ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უცხოურ მედიაში, ქვეყნის შესახებ გამოქვეყნებულ გარკვეულ პუბლიკაციებს ეხმაურება.
„უცხოურ მედიაში, არაერთი პუბლიკაცია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე აშკარად ზედაპირული და ცალმხრივი ხასიათისაა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
„იმედინიუსი“ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც საქართველოში ყაზახეთის საელჩომ თარგმნა, უცვლელად გთავაზობთ.
„მანგისტაუს რეგიონში და ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა მშვიდობიანი აქციები. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა. თუმცა, ეს ვითარება გამოიყენეს ტერორისტულმა, ექსტრემისტულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც ქალაქ ალმატიში და ქვეყნის სხვა რეგიონებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ყაზახეთი ექვემდებარებოდა შეიარაღებულ აგრესიას საზღვარგარეთ გაწვრთნილი კარგად კოორდინირებული ტერორისტული ჯგუფების მიერ. წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებს შორის არიან პირები, რომლებსაც აქვთ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების „ცხელ წერტილებში“ საბრძოლო მონაწილეობის გამოცდილება. ამჟამად, სამართალდამცავი ორგანოები და ყაზახეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები უპირისპირდებიან ტერორისტებს და არა „მშვიდობიან მომიტინგეებს“, როგორც ამას ზოგიერთი უცხოური მედია დამახინჯებულად წარმოაჩენს.
ამ ვითარებაში, ყაზახეთი იძულებული გახდა დახმარება ეთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან (CSTO), რომელმაც სიტუაციის სტაბილიზაციაში დასახმარებლად სამშვიდობო ძალები გაგზავნა დაახლოებით 2500 ადამიანის საერთო ძალით. სამშვიდობოების მანდატი მოიცავს სტრატეგიული ობიექტების დაცვას და ყაზახეთის სამართალდამცავი ძალების დახმარებას.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ძირითად სამხედრო ოპერაციებს ყაზახეთის სამართალდამცავი უწყებები და შეიარაღებული ძალები აწარმოებენ.
CSTO-ს სამშვიდობო ძალები დროებით ყაზახეთში იქნებიან და ყაზახეთის მხარის პირველივე მოთხოვნით ვითარების დასტაბილურების შემდეგ ქვეყანას დატოვებენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები არ ექვემდებარებიან რაიმე სახის შევიწროებას.
სამართალდამცავ უწყებებს დაევალათ ფართომასშტაბიანი გამოძიების ჩატარება ამ სიტუაციის გამომწვევ მიზეზებზე, რომლის შედეგებიც საერთაშორისო საზოგადოებას წარედგინება.
აღსანიშნავია ყაზახი ხალხის ერთიანობა, მათი მხარდაჭერა პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების მიმართ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენის მიზნით.
ყაზახეთს აქვს გადაწყვეტილი დაიცვას დემოკრატია და კონსტიტუცია ისლამისტი რადიკალებისგან და ტერორისტებისაგან!
სამწუხაროდ, შეტაკებების შედეგად არის ადამიანური მსხვერპლი, როგორც ძალოვან და სამხედრო მოსამსახურეებს შორის, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაში“, - აღნიშნულია გაცხადებაში.
ქვეყანაში 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში, არეულობის შედეგად, 164 ადამიანი დაიღუპა.