მომხმარებლები და კონკურენტები „ნუგეშის“ ხარისხის წინააღმდეგ

მომხმარებლები და კონკურენტები „ნუგეშის“ ხარისხის წინააღმდეგ

თბილისის მერიის პროექტში გამარჯვებული კომპანიები ერთმანეთს ადანაშაულებენ. თუკი ადრე მხოლოდ მომხმარებელი ჩიოდა ჯიხურებში წარმოდგენილი პროდუქტების უხარისხობაზე, ახლა მსგავსი პრეტენზიები კომპანიებმა ერთმანეთს წაუყენეს.

კომპანია „კოდაში” აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 40 ჯიხური აქვთ ჩადგმული და აღდგომის შემდეგ ობიექტების დამატებას გეგმავენ. ისინი პროექტის კიდევ ერთ გამარჯვებულ „ნუგეშს” კონკურენტად არ განიხილავენ, რადგან „კოდა“ აქცენტს ქართულ ხარისხიან პროდუქციაზე აკეთებს, ხოლო „ნუგეშში” უხარისხო იმპორტირებული პროდუქციაა წარმოდგენილი.

კომპანია „კუმისის” ხელმძღვანელის განცხადებით კი, თბილისის მასშტაბით 4 ჯიხური აქვთ განთავსებული. მისი თქმით, 3 ჯიხურის მუშაობით კმაყოფილია, ხოლო ერთ ობიექტზე შედარებით მცირე გაყიდვებია. „კუმისში“ ამბობენ, რომ პროდუქცია მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასად აქვთ, რადგან თვითღირებულებას დისტრიბუციის თანხა აკლდება, რაც მომხმარებელზე დადებითად მოქმედებს.

„კუმისს“ „ნუგეშის“ ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხზე ყურადღება არ გაუმახვილებია, მაგრამ სამაგიეროდ ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო საუბრობს. ცოტა ხნის წინათ მან „ნუგეშის“ ქსელში ვადაგასული პროდუქციის აღმოჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმარცია.

სააგენტოს თანამშრომლებმა „ნუგეშის“ მაღაზიათა ქსელიდან დიდი რაოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ვადაგასული კვერცხი ამოიღეს. 200 ათას ცალამდე (5535 ყუთი) მოლდავური წარმოშობის პროდუქტი შპს „ნუგეშის“ საწყობში დაილუქა და აიკრძალა მისი შემდგომი რეალიზება.

როგორც თავად მომხმარებლები აცხადებენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ნუგეშის“ ჯიხურებში ხარისხის პრობლემაა. ჯიხურების გამოჩენისთანავე გაჩნდა დაპირება, რომ პროდუქციის შეძენა ქსელში 20-30%-ით იაფად იქნებოდა შესაძლებელი. რამდენიმე დასახელების ნაწარმზე დაბალი ფასი ნამდვილად შენარჩუნდა, მაგრამ ეს მოხდა ხარისხის გაუარესების ხარჯზე. პროდუქტების უმეტესობის ფასი კი სამომხმარებლო ბაზრებისა და სავაჭრო ქსელების ფასის იდენტურია.

ამდენად, „ნუგეშის“ ფასები ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის შეღავათის ფუნქციას ვერ ასრულებენ. მართალია, აქ სურსათი ძვირი არ ღირს, მაგრამ არც იაფია, რაშიც პროექტის ავტორები დაბეჯითებით გვარწმუნებენ.

„ზოგიერთი პროდუქტი მართლა იაფი ღირს, უკმაყოფილებას ამის გამო ვერ დავაფიქსირებ, მაგრამ სურსათი არის უხარისხო. ერთი თვის წინათ მარცვლეული ვიყიდე და თავი ვიწყევლე, იმდენად უხარისხო იყო.

სამომხმარებლო ბაზართან და ზოგიერთ მაღაზიასთან შედარებით, ფასებს შორის დიდი სხვაობა არაა. თუმცა, რადგანაც ეს მაღაზია სახლთან ახლოსაა, იქ მივდივარ. კარგი იქნება, თუ ხარისხს გადახედავენ. ხალხის დაცინვაა, მეტი არაფერი, რომ სიიაფის ხარჯზე უხარისხო და საკვებად თითქმის გამოუსადეგარი ნაწარმი შესთავაზო“, - ამბობს თბილისელი ციალა გულუა.

უშუალოდ „ნუგეშის“ ადმინისტრაცია ჯერჯერობით არც კონკურენტების და არც მომხმარებლთა პრეტენზიაზე კომენტარს არ აკეთებს.