მასობრივი შიმშილობა და საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნები არ ჭრის - სააკაშვილის ციხეში დაბრუნების გადაწყვეტილება მიღებულია. ესაა ხელისუფლების საბოლოო პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში დარჩენა დროებით გადავადდა. როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილს და მის გარემოცვას მისი არათუ რუსთავის N18 დაწესებულებაში გადაყვანა, არამედ ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანა სურს. თუმცა არ აკონკრეტებენ რა სჭირს სააკაშვილს და საქართველოში მისი მკურნალობა რატომ ვერ მოხერხდება.
სააკაშვილის ეტაპირება დროებით გადაიდო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ბადრაგის გამოჩენისას გონება დაკარგა. მიხეილ სააკაშვილი უკვე თვეზე მეტია გორში მკურნალობს.
არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, ამ საკითხზე დეტალურად იუსტიციის მინისტრმა არ ისაუბრა. თუმცა, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მუქარაზე, რომ შესაძლოა, შიმშილობა ისევ დაიწყოს, მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს რუსთავიდან ისევ გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა მხოლოდ დროებით გადავადდა. თუმცა, ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, როდის დატოვებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალს.
სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, უშუალოდ სააკაშვილის მკურნალი ექიმის მიერ არის დადასტურებული წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი.
„მკურნალი ექიმის პოზიციაა, რომ შემთხვევა ჰქონდა წამების შემდგომ სტრესულ მდგომარეობას, რომ მისი რეაბლიტაცია საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ თავისუფლების პირობებში. თუ თავისუფლების პირობებში ეს არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა. ასევე, ის აღიარებს, რომ გადაყვანასთან დაკავშირებით დასკვნა არ იყო შეთანხმებული, წინასწარ იცოდა კონსილიუმმა, რომ გადაყვანის საკითხი დადგებოდაო, მაგრამ უშუალოდ ეს შემთხვევა, რომ ფორმა ასი დაიწერა და უკვე გადაგვყავს დღეს, სახელმწიფო კონსილიუმისთვის ცნობილი არ იყოო. ფსიქონევროლოგიური სტატუსის გარეშე, მხოლოდ ანალიზებით დაიწერა ფორმა ასი. აქვე, ექიმი გვეუბნება, რომ საერთოდ შეუძლებელია რეაბილიტაცია აქაც კიო, და რუსთავის ციხეში როგორაა რეაბილიტაცია და როგორ მოაწერა მაშინ ხელი მის გადაყვანას, გამოუცნობი რჩება. მნიშვნელოვანი საკითხია, რატომ არ ჩამოვიდა სახელმწიფო კონსილიუმის ნევროლოგი. პარალელურად, ლომჯარიას ნევროლოგის ჩამოსვლა ითხოვა და ორივეს პასუხი აქვს გასაცემი. ლომჯარიას ნევროლოგი ინტერესთა კონფლიქტის გამო არ ჩამოვიდა, რადგან საექსპერტო ჯგუფის წევრია, მაგრამ კონსილიუმის წევრი რა უფლებით არ ჩამოვიდა, ჩემთვის გაურკვეველია. უშუალოდ მკურნალი ექიმის მიერ არის დადასტურებული წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი კი ნიკა გვარამიას ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. ნინო გოგორიშვილის თქმით, ნიკა გვარამიამ მას ხელი მოაწერინა ტექსტზე, რომელიც შემდეგ თავად განავრცო.
ექიმის თქმით, მას არ უთქვამს რომ ექსპრეზიდენტი მკურნალობის გაგრძელებასა და რეაბილიტაციას საზღვარგარეთ საჭიროებს, ნიკა გვარამიამ კი, როგორც ნინო გოგორიშვილი განმარტავს, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რის შედეგადაც მან ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.
„28 დეკემბერს პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ნიკა გვარამია გამესაუბრა, თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ იყო გაცემული მოკლე პასუხები. ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით. აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა.
მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემო აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას“, - აცხადებს ნინო გოგორიშვილი.
ანალიტიკოსი დავით ქართველშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა იმდენად არის ზღვარს გადასული, გამოდის ქვეყანაში არც სასამართლო, არც პროკურატურა და არც იუსტიციის სამინისტრო გვაქვს. სააკაშვილის ადვოკატები, ექიმები თუ პარტიის წევრები, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ. ახლა მოიგონეს, რომ ის ქვეყნიდან სამკურნალოდ უნდა გაიყვანონ, თითქოს სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობენ და რასაც ისინი იტყვიან, ის უნდა გავაკეთოთ.
