2021 წლის მიწურულს საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის პოლიტიკაში გააქტიურებამ გამოიწვია საზოგადოების ისეთი „არაყოველდღიური“ საკითხით დაინტერესება, როგორიცაა შიმშილობა. შევეცდები მკითხველს მივაწოდო ცნობილი ავტორების მიერ გამოვლილ-განცდილი, ნანახი და სარწმუნო წყაროებიდან გაგებული ამბები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სხვადასხვა ეპოქაში და პერიოდში მომხდარი როგორც შიმშილობის ფაქტების, ისე საკვები ულუფების სიდიდისა და რაციონის მრავალფეროვნების შესახებ.
დავიწყოთ შიმშილობით:
როგორც ვიკიპედია მოგვითხრობს, შიმშილობა არის პროტესტის ნიშნად გააზრებული უარი საკვების მიღებაზე, იმ მიზნით, რომ ირგვლივ მყოფთ მიმდინარე პროცესის გამო დანაშაულის შეგრძნება აღეძრათ. შიმშილობა არაძალადობრივი ბრძოლის ან ზეწოლის საშუალებაა.
ანუ შიმშილობის ძირითადი მიზანია გამოიწვიოს ზნეობრივი დანაშაულის შეგრძნება და სირცხვილის გრძნობა როგორც იმ პირებში, ვის მიმართაც ხორციელდება ეს აქტი, ასევე გულშემატკივრებში, რათა მათ მეტი აქტიურობა გამოიჩინონ პროტესტის მონაწილეთა მხარდასაჭერად.
შიმშილობის ეფექტურობისათვის საჭიროა სამი რამ:
- დაცული იქნას შიმშილობის პირობები;
- მოთხოვნები ემთხვეოდეს ადამიანის, პირთა ჯგუფის ან ქვეყნის მოსახლეობის ძირითად ინტერესებს და არ ცდებოდეს აღიარებულ ზნეობრივ მორალურ ჩარჩოებს.
- იმ ძალამ, რომლის მიმართაც არის მიმართული ეს შიმშილობა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აქტის მიმართ.
ანუ, იმ შემთხვევაში, თუ დეკლარილებული შიმშილობა დაემსგავსა დიეტას, ან მოშიმშილე შემჩნეული იქნა ჩუმად საკვების მიღებაში, ან შიმშილობის მოთხოვნას სამართალთან და სამართლიანობასთან შეუსაბამო, უზნეო, უფრო ხუშტურისა და კაპრიზის ფორმა და შინაარსი გააჩნია, ვიდრე მორალურად აღიარებული მიზნის, მაშინ პროცესი ფარსის სახეს იღებს და შედეგიც არასათანადოა მოსალოდნელი.
ასევე რთულია წარმატების მიღწევა მაშინაც, როდესაც შიმშილობის ადრესატი აიგნორებს მთლიანად ამ პროცესს და მასზე (შიმშილობის ადრესატზე) ზემოქმედება სხვა ძალასაც არ შეუძლია. მაგალითად შიმშილობები საბჭოთა კავშირის პერიოდში, ან ირლანდიელთა შიმშილობა დიდი ბრიტანეთში 1981 წელს.
ცნობილია შიმშილობის სამი სახე
ჩვეულებრივი შიმშილობა - ნებისმიერი სახის საკვებ პროდუქტზე უარის თქმა - იწვევს შიმშილით სიკვდილს დაახლოებით 2 თვეში;
მშრალი შიმშილობაა - უარის თქმა როგორც საკვებ პროდუქტზე, ისე წყალზე - იწვევს სიკვდილს გაუწყლოვანების გამო დაახლოებით 8-10 დღეში;
ნაწილობრივი შიმშილობა - წყლის, წვენების, ვიტამინებისა და მინერალების მიღება - შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში და ძირითადად ერთგვარ დიეტად ითვლება.
ამერიკელი ისტორიკოსის, კევინ გრანტის კვლევის თანახმად, პროტესტის ნიშნად შიმშილობა პირველად 1897 წელს პეტერბურგის ციხეში გამოცხადდა.
მეცრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის ციხეებში, შიმშილობა პოპულარული და ბრძოლის საკმაოდ ეფექტური საშუალება იყო. მოშიმშილეები საწადელს ხშირად აღწევდნენ, მაგალითად, ვინმე ვალენტინოვი 12-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაათავისუფლეს კიდევაც საპატიმროდან და მან მაშინვე, კმაყოფილმა გასწია შვეიცარიაში ლენინთან, ახალი ინსტრუქციების მისაღებად.
