„მარგველაშვილის პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება იგივე რანგის დეგრადაციაა, რაც გუბაზ სანიკიძემ განიცადა და კიდევ უარესი...“

„მარგველაშვილის პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება იგივე რანგის დეგრადაციაა, რაც გუბაზ სანიკიძემ განიცადა და კიდევ უარესი...“

გიორგი მარგველაშვილს რაც ყველაზე კარგად გამოსდის, ეს ქართული საზოგადოების გაოცებაა. მან მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

მეოთხე პრეზიდენტმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ დაასკვნა, რომ მესამე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის პატიმარია და ამიტომ, თვლის, რომ 3 პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატმა ხალხს უნდა გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ ყოველთვის ვერთიანდებით.

საუბრის დეტალებზე მარგველაშვილმა საუბარი არ ისურვა. თუმცა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არის საქართველო და მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება, შიდა დაპირისპირების თვალსაზრისით, ტემპერატურის დაწევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ არის ინიცირებული, დროული და მხარდასაჭერია.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და ორივემ გამოვხატეთ მზაობა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი. სამი პრეზიდენტის ფორმატმა ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ, ქართველ ხალხს უნდა გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების, საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და ვიქნებით გაერთიანებულები, მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობებს და შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკურ პრეფერენციებსაც“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ექს-პრეზიდენტს აბსოლუტურად ლოგიკურად მიაჩნია ასეთი შეხვედრა. მარგველაშვილს არ ესმის ამ საკითხის მიმართ აღმატებული შეუძლებლობის ხარისხის მინიჭება და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა სრული გახსნილობა ოპოზიციასთან საურთიერთოდ და ბუნებრივია, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრაც კიდევ უფრო ნაკლებად რთულია, ვიდრე იმ ადამიანებთან, ვისაც ამ წუთებში ხვდება.

მარგველაშვილის მსგავსად, სამი პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატი ძალიან ბუნებრივ და იოლ ნაბიჯად მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს. თუმცა, როგორც ნიკა მელია ამბობს, აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

„მიხარია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი და ბატონი მარგველაშვილი არიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ნებაა მხოლოდ და მხოლოდ საჭირო და ვფიქრობ, წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს. ვფიქრობ, უახლოესი მომავალი ამ პროცესის წარმატებას თუ წარუმატებლობას ჩვენ დაგვანახებს - ვგულისხმობ 3 პრეზიდენტის შეხვედრის საკითხს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მარგველაშვილის ინიციატივას არ განიხილავენ მმართველ გუნდში. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ არ უნდა ვიმსჯელოთ იმ ბოდვის მსგავსი განცხადებებიდან, რომელიც მარგველაშვილმა გააკეთა. როგორც ვოლსკი ამბობს, გაუგებარია, რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი ადამიანის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. ამასთან, ვოლსკის თქმით, სამი პრეზიდენტის ფორმატმა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქვეყანას სიკეთე მოუტანოს.

„ვფიქრობ, ასეთი სახის განცხადება არათუ უსაფუძვლოა, არამედ გარკვეულ უარყოფით პოლიტიკურ ნიშანსაც ატარებს, რადგან სააკაშვილის დროს დაინგრა მოლაპარაკების ფორმატები, რომლებსაც ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები რამდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიურად აშენებდნენ, რაც აბსოლუტურად პუტინის ინტერესებში შედიოდა. დესტაბილიზაცია, რომლითაც გვემუქრებიან საქართველოში განახორციელონ, სწორედ რუსეთის ფედერაციის გეგმაა.

აქედან გამომდინარე, არ უნდა ვიმსჯელოთ იმ ბოდვის მსგავსი განცხადებებიდან, რომელიც მარგველაშვილმა გააკეთა. რა პოლიტიკურ მორატორიუმზეა ლაპარაკი, ადამიანის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ეს არ არის საქართველოში შემოღებული რაღაც წესი. მე არ მიმაჩნია რომ პატიმარი სააკაშვილის, სულელური ფორმულებით მოლაპარაკე მარგველაშვილის და სალომე ზურაბიშვილის ფორმატი რაიმეს ისეთს წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნისათვის სიკეთის მოტანა შეუძლია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის პოზიციას იზიარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, სამი პრეზიდენტის შეხვედრის არავითარი ფორმატი არ არსებობს, ეს არის მხოლოდ მარგველაშვილის ფანტაზიაშია. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, არსებობს რაღაცა პროცესი, რომელიც წამოიწყო საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ როგორ დასრულდება ეს პროცესი, ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„კუმ ფეხი გამოყო - ასე არის მარგველაშვილის საქმე. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მიმდინარე პროცესის შინაარსი ლირიულად გასაგებია, ვისაც ამის გაგება უნდა, რომ მოხდეს საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, მისთვის მკაფიო არის პრეზიდენტის განცხადება. სხვა არავითარი ფორმატი და მით უმეტეს პრეზიდენტის, სააკაშვილის და მარგველაშვილის მონაწილეობით, არარეალურია.