„ნიკა მელიამ, „ემპათიის“ წარმომადგენლებმა, ლომჯარიამ, სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ქვეყნის ინტიტუტების როლი გაინაწილეს და ისინი ადგენენ ექს-პრეზიდენტმა მსჯავრი სად და როგორ პირობებში უნდა მოიხადოს. ხოლო ამ ორკესტრირებული ბოდვის შესახებ კი მთელმა ქვეყანამ რაღაცა კომენტარები უნდა გააკეთოს. პრემიერ მინისტრის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ძალიან მისაბაძია.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისთვის პატიმარ სააკაშვილის თემა დასრულებულია. ეს თემა დღეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სასამართლოს დაქვემდებარებაშია მიმდინარე პროცესები, რომლებიც სხვა ეპიზოდებს ეხება. დიდი ალბათობით, სააკაშვილს მსჯავრი დაუმძიმდება. დანარჩენი ყველაფერი იმის მცდელობაა, რომ საზოგადოება კოლექტიურ პარანოიაში ჩაითრიონ. საზოგადოებამ ამ ფსიქიატრიულ მარაზმში მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას. სხვაგვარად ამ ხალხის ბოდვა და აბსურდის თეატრი უკვე უინტერესო ხდება“,-ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ცხრაათას ხუთასი პატმრიდან ვინც დღეს საქართველოს ციხეში მსჯავრს იხიდის, შეიძლება ცხრაას ოთხასი პატიმარი იქ ყოფნას ვერ უძლებს. ამიტომ რა გავაკეთოთ, ყველა მათგანს პირობები შევუმსუბუქოთ? ქართველიშვილი ამბობს, რომ გვარამიას და მისი ექიმების ინიციატივა სააკაშვილის ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანის შესახებ აბსურდია. მაშინ, გამოდის, საახალწლო ფასდაკლება გვაქვს და მას ციხეში ყოფნის ნაცვლად საზღვარგარეთ დასასვენელბად ვუშვებთ. აბა, სხვა რა სჭირს, მაშინ ამაზე უფორ კომპეტენტურმა და მიუკერძოებელმა ექიმებმა უნდა იმსჯელონ.
„სეილი უნდა გამოვაცხადოთ თუ რა გავაკეთოთ? ამ კაცმა თვისი გარემოცვით უკვე ძალიან შეგვაწუხა. ხომ ხედავენ, რომ არც ამნისტია ცხადდება და პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ჯერჯერობით მის შეწყალებას არ აპირებს. არც ფსიქიატრიული ანალიზის ჩატარების შესახებ შემოდის მოთხოვნა ადვოკატების მხრიდან, რომ კანონმდებლობის მიხედვით დავადგინოთ ეს ადამიანი არის თუ არა ავად და რით არის. ასევე გავიგებდით მის ავადმყოფობას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უზრუნველყოფს თუ არა. არ შეიძლება ამაზე საუბარი პატიმრის პირადი ექიმის პრეროგატივა იყოს, ან რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციების. ადვოკატები არ მიმართავენ სასამართლოს, რომ გავიგოთ ამ კაცს რეალურად რა სჭირს. ისევ ოპოზიციის რაღაცა შიზოფრენიის გზას მივყვებით და არ უნდა გავყვეთ“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.
პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სააკაშვილის სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ გაშვებას არ დათანხმდება. ის for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ასეთ გადაწყვეტილებას ხელისუფლება მიიღებს, მაშინ სააკაშვილს ხელბორკილებით უკრაინას გადასცემენ. სხვა მის ქვეყნიდან გაყვანის სცენარს ხელისუფლება არ დაუშვებს.
„ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ ყველამ ერთად დავისვენოთ, მიხეილ სააკაშვილი ხელბორკილებით უკრაინას გადასცენ. „ოცნების“ ბუნებიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ის სამკურნლოდ და დასასვენებლად ვინმემ ქვეყნიდან გაუშვას. ესაა აბსურდი, რომელიც არ გამოვა. სააკაშვილს ქვეყნიდან თუ გაიყვანენ, პირიქით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ყველა ტაშს დაუკრავს. ქვეყანას სააკაშვილის აქ ყოფნა აზიანებს. შეხედეთ მის გარდა ქვეყანაში არაფერი აღარ ხდება. მთელი ოპოზიცია და მედია მხოლოდ ამაზეა გადაწყობილი.
ხელისუფლებასაც ეს უნდა. ამის მერე არავინ აღარ საუბრობს პანდემიაზე, ეკონომიკურ გაჭირვებაზე, შიმშილსა და ათას უბედურებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამიტომაც სანამ ხელისუფლებას აწყობს, სააკაშვილს როგორც ცოცხალ ლეშს აქეთ-იქით დაათრევენ. უკრაინასაც დიდად სააკაშვილისთვის არ სცალია და ძალიან დიდი პრობლემები აქვს. თუმცა ადრე თუ გვიან, მას სააკაშვილის აქედან გაყვანა მოუწევს. სხვა პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. უკრაინაში სააკაშვილი ძალიანაც არ უხარიათ, მაგრამ უბრალოდ სხვა გზა არა აქვთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.