1912-1913 წლებში მოშიმშილეებმა მოახერხეს რეჟიმის შერბილება იმ დროისათვის უმკაცრეს ციხეში - ორლოვის კატორღულ ცენტრალში.
1914 წელს ძერჟინსკის და მის ოთხ მეგობარს, ხუთდღიანი მშრალი შიმშილობის შედეგად, ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილეს.
ფელიქს ძერჟინსკი პატიმრობის დროს
მაგრამ ეს იყო პერიოდი რუსეთის იმპერიის არსებობის მიწურულს, როდესაც მისი ბიუროკრატია იმდენად იყო დაჩაჩანაკებული და ინტელიგენცია გაურკვეველი საკუთარ სურვილებში, რომ სასამართლომ გაათავისუფლა აშკარა მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებული ვერა ზასულიჩი, ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი კი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. შედეგად, რამდენიმე წელიწადში, ბიუროკრატიამაც და არისტოკრატიამაც მძიმედ აგო პასუხი საკუთარი სიცოცხლით ან გულაგის ბანაკებში ხანგძლივი, ხშირ შემთხვევაში სამუდამო, მივლინებით.
ბოლშევიკებმა გაითვალისწინეს რა რუსეთის წინა მმართველობის ლმობიერი (დოყლაპიური) დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საბჭოთა სახელმწიფო სტრუქტურების ნებისმიერი მიმართულება, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების სფერო, მაქსიმალურად მკაცრი და დაუნდობელი გახადეს.
სოლჟენიცინის მონათხრობით, შიმშილობით 20-იან წლებში თუ კიდევ შეიძლებოდა რაიმე პირადული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიღწევა, ოცდაათიანებიდან უკვე ამის შესაძლებლობაც არ იყო. თუმცა პატიმრები პერიოდულად მაინც მიმართავდნენ პროტესტის ამ ფორმას ხან ინდივიდუალურად, ზოგჯერ ჯგუფურად და იშვიათად მასობრივადაც კი.
მაგალითად, 1024 წელს სოლოვეცკის კუნძულებზე სამმა, სხვადასხვა კუნძულზე განლაგებულმა ბანაკმა შიმშილობის ერთდოულად დაწყება მოახერხა. იშიმშილეს 15 დღე. ხუთ დღეში შიმშილობა თითქმის უშედეგოდ შეწყდა.
განსაკუთრებული დანიშნულების ბანაკი სოლოვეცკის კუნძულებზე
1928 წელს ზემოურალის იზოლატორში გამოაცხადეს შიმშილობა. რამოდენიმე დღის შემდეგ ციხის ზედამხედველები შეცვივდნენ კამერებში და ხელკეტებით ცემეს დასუსტებული მოშიმშილეები. შიმშილობა დასრულდა.
1952 წელს, ეკიბასტუზის ლაგერში, გამოაცხადეს შიმშილობა. 2 დღე სასადილოში არ მიდიოდნენ, თუმცა ახერხებდნენ მცირე რაოდენობით საკვების ჩუმად მიღებას. მესამე დღეს საპროტესტო აქცია შეწყდა.
საბჭოთა ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა შიმშილობის აქციის შეწყვეტას მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გარეშე, მაგალითად ცრუ დაპირებით, ფიზიკური ზემოქმედებით, ძალით საკვების მიღებით. ამგვარი მეთოდი ითვალისწინებს პირის ძალად გაღებას, იქ წვრილი რეზინის მილის ჩაჩრას, თითქმის კუჭამდე და მილში თხევადი საკვების ჩასხმას. შემდეგ მუცლის მასაჟს...
სწორედ ეს ხერხი გამოიყენეს მერაბ კოსტავას წინააღმდეგ, რომელმაც 13 თვე იშიმშილა ირკუტსკის ლაგერში საბჭოთა იმპერიის არსებობის მიწურულს 1984-85 წლებში.
მერაბ კოსტავა პატიმრობისას
მოშიმშილეთა მიმართ სასტიკი დამოკიდებულებით მხოლოდ საბჭოთა იმპერია არ გამოირჩეოდა.
