აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც 50 წუთს გაგრძელდა.
როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და გარკვევით აღნიშნა, რომ აშშ და მოკავშირეები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
„ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით, ნატო-ში, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოში. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში“,- ნათქვამია თეთრი სახლი განცხადებაში.
ბოლო 1 თვის განმავლობაში ეს 2 ქვეყნის ლიდერების მეორე სატელეფონო საუბარია. 7 დეკემბერს ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს ვიდეოკავშირის საშუალებით დაუკავშირდნენ. მაშინ მოლაპარაკებები დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.