საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაუფარავად ადანაშაულებს პრეზიდენტის რწმუნებულებს საბოტაჟში. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა უარს ამბობს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე. სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობდა გუბერნატორები სამუშაო პროცესში ჩაერთო, რომლებიც სამინისტროსთან ერთად არსებულ პრობლემებზე ადგილზე იმუშავებდნენ.
ამის დასტურად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რეესტრი მოიყვანა. აღნიშნული ფონდიდან მუნიციპალიტეტებთან ერთად პროექტების დასაფინანსებლად, პროექტების წარდგენის უფლება პრეზიდენტის რწმუნებულებსაც ჰქონდათ, მაგრამ მითითებულ ვადაში ინფრასტრუქტურის სამინისტროში რწმუნებულების მიერ მხოლოდ სამი პროექტი შევიდა, შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის გუბერნატორებისგან.
შოთა მურღულიას განცხადებით, გუბერნატორებს ჰქონდათ შესაძლებლობა და ვალდებულება, რომ საკუთარ რეგიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ეზრუნათ, მაგრამ გუბერნატორებმა ამ შესაძლებლობაზე უარი თქვეს.
მინისტრის მოადგილემ მარტის თვეში მომხდარი სტიქიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მოსახლეობის რიცხვი მაღალი იყო, ამ პერიოდში სამინისტროსთვის არც ერთ გუბერნატორს არ მიუმართავს.
„გუბერნატორებს ნიშნავს პრეზიდენტი და ისინი როგორც საკუთარი მოსახლეობის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, ისე - მთავრობის. ამიტომ მოვუწოდებთ გუბერნატორებს უარი თქვან ვიწროპარტიულ ინტერესებზე და ცრუ ბრალდებების ნაცვლად საქმე აკეთონ, რომელიც რეგიონებში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას წაადგება“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.
სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს დაგეგმილი არც ერთი პროექტი სამინისტროს არ შეუჩერებია და საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტებში ინფრასტქრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 643 პროექტის დასაფინანსებლად 200 მილიონი ლარი გამოყო.
სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციაში ქვეყნის მაშტაბით დასაქმებულია 450-მდე თანამშრომელი და მათი დაფინანსება შეადგენს 6,5 მილიონ ლარს.
„სამწუხაროა, რომ ამ რესურსის ძირიადი ნაწილი არ ხმარდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას, გუბერნატორები კანონით დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ და და მათი რესურსი, პრაქტიკულად, საბოტაჟის ტიპის საქმიანობისთვისაა გამოყენებული.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში - 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე - სამინისტროს გუბერნატორებმა საკუთარ რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ათჯერ მიმართეს. გუბერნატორებმა არ იზრუნეს, რომ ეს და სხვა პრობლემები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით მოგვარებულიყო იმ წესის მიხედვით, რომელიც დადგენილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
ამის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები, თითქოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სამინისტროს 2013 წელს დაგეგმილი არც ერთი პროექტი არ შეუჩერებია“, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას ლამის ყველა გუბერნატორი ერთხმად გამოეხმაურა. პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილი მურღულიას ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
„იმ პირობებში, როდესაც თავად პრემიერის აღიარებით, ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს და იმ პირობებში, როდესაც საფრთხე ექმნება ბიუჯეტის შესრულებასაც კი, ბუნებრივია, მთავრობა და ამ შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი იწყებს განტევების ვაცის ძებნას, რომ ვიღაცას ეს დაბრალდეს. ამ შემთხვევაში განტევების ვაცად გუბერნატორები შეარჩიეს“, - განაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა.
მან იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებთან დაკავშირებითაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ცდილობდა:
„ეს არის შარშანდელი სტიქიის თემა - ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირადად მე გავუგზავნე არაერთი წერილი იმის თაობაზე, რომ ჩემთვის მოეწოდებინათ სრული სია თანხების მითითებით, თუ რომელ ოჯახს როგორ აუნაზღაურდა სტიქიით მიყენებული ზარალი.
კახეთში ძალიან ბევრ სოფელში კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით ზუსტად აღიწერა თუ არა ზარალი და ხომ არ მოხდა პოლიტიკური ნიშნით ვიღაცისთვის ზედმეტი თანხის მიცემა ვიღაცის კი, საერთოდ გამოტოვება სიიდან. ინფრასტრუქტურის სამინისტროდან პასუხი ჯერჯერობით არ მიმიღია“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ სამინისტროს შარშან ოქტომბერში ლაგოდეხის რაიონში მომხდარი მიწისძვრის გამოც მიმართა და საკითხის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სთხოვა, თუმცა რეაგირება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მისი თქმით, არც ამ თემაზე მოუხდენია.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი კი თვლის, რომ მინისტრის მოადგილემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მისი მიზანია მოხდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის დისკრედიტაცია.
„სინამდვილეში, თუ საქმის არსი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ გურიისათვის მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და არის კომუნიკაცია, როგორც წერილობითი სახით, ასევე სატელეფონო კავშირებით და პირადი შეხვედრებით.
უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ მიერ არაერთხელ გავაგზავნეთ წერილი სამინისტროში, რომელშიც ვატყობინებდით მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ სხვადასხვა გადაუდებელ პრობლემებზე, რომელიც აუცილებლად საჭიროებდა რეაგირებას. ასევე მთავრობის მიერ დადგენილი წესის მიხედვით გაიგზავნა საპროექტო წინადადება, რომელიც ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მიერ იყო მოწონებული, თუმცა არცერთ ამ წერილზე პასუხი არ მიგვიღია“, - აღნიშნა ჩიტაიშვილმა.
სამეგრელო–ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა თენგიზ გუნავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს წერილობითი ფორმით გამოეხმაურა.
„ჩვენი მხრიდან საბოტაჟზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლობაა. გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები რეგიონში ჩამოსვლისას თავს არიდებენ გუბერნატორთან შეხვედრას, ადვილი მისახვედრია, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.
უკანასკნელ პერიოდში რეგიონში სტუმრობისას გუბერნატორთან შეხვედრას თავი აარიდეს მინისტრებმა: ბატონებმა ლევან ყიფიანმა, დავით სერგეენკომ, გურამ ოდიშარიამ და სხვებმა. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მკითხველებმა თავად გააკეთონ დასკვნები, თუ ვისი მხრიდან ხდება საბოტაჟი“, - წერს თენგიზ გუნავა.