1981 წლის პირველ მარტს ჩრდილოეთ ირლანდიის ციხე მეიზში ირლანდიის რესპუბლიკური არმიის წევრმა ბობი სენდსმა დაიწყო შიმშილობა შემდეგი მოთხოვნებით:
უფლება - არ ეტარებინათ ციხის უნიფორმა
უფლება - არ გაეკეთებინათ ციხის სამუშაო
უფლება - თავისუფალი ურთიერთობისა სხვა მსჯავრებულთან, აგრეთვე საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ორგანიზების უფლება.
უფლება - ყოველ კვირას მიეღოთ ერთი წერილი, ერთი ვიზიტორი და ერთი ამანათი.
სრული უფლება შეწყალებაზე
შიმშილობას თანდათანობით სხვა პატიმრებიც შეუერთდნენ. ბრიტანეთის ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა მათ მოთხოვნებს. შიმშილობის 46-ე დღიდან 71-ე დღემდე გარდაიცვალა 10 მსჯავრდებული.
1981 წელს შიმშილობის პროცესში დაღუპული ირლანდიელები
ახლა გადავიდეთ კვების საკითხზე, რაც შეიძლება არანაკლებ საინტერესო იყოს, ვიდრე შიმშილობა და დავიწყოთ ალექსანდრე დიუმას „ვიკონტ დე ბრაჟელონით“, თუნდაც იმიტომ, რომ ავტორი რომანში ისტორიული პერსონაჟებსაც და მოვლენებსაც რეალობასთან შესაბამისობაში აღწერს.
1661 წელს, ბასტილიის კომენდანტი ბეზმო (ისტორიული პერსონაჟი) აცნობს ვანის ეპისკოპოსს (არამისს), თუ რა თანხა იყო გამოყოფილი თითოეულ პატიმარზე მისი სოციალური მდგომარეობის მიხედვით. იმ დროისათვის ბასტილიაში 60 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა კომენდანტისავე თქმით, ეს ციფრი ხანდახან 200-საც აღწევდა.
მეფის შთამომავალის კვებაზე დღეში 50 ლივრი უნდა დახარჯულიყო;
საფრანგეთის მარშალზე - 36 ლივრი;
გენერალ-ლეიტენანტ და ბრიგადის გენერალზე -24 ლივრი;
პარლამენტის მრჩეველთათვის - 15 ლივრი;
რიგითი მოსამართლის, ადვოკატისა და სასულიერო პირთათვის - 10 ლივრი;
მოქალაქისა და დაბალი რანგის მოხელესათვის - 5 ლივრი
წვრილი ვაჭრები და გადამწერთათვის - 3 ლივრი;
ბეზმოსვე თქმით, იმ დროც წიწილა 1 ლივრი ღირდა, კარგი თევზი 4 ლივრი, 1 ბოთლი შამპანური - 5 სუ
ბასტილიის ციხის მაკეტი
მეჩვიდმეტე საუკუნის საფრანგეთიდან გადმოვინაცვლოთ დროითი და ტერიტორიით უფრო ახლოს, მით უმეტეს, რომ მეცხრამეტე საუკუნიდან კავკასიელი მსჯავრდებულიც რუსეთის იმპერიის სასჯელაღსრულების სივრცის „მონაპოვარს“ წარმოადგენდა.
1849 წელს დოსტოევსკის, ბელინსკის ნაშრომების წაკითხვისა და შეუტყობინებლობის გამო, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა ბოლო მომენტში, სასჯელი ათი წლით კატორღით შეუცვალეს, საიდანაც მან 4 მოიხადა და შემდეგ გაამწესეს სამხედრო სამსახურში რიგითად. კატორღაში მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება შემდეგ მან რამდენიმე მოთხრობა-რომანში გამოიყენა. მათგან, მსჯავრდებულთა კვების კუთხით, ყველაზე უფრო ინფორმაციული ალბათ „მკვდარი სახლის ჩანაწერებია“.
აღნიშნული წიგნის მიხედვით, „ლაგერში“ (ასტროგ-ში), მიუხედავად სიბინძურისა, შიმშილით კაცი არ მოკვდებოდაო. ზონაში იყო ბატები, თხა, ძაღლი, არწივი, რომლებიც ძირითადად მსჯავრდებულთა გართობის საშუალება იყო. არც ერთი მათგანის „დაღუპვის“ მთავარი მიზეზი პატიმრის რაციონის გაუმჯობესება არ ყოფილა.
