საკრებულოს ოპოზიცია უგულავას ბიუჯეტს განსაკუთრებით გააკონტროლებს

საკრებულოს ოპოზიცია უგულავას ბიუჯეტს განსაკუთრებით გააკონტროლებს

თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის 83 მილიონი ლარით გაზრდის საკითხი დაამტკიცა. ასეთი ნახტომისებური ზრდა, ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო. ამიტომაც საკრებულოს ოპოზიცია, ხარჯების მკაცრ კონტროლს გეგმავს.

ბიუჯეტის გაზრდას მხარი საკრებულოს 43-მა წევრმა დაუჭირა, თავი მხოლოდ ორმა წევრმა შეიკავა - ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელმა ზაზა გაბუნიამ და ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ ხელმძღვანელმა გულიკო ზუმბაძემ.

ზაზა გაბუნიას აზრით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული. „წარმოდგენილი ცვლილებების პრიორიტეტებს ჩვენ არ ვეთანხმებით. გრძელდება, ტრადიცია, რომ საბიუჯეტო რესურსები ნაწილდება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე. ისეთი საკითხები კი, როგორიც არის ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, კვლავ უყურადღებოდ რჩება, რის გამოც, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ აღნიშნულ სკაითხს“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც საკრებულოს საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი აცხადებს, ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული 83 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე გადანაწილდება, მათ შორის, 10 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შიდა კვარტალური გზებისა და ეზოებში გზის საფარის მოწესრიგებისათვის. 36 მილიონი ლარი კი მოხმარდება დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტს.

„პარლამენტმა შეცვალა კანონი, რის საფუძველზეც, დასუფთავებაზე იქნება მოსაკრებელი და არა გადასახადი. ამდენად, ის უნდა აისახოს ბიუჯეტში. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში 1-ელ ივნისიდან შევა. მანამდე საკრებულოს მაისის სხდომაზე უნდა განისაზღვროს მოსაკრებლის ოდენობა, სავარაუდოდ, ეს სულზე 2,5 ლარი იქნება“, - აღნიშნა შოშიაშვილმა.

ასევე, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამაში გათვალისწინებულ თანხებს დაემატა ავარიული სახლების გამაგრებისთვის და სხვა სამუშაოებისთვის თანხები. ამ მიზნით დაემატა დაახლოებით 9 მილიონი ლარი. შოშიაშვილის განმარტებით, კორპუსის გამაგრების სამუშაოებისთვის შეცვალეს დაფინანსების წესი. დაფინანსების თანაფარდობა იყო 60%-40%-ზე. პროექტის დამტკიცების შემდეგ, ბიუჯეტი სამუშაოების 80%-ს დააფინანსებს, დანარჩენს კი კორპუსების მაცხოვრებლები.

გამოძახებების გახშირების გამო სასწრაფო დახმარების პროგრამას 1,2 მლნ ლარი დაემატება. უფასო სასადილოების პროგრამას კი დაახლოებით 1,7 მლნ ლარი. თბილისის ბიუჯეტი ამჯერად 687 მლნ ლარს შეადგენს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საკრებულოს უმცირესობაში შემავალი ფრაქციები თბილისის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კონტროლს გეგმავენ. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ფრაქცია „თავისუფლება“ სწორედ ამ მიმათულებით იმუშავებს.  ბიუჯეტის ხარჯების მონიტორინგს საკრებულოში შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი განახორციელებს. 

„ჩვენ ვაპირებთ ხარჯვითი პროცესი ვაკონტროლოთ ინტენსიურად. ამიტომაც თქვენგან, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ მინდა მივიღო პოლიტიკური პირობა, რომ ყველა ეტაპზე, ყველა მხარჯველი ინსტიტუტი (იქნება ეს გამგეობა თუ სხვა) მოვა და წარგვიდგენენ ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას“, - განაცხადა გაბუნიამ.

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი კი აცხადებს, რომ საკრებულოს წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ თბილისის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაკონტროლება. „არანაირი პირობა ჩვენგან საჭირო არ არის. შეგიძლიათ იმუშავოთ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან, შეგიძლიათ გააკონტროლოთ ნებისმიერი ლარი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

დეპუტატ ირაკლი შიხიაშვილის ინფორმაციით, საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფი ბიუჯეტთან დაკავშირებით შეკრებას ორშაბათს გეგმავს.