მშენებლობაში ყოველგვარი სიახლე უცხოა

მშენებლობაში ყოველგვარი სიახლე უცხოა

სამშენებლო სექტორში კვლავ უძრაობაა. არც ერთი დეველოპერული კომპანია ახალი მშენებლობის წამოწყებას არ გეგმავს. საუკეთესო შემთხვევაში საუბარი მიდის ძველი და შეჩერებული პროექტების დასრულებაზე. კომპანიათა უმრავლესობა კი ვერც ამას ახერხებს.

უმსხვილესი დეველოპერული კომპანიები წელს ახალი მშენებლობის დაწყებას არ გეგმავენ. კომპანია „არსის“ განცხადებით, წლეულს ახალ პროექტებს არ განახორციელებენ, რის მიზეზადაც შესასრულებელ ვალდებულებებს ასახელებენ. მათი განცხადებით, კომპანია 2013 წელს დაწყებული მშენებლობების დასასრულებლად გამოიყენებს.

მაისში ექსპლუატაციაში შევა „არსის“ ვაკის ობიექტი, სადაც ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და დოკუმენტაცია მზადდება. მაისშივე განახლდება დადიანის 7 ნომერში მშენებლობა და წელსვე დასრულდება „ორთაჭალის ტურფას“ ორი კორპუსიც.

დაწყებული მშენებლობების დასრულებაზე აკეთებს აქცენტს მიმდინარე წელს კომპანია „აქსისიც“. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, წელს დაასრულებენ საირმის, ჭავჭავაძის და იპოდრომის მშენებლობების პირველ კორპუსებს. ყველა მიმდინარე მშენებლობა 2015 წლამდე ექსპლუატაციაში შევა და იმ პერიოდისთვის უკვე დაწყებული იქნება მინიმუმ ოთხი ახალი მშენებლობა.

რაც შეეხება რაიმე განსხვავებულ წამოწყებას, ამ მიმართულებით არავითარი სიახლე არ არის, კომპანიების უმრავლესობას არათუ ახალი პროექტებისთვის, არამედ ძველის დასამთავრებლადაც კი არ აქვთ მატერიალური სახსრები. შესაბამისად, გაჩერებული მშენებლობების გაგრძელებას სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი დღესაც ვერ ახერხებს. მათ შორის ბევრი ისეთი კომპანიაა, რომელმაც თავის დროზე პოპულარობის მოპოვება შეძლო. თუმცა, მომხმარებელთა წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებები წლიდან წლამდე გაიზარდა და ეს პროცესი საბოლოოდ რამდენიმე კომპანიის სრული კრახით დასრულდა.

ჯერჯერობით კომპანიების ნაწილი საკუთარ ობიექტებზე მშენებლობების განახლების ვადებს ვერ ასახელებენ. ისინი მოლოდინისა და ფინანსური რესურსის მოძიების პროცესში არიან.

აგვისტოს ომისა და შემდეგ უკვე ეკონომიკური კრიზისის გამო, პრობლემა შეექმნა კომპანია „სასკოს“ და დაწყებული ობიექტების მშენებლობა შეაჩერა. რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ, სამშენებლო კომპანია ძალებს ახლა იკრებს, თუმცა აღებული ვალდებულების შესრულების ვადებს „სასკოში“ ჯერ კიდევ ვერ ასახელებენ.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე, რომელიც პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება. პირველ რიგში, ბანკთან ვაპირებთ თანამშრომლობას, რომ ამ ფინანსური ინსტიტუტის დახმარებით თანხების მოძიება შევძლოთ.

რაც მთავარია, ისეთი დეტალები გამოიკვეთა, რომელიც კომპანიის საქმიანობას ახალ იმპულსს მისცემს. გვაქვს რამდენიმე პროექტი, სადაც საქმიანობა შეჩერებულია. ახლა სახსრების მოძიების პროცესში ვართ, ვიმედოვნებთ, კომპანიის სასარგებლოდ დასრულდება“, - აცხადებენ „სასკოში“.

მშენებლობის განახლების პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო „ოლიმპიურ ვარსკვლავშიც“. კომპანიაში არ ასახელებენ, როდიდან შეძლებენ მშენებლობის განახლებას, თუმცა პროცესის დაჩქარებაზე ღიად საუბრობენ. კომპანიის დირექტორი ზაზა რაზიკაშვილი აცხადებს, რომ მშენებლობის დაწყების პროცესი დროში გაიწელა, მაგრამ შარტავასა და სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტები  იმაზე ადრე განახლდება, „ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია“.

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ შარტავას ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობა, ფინანსური პრობლემების გამო, წლებია შეჩერებულია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კომპანიამ სესხისთვის „ქართუ ბანკს“ მიმართა, თუმცა „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ სესხი ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული. რაზიკაშვილის განცხადებით, მათ განაცხადი 20 მილიონი დოლარის მიღებაზე აქვთ შეტანილი და თანხის მიღებისთანავე, ჯერ „საქართველოს ბანკის“ ძველი დავალიანება იქნება გასტუმრებული, შემდეგ კი შეჩერებული ობიექტების მშენებლობა დაიწყება.