ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით მუდმივად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება. ამგვარი ვითარებაა არა მარტო საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც.
მაგალითად, 2 დღის წინ პროექტის შეჩერებაზე განცხადება თურქეთის პარლამენტის ოპოზიციური პარტიის წევრმა, ენსარ ოხუთმა გააკეთა. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა თურქულმა მხარემ გაურკვეველი დროით შეაჩერა“, - აღნიშნა ოხუთმა.
დეპუტატი ამბობს, რომ რკინიგზის მშენებლობა შეფერხდა და ამაზე პასუხს თურქეთის ხელისუფლება აგებს.
„მე ვთხოვ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ მხარეს, უმოკლეს ვადებში ჩაატარონ შეხვედრა და დააჩქარონ რკინიგზის მშენებლობა“, - ამბობს ენსარ ოხუთი.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საკითხები სულ ახლახანს - 17 აპრილს, საქართველო-თურქეთის ერთობლივი კომისიის პირველ სხდომაზე განიხილეს. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ აზერბაიჯანი თანხებს არ იშურებს, რათა პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენმა მეზობლებმა სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისათვის უკვე 775 მილიონი დოლარი გამოყვეს, თუმცა პროექტის დადგენილ ვადებში დასრულება მაინც ვერ ხერხდება.
სხვათა შორის, ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თურქი პოლიტიკოსის მსგავსად ამტკიცებდნენ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგის მშენებლობა შეჩერებულია.
საქართველოს მთავრობა კი ორივესგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში გვირაბის მშენებლობა მაისიდან განახლდება.
„რამდენადაც ვიცი, გვირაბის მშენებლობა მაისიდან უნდა განახლდეს. ის პრობელემები კი, რაც მშენებლობის პროცესში დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში არსებობდა, გადაწყდა. სხვა ყველაფერი კი სამუშაო პროცესია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ დანარჩენ ნაწილზე მშენებლობა ამჟამადაც მიმდინარეობს.
ამასობაში საქართველო ნატოს ავღანეთიდან ტვირთების გადაზიდვას სწორედ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით სთავაზობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ამის თაობაზე ნატოს მინისტერიალზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ISAF-ის შეხვედრაზე მან ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ამჟამად, საქართველო ავღანეთში 1700-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი და 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთში საკუთარ კონტრიბუციას. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავრობის ინიციატივაზე და ალიანსის ავღანეთიდან ტვირთების უკუტრანზიტისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი შესთავაზა.
„ჩვენ ამ საკითხზე ყოველთვის ვსაუბრობთ ნატოელ პარტნიორებთან. პირველად ეს ინიციატივა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. ინტერესი ამ სარკინიგზო მონაკვეთის მიმართ ძალიან დიდია. ამის შესახებ საკუთარ გამოსვლაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა.
ეს არის სამი ქვეყნის ერთობლივი პროექტი, რომელიც ნატოსთვის შეიძლება იყოს საინტერესო. როდესაც 2014 წლის შემდეგ დაიწყება ავღანეთიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა და სამხედრო ტვირთების გამოტანა, ეს არის უმოკლესი და შეღავათიანი გზა. დარწმუნებული ვარ, ეს წინადადება მისაღები გახდება ნატოსთვის“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.