებობს მათი გაკოტრების საფრთხე.
„ასევე ვსწავლობთ რიგი კომერციული ბანკების უფასო შეთავაზებას - ეს არის ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლა თუ დროებითი დემპინგური ფასის შეთავაზება, ფინანსურად უფრო სუსტი კონკურენტის ბაზრიდან გაყვანის მიმართულებით. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება დასკვნა ამ მიმართულებით და კომპეტენციის ფარგლებში გავაკეთებთ რეაგირებას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკი მარტოოდენ ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს კვლევით არ შემოიფარგლა. ქადაგიძის უწყება ზოგადად მომხმარებელთა დაცვის კუთხითაც გეგმავს გააქტიურებას. მაგალითად, მალე, შესაძლოა, ბანკისა და კლიენტის ურთიერთობები საერთო სტანდარტით დარეგულირდეს, რათა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა არ მოხდეს. გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ საბანკო სექტორში უნდა არსებობდეს ძალიან მკაცრი ეთიკის სტანდარტი, რომელსაც ყველა კომერციული ბანკი უნდა იცავდეს.
როგორც დღეს სებ-ის პრეზიდენტმა კომერციული ბანკების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ბანკების მხრიდან დაუშვებელია იმ სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელმაც შესაძლოა, ესა თუ ის პირი შეცდომაში შეიყვანოს.
„საბანკო სექტორი სტაბილურ განვითარებას მაღალ კონკურენტულ გარემოში განაგრძობს. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების შემცირება სახეზეა. ამავე დროს ბაზარზე ჩნდება სულ უფრო ახალი ინოვაციური პროდუქტები. ამ პროცესში კომერციული ბანკები საკმაოდ აგრესიულ სარეკლამო კომპანიას ეწევიან, რაც თავის მხრივ მისასალმებელია.
იმავდროულად, დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ტიპის სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი, რომელმაც შეიძლება მიაწოდოს არასრული ინფორმაცია, ან შეუქმნას არასწორი მოლოდინები. ზუსტად ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზი, ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, არ გამოვრიცხავთ ასევე ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას. საბანკო სექტორში უნდა არსებობდეს ძალიან მკაცრი ეთიკის სტანდარტი, რომელსაც განურჩევლად დაიცავს ყველა კომერციული ბანკი.
მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველა მომხმარებელს, ყურადღებით წაიკითხოს ხელშეკრულება ხელმოწერამდე და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მიმართოს სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებას, სადაც ყველა პრეტენზია იქნება განხილული. აქ საუბარია სამომხმარებლო სესხებზე, ანუ იმ მომხმარებელზე, რომელიც ამა თუ იმ ფორმატით არ არის გათვითცნობიერებულნი სხვადასხვა პროდუქტის თავისებურებებში“, - განმარტავს ქადაგიძე.