პური მაგიდებზე ულევი ქონდათ. ხელი კალაჩზეც (მაღალი ხარისხის რგოლისებრი პური) იოლად მიუწვდებოდათ. შობის დღესასწაულზე კი კაცზე 200 გრ საქონლის ხორცი მოდიოდაო. ჩვეულებრივ დღეებში წვნიანები სავსე იყო ტარაკნებითო. საზეიმოდ სუფთა, ხორციან წვნიანს აკეთებდნენო. ძირითადი სამი საზეიმო თარიღი იყოო და ვისაც რა შეეძლო, გოჭი, ბატი - იმას წვავდა თავად ან ვინმეს ამზადებინებდაო. ქალაქის მაცხოვრებლები პატიმრებს უგროვებდნენ შემოწირულობებს, რაც თანაბრად ნაწილდებოდა ყველა მსჯავრდებულს შორისო.
დაბადების დღეზე პატიმარს საქონლის ხორციც ქონდა, თევზიც და ღვინოც, ოღონდ მარტო უბერავდაო.
პატიმართა საავადმყოფოში კვება გაცილებით უკეთესი იყო. რაციონი ავადმყოფობის მიხედვით განსხვავდებოდაო - სხვადასხვა წვნიანი, ფაფები, რომელთაგან ყველაზე უფრო მანი ფაფა ფასობდა, ასევე ხორცული და მათგან ყველაზე სასურველი ცინგის საწინააღმდეგო კერძი - ხახვით შეზავებული საქონლის ხორცი იყოო....
1895 წელს, მეორე რუსმა კლასიკოსმა ანტონ ჩეხოვმა, საბოლოოდ სრულად გამოსცა წიგნი „კუნძული სახალინი“ სადაც მან დაწვრილებით აღწერა ამ კუნძულზე მისი 1890 წლის ზაფხული-შემოდგომის მოგზაურობის დეტალები და კუნძულზე ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მხარე. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ პატიმართა კვების რაციონის აღწერას გამოვყოფთ.
ჩეხოვი წერს, რომ 1890 წლისათვის, სასჯელაღსრულების ადგილებში, პირობები უკეთესია წინა წლებთან შედარებით, თუნდაც ხელმძღვანელობის დამოკიდებულების მხრიდან მისჯილების მიმართო და აღარ არის „მკვდარი სახლიო“.
პატიმარს მჭედელი ადებს ხუნდებს (კანდალებს) სახალინის ერთ-ერთ ბანაკთან (ლაგერთან) ჩეხოვის იქ ყოფნის დროს
სახალინზე გადასახლებული დღიურად იღებდა 3 ფუნტ პურს (დაახლოებით 1, 2კგ) 40 ზალატნიკი ხორცს (180 გრამი), 15 ზოლოტნიკი ბურღულეულს (დაახლოებით 70 გრ) და 1 კაპიკის შესაზავებელი სხვადასხვა ინგრედიენტს. მარხვის დღეებში ხორცი იცვლება 1 ფუნტი თევზითო. ბევრგან პურს ძალიან ცუდი ხარისხისას აცხობდნენ. პურის წონის გაზრდის მიზნით ფქვილს გაცრილ თიხას ურევდნენო. ზედმეტ პურს ცვლიდნენ რძეში, შაქარში, არაყში. ციხის სუფი შედგება ბურღულეულისა და კარტოფილისაგან სადაც დაცურავენ ხორცის ან თევზის წითელი ნაჭრებიო. ზოგიერთი ჩინოვნიკი მას აქებს, მაგრამ თავად მის გასინჯვას ვერ ბედავსო. ხშირად სუფში უხარისხო თევზს უშვებოდნენო.