რა თქმა უნდა, მოქმედ პრეზიდენტს შეუძლია შეხვდეს მარგველაშვილს, ეს შესაძლებელია, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი ჩავიდეს გორში და შეხვდეს მსჯავრდებულ პრეზიდენტს, ეს ცოტა არარეალურია და ამის არავითარი შანსი არ არის. რომც შედგეს ეს შევხედრა, მაინც არაფერს შეცვლის. სამართლებრივი რეალობა რაც არის, იგივე დარჩება - სააკაშვილი ორ საქმეზე ბრალდებულია, სამ საქმეზე მსჯავრდებულია, ეს რეალობა არ შეიცვლება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მარგველაშვილი, რომელიც 2012 წელს იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი სასტიკი მოწინააღმდეგე, ხშირად ლაპარაკობს არარსებულზე რეალობაზე.

„სააკაშვილი კიდევ უარესია. ყველას გვახსოვს მარგველაშვილი რატომ გახდა პრეზიდენტი. 2012 წელს იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე, სააკაშვილის რეჟიმის სასტიკი მოწინააღმდეგე. ახლა პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და მის წინაააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო დევნიან, იგივე რანგის დეგრადაციაა, რაც გუბაზ სანიკიძემ განიცადა და კიდევ უარესი. გუბაზი გასაგებია, რომ ფინანსურ სარგებელს ღებულობს, მაგრამ მარგველაშვილს რა უნდა, რა სარგებელს იღებს, გარდა იმისა, რომ ცდილობს თავისი ჭია გაიხაროს? ეს არის მორიგი აზრს მოკლებული თავგამოდება, რომ როგორმე რაღაც სივრცეში გაისმას მისი სახელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ეეჭვება, რომ ასეთი შეხვედრა გაიმართოს. მისი თქმით, ცალკე თემაა პრეზიდენტის და მარგველაშვილის შეხვედრა, რომელიც არც არავითარ მოლოდინს არ აჩენს, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტის შეხვედრა პატიმართან, მაშინ როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ეს იქნება არასწორი ნაბიჯი მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან.

„ანუ, პრეზიდენტი ელაპარაკება მსჯავრდებულ/ბრალდებულ ადამიანს, რომლის სასამართლო პროცესი მიდის. რომელ კონტექსტშიც გინდათ იმ კონტექსტში განიხილეთ, ჩემი აზრით ეს არ იქნება სწორი მოქმედება ზურაბიშვილის მხიდან და მეორე მხრივ, ეს გააჩენს შეუსაბამო მოლოდინებს და აჟიოტაჟს გამოიწვევს საზოგადოებაში. თემასაც ვერ ვხედავ, რა თემაზე შეიძლება ლაპარაკობდეს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი და მოქმედი პრეზიდენტი. განცხადებები, რომელიც სააკაშვილისგან და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან კეთდება, არის ლაპარაკი იმაზე, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს მსჯავრდებული პრეზიდენტი.

რას განსაზღვრავს შემდეგში სამი პრეზიდენტის შეხვედრა, რომელშიც არ მონაწილოებს მხარე „ქართული ოცნება“, რომლის ხელში არის შერიგების ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი? დავუშვათ, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა სააკაშვილი, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ „ოცნება“ გაიზიარებს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას! მართალია, ხელს ვერ შუშლის, მაგრამ პრეზიდენტი გადადგამს „ოცნების“ საწინააღმდეგო ნაბიჯს, მაშინ როგორ ჩაერთვება შერიგების და პოლარიზაციის დასრულების პროცესში? ამიტომ, ბევრი კითხვის ნიშანია.

მარგველაშვილ-სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ ისევ გაიმართოს მარგველაშვილ- ზურაბიშვილის შეხვედრა. ანუ, მეოთხე პრეზიდენტი იყოს გარკვეული შუამავალი და ეს დასაშვებად მიმაჩნია. თემა არ ვიცი, მაგრამ ვსაუბრობ ფორმაზე. ჩემი ვარაუდია, რომ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილი მოქმედ პრეზიდენტს შეხვდეს, ვიდრე უცებ გამოცხადდეს, რომ სამი პრეზიდენტი ხვდება ერთმანეთს. ალბათ, ასე არ წავა პროცესი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

trampi გიორგი მარგველაშვილი:........................ სააკაშვილი პუტინის პატიმარია

ვააააააა........... ეს რომ დებილი იყო ვიცოდი მაგრამ ............................................ ესეთიიიიიიიი?
პლიუს ჩათლახიც ყოფილა......................
რომ ჰკითხო კიდევ ფილოსოფოსი ვააარო
ფილოსოფოსი კი არა ეს მართლა ქაჯი. ფალოსიფოსი ყოფილა .....
2 წლის უკან