არც ისე იშვიათად მზარეულს ეშლებოდა და საერთო ქვაბში მეტ ან ნაკლებ რაოდენობის ინგრედიენტებს დებდა. მაგალითად, ალექსანდროვსკის ციხეში1890 წლის 3 მაისს 1279 ადამიანისათვის საკვების მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეს 13, 5 ფუთი ხორცი, 5 ფუთი ბრინჯი, 1,5 ფუთი ფქვილი ასათქვეფად, 1 ფუთი მარილი, 24 ფუთი კარტოფილი, 1/3 ფუნტი დაფნის ფოთოლი, და 2/3 ფუნტი შავი პილპილი. იგივე ციხეში, 29 სექტემბერს 675 ადამიანზე ქვაბში მოათავსეს 17 ფუთი თევზი, 3 ფუთი ბურღულეული, 1 ფუთი ფქვილი, 0,5 ფუთი მარილი, 12.5 ფუთი კარტოფილი, 1/6 ფუნტი დაფნის ფოთოლი და 1/3 ფუნტი შავი პილპილიო. (თუ ვინმეს არ ეზარება, პროპორციები გამოთვალოს პროცენტულად და გაიგოს უსამართლობის მაშინდელი კოეფიციენტი).
თუმცა საერთო ქვაბიდან ჭამდა მსჯავრდებულთა მხოლოდ 25 – 40%, დანარჩენს პროდუქტები გააქვთო.
წიგნი მრავალმხრივ საინტერესოა, თუნდაც კავკასიელების შემგუებლობის კუთხით სახალინის პირობებთან. ჩეხოვის გადმოცემით, კავკასიელების რაოდენობა კუნძულზე დაახლოებით 300 ადამიანიაო. ქართველებს რამოდენიმეჯერ ახსენებს: პირველად ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც რამოდენიმე ქართველი დუხჭირ მდგომარეობაში იყო. სხვაგან, სამი ძმა ჩიქოვანნი (იმ პერიოდისათვის ერთი გარდაცვლილი იყო უკვე); გადამწერი ჭაბუკიანი; უცნობი ქართველი ქალი, რომელიც ადგილობრივზე იყო გათხოვილი (სავარაუდოდო გადასახლების შედეგად); ვინმე ქართველი გადასახლებული, რომელიც უკვე სახალინზე ვიღაცის მოწამვლაში იყო ეჭვმიტანილი.
ავტორის დაკვირვებით კავკასიელები ცუდად იტანდნე ჭვავის შავ პურს და იქაურ წვნიანებს. ამ საკვების მიღება მათში ხშირად მუცლის დაავადებებს იწვევსო.
საბჭოთა კავშირის მსჯავრდებულთა კვების აღსაწერად ისევ საბჭოთა გულაგის მემატიანეს, ალექსანდრ სოლჟენიცინს მივმართოთ. მისი გადმოცემით, გულაგის ბანაკებში დღიური რაციონი ხშირად სამუშაოს შესრულების მიხედვით ნაწილდებოდა: თუ ნორმა 30%-ზე ნაკლები შესრულდებოდა კვება კარცერის რაციონს უტოლდებოდა - დღეში 300გრ პური და 1 ჯამი „ბალანდა“ (კარტოფილისა და რაღაც-რუღაცეების ნარჩენის ნახარში); 30-80%-ის ფარგლებში სამუშაოს შესრულებისას საკვები „საჯარიმო“ იყო - 400 გრამი პური და 2 ჯამი „ბალანდა“; 81-100%-ით შესრულებისას - 500-600გრამი პური და 3 ჯამი „ბალანდა“. ნორმის ზევით გეგმის შესრულებისათვის - 700-900 გრამი პური, ბალანდები, პლუს 2-3 თეფში ფაფა...
მცირეწლოვანთათვის 30-50-იანი წლების სასჯელაღსრულებათა დაწესებულებაში დამატებით გამოიყოფოდა რძე, ხორცი და კარაქიო.
ინვალიდების ბანაკში მშრომელ ინვალიდს აძლევდნენ 550გრ პურს დღიურად, არამშრომელს - 650გრამს.
კარცერში ცხელი საკვები მხოლოდ მესამე დღეს მიეწოდებოდაო.
ერთ ეპიზოდში სოლჟემიცინი, მოსკოვთან ახლოს მდებარე ციხის კამერაში ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ზის. მათთვის ხშირად მოჰქონდათ ოჯახის წევრებს „პერედაჩები“ ცხელი კერძებისა და ნაირ-ნაირი ნუგბარის ჩათვლით. ასე რომ, სტალინის დროინდელ ციხეებშიც ახერხებდა ზოგიერთი პატიმარი კარგად თავის გამოკვებას, განსაკუთრებით ქურდები, ყოფილი ნომენკლატურა, „სტუკაჩები“, სამეურნეო საქმიანობით დაკავებულნი...
„ივან დენისოვიჩის ერთ დღე“ ფაქტობრივად ავტორის ეკიბასტუზის ლაგერში ცხოვრების ერთ დღის აღწერაა. ძილის წინ, მთავარი მოქმედი გმირი - შუხოვი კმაყოფილია „წარმატებით“ ჩავლილი დღით, თუმცა დღევანდელი საშუალო სტატისტიკური მონაცემების მკითხველისათვის ასეთი არსებობის პირობები კოშმარული წარმოდგენის ჩარჩოებს ვერ გაცდებოდა.
საერთოდ, სოლჟენიცინი საბჭოთა მსჯავრდებულის არსებობის გაცილებით სასტიკ და დაუნდობელ პირობებს აღწერს, ვიდრე დოსტოევსკის და ჩეხოვის 100 და 50 წლის წინანდელ რეალობაშია აღწერილი. სოლჟენიცინის მონათხრობებიდან მხოლოდ 20%-იც რომ იყოს მართალი, სურათი საკმაოდ ტრაგიკული იქნებოდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ „არქიპელაგ გულაგში“ გადმოცემული 40-50-იანი წლების სასჯელაღსრულების სისტემის აღწერის ძალიან დიდი ნაწილი სრული სიმართლეა, რისი დამადატურებელიც შეიძლება არაპირდაპირ ჩაითვალოს ჩემს მიერ მოსმენილი 70-80-იანი წლების ამბები. გამოვყოფდი ორ ეპიზოდს.
ყველასთვის ცნობილი კიტოვანი, ჯერ კიდევ 1989 წელს მიყვებოდა, რომ ერთ-ერთ ლაგერში ძაღლი დაკლეს და შეწვეს. ყველამ ჭამა ჩეჩენის გარდაო. რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ჩეჩენი სხვა ბანაკში მოიყვანეს, სადაც ვიჯექიო, ყველას ჩამოართვა ხელი, ჩემს გარდაო... თუმცა, როგორც ვიცი, ძაღლის ხორცი საბჭოთა ციხეებში მხოლოდ საკვებად არ გამოიყენებოდა, ის ტუბერკულოზთან ბრძოლის კარგ საშუალებათაც ითვლებოდა.
ოთხმოციან წლებში ნაცნობმა ახალგაზრდა ქართველმა მიამბო, რომ როსტოვის ახლოს მდებარე ერთ-ერთ ციხეში 2-3 ნაჭერ თეთრ პურად და ერთ თავ ნიორად ყველანაირი მომსახურების ყიდვა შეგეძლო ზოგიერთი პატიმრისაგანო.
საქართველოში, ოთხმოცდაათიან წლებში პატიმრების კვების რაციონი საკმაოდ სავალალოდ გამოიყურებოდა, თუმცა „პრივილეგირებული“ პატიმრების კამერებში მუდმივად იდგა სავსე მაცივარი ნაირ-ნაირი შემწვარ მოხრაკულით. თუ მსჯავრდებული „რეზბალნიცაზეც“ მოახერხებდა გადასვლას, ამას კიდევ შედარიბითი სისუფთავე ემატებოდა.
ბევრს ახსოვს იულია ტიმოშენკოს ციხის მაცივარი. ეს ალბათ უფრო „მოდერნი“ იყო, ვიდრე ტრადიციული წარმოდგენის მაცივარი, ათეულობით კონტეინერი ისე იყო მჭიდროდ ჩაწყობილი, რომ დამატებით თითქმის მეტს ვერაფერს მოათავსებდით. არადა კაი მჭამელის არაფერი ეტყობოდა იმ ქალს. თუმცა რას გაუგებ, შეიძლება ნივთიერებათა ცვლა ქონდა კარგი.
იულია ტიმოშენკოს ციხის კამერის მაცივარი
დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებულ პატიმრადაც რომ არ ეღიაებიათ, სააკაშვილის რაციონი ბევრად ნაკლები არ იქნებოდა ტიმოშენკოს მაცივარზე. იმან იკითხოს, ვინც ძალიან ცოტა მოიპარა, ან საერთოდ ვერ შეძლო „ეყოჩაღა“, თორემ, როგორც წინა მაგალითებიდან ვნახეთ, ძლიერთ ამათა ქვეყნისანისათა ფიგურის შენარჩუნება ხუტა ოდიშელიძის ქვევრშიც არ გაუჭირდებათ.