For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.
ნოემბერში ბადრის შევთავაზე, რომ ახალ წელს ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია მოგვეხდინა. მთელი ქრისტიანული სამყარო შობას ოჯახებში ნათესაურ წრეში აღნიშნავს, ხოლო ახალ წელი საერთო-სახალხო დღესასწაულად ითვლება და მას მთელი მსოფლიო ქუჩებში ზეიმით ხვდება. კომუნისტები შობის ღიად აღნიშნვას ეწინააღმდეგებოდნენ და ქართველები შობის მსგავსად ახალ წელს აღნიშნავდნენ. ყველანი საკუთარ ოჯახებში საცივის და ღვინის თანხლებით ძველ წელს აცილებდნენ და ტელევიზორში „სტარიე პესნი ო გლავნომ“-ს უცქერდნენ, რომელიც “ირონია სუძბი, ილი ს ლიოგკიმ პარომ” კინოფილმთან ერთად ახალი წლის უცვლელ ატრიბუტად იქცა.
ჩემი გეგმით, ჩვენ შეგვეძლო ბადრის „არტ-იმედის“ საშუალებით ქუჩაში გრანდიოზული ცოცხალი კონცერტი მოგვეწყო და ახალი წლის შესახვედრად ხალხი სახლებიდან გამოგვეყვანა. ასიათასობით მოქალაქე ახალ წელს შეხვდებოდა ისე, როგორც ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ და კონცერტის ფინალურ ნაწილში ზუსტად ღამის 12 საათზე - სცენაზე ავიდოდნენ - ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე და გამყრელიძე! ესენი ხელების ერთმანეთზე ჩაკიდებით და ზევით აწევით შეხვდებოდნენ ახალ წელს, ამ ყველაფრის კვინტენსაცია კი გახდებოდა სპეციალურად ამ მომენტისთვის შექმნილი ახალი სიმღერა.
საზოგადოება შევარდნაძის საახალწლო მიმართვის ნაცვლად უცქერდა ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენდნენ და განაცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა თაობა საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი გუნდით წარდგებოდა.
ხელიხელჩაკიდებულ ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სურათები კი მომდევნო დღიდან ქუჩის ბილბორდებზე გამოიფინებოდა.
ბადრის იდეა მოეწონა და ყველანაირ თანადგომას დაგვპირდა. აღფრთოვანებული ჟვანია მეუბნება, რომ მან იცის, ვის შეუძლია მსგავსი ღონისძიების საუკეთესოდ ორგანიზება და ზურამ სოფელ დიღომში, მის სახლში, დათო დოიაშვილი და ნიკა მემანიშვილი მოიყვანა.
ბუხრის პირას დავსხედით და მათ ავუხსენი დეტალურად თუ როგორ წარმომედგინა პროექტის რეალიზაცია. გავწერეთ ბიუჯეტი, ამ თანხის ნაწილს მე ვიხდიდი, ნაწილს - ბადრი, თუმცა ამათ ვეუბნები, რომ პროექტს მთლიანად მე ვაფინანსებ, რადგან ბადრის ამის გახმაურება არ სურდა.
კონცერტი უნდა გაეხსნა სიმფონიურ ორკესტრს, რომელიც ვერდის “ნაბუქოს“ „ებრაელ მონებს” შეასრულებდა. ერთია, რომ ეს უმშვენიერესი მუსიკაა, თუმცა ეს მუსიკა მე სხვა მხრივ გამოვარჩიე უფრო - ეს გახლდათ იტალიის ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ჰიმნი, თავისუფლების და გამარჯვების ჰიმნი. ამ სიმბოლური მუსიკით უნდა გაგვეხსნა კონცერტი.
ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე წუთით ადრე ნანი ბრეგვაძეს და მის შვილს, ეკა მამალაძეს უნდა ემღერათ და ამ დროს სცენაზე ავიდოდნენ ეს პოლიტიკოსები.
ჩემი ვარაუდით, ეს შევარდნაძის პოლიტიკურად დასამარებას გამოიწვევდა, რასაც თავადაც მიხვდა და გააფრთებულმა პრეზიდენტმა ჯერ გამყრელიძე-გაჩეჩილაძეს ათქმევინა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი, შემდეგ ჩხარტიშვილმა დამირეკა, რომ ბადრი პროექტს ვერ დააფინანსებდა და ბოლოს ბურჯანაძემ და ჟვანიამაც გადაიფიქრეს.
ჩვენ დამოუკიდებლად გავმართეთ ეს კონცერტი და ათიათასობით ადამიანი პირველად ქუჩაში ერთად შეხვდა ახალი წლის დადგომას, თუმცა გრანდიოზული ჩანაფიქრი შევარდნაძემ ჩაგვიშალა, რამაც ჩემთვის ღონისძიებას პეწი დაუკარგა.
ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ სინქრონიზებულად გვემოქმედა, თუმცა ახალმა მემარჯვენეებმა დამოუკიდებელი მოქმედებები დაიწყეს. ამის პარალელურად ბადრიმ ამ შეთანხმების საწინააღმდეგოდ ტელეკომპანია “იმედი” შექმნა. უფრო მეტიც, მათ “იმედზე” ჩემი ჟურნალისტების გადაბირება დაიწყეს, რაც რა თქმა უნდა ძალიან უსიამოვნო იყო.
ბადრის ამ ნაბიჯებმა მაფიქრებინა, რომ იგი ახალი გეგმით მოქმედებდა და ახალი მემარჯვენეების სეპარატიული ქმედებებიც ამით აიხსნებოდა.
ამასთან, გავრცელდა ხმები, რომ ბადრიმ „რუსთავი 2“ იყიდა, რაც დესტრუქციულად მოქმედებდა როგორც ჟურნალისტებზე, ასევე კომპანიის სარეკლამო შემოსავლებზე. მე ბადრის დავპირდი, რომ ჩვენს შეთანხმებას, ტელევიზიის გაყიდვაზე, საიდუმლოდ შევინახავდი და ამის გამო ვერ ვამბობდი, გავყიდე თუ არა „რუსთავი 2“.
საერთაშორისო ბაზარზე ტელეპროდუქციის ფასმა “იმედის” გამოჩენის შემდეგ კატასტროფულად მოიმატა. სატელევიზიო პროდუქციას ჩვენ ძირითადად რუსეთში ვყიდულობდით და ახლა კონკურენცია უნდა გამეწია პატარკაციშვილისთვის, რომელიც ტელეკომპანია ოერტე-ს სრული ბატონ-პატრონი გახლდათ და სატელევიზიო სფეროში თითქმის ყველას იცნობდა.
ამავე პერიოდში მის ორბიტაზე გიორგი თარგამაძე გამოჩნდა, რომლის აბაშიძისგან გადმობირებას ბადრი მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და თარგამაძეს მომავალ პოლიტიკურ პროექტად განიხილავდა.
“იმედი” ეთერში გავიდა, რასაც მე მშვიდად შევხვდი, ვინაიდან თავს ზევით ძალა არ იყო და რა უნდა მექნა?
მართალია, ფინანსური თვასაზრისით “იმედი” დიდ რესურსს ფლობდა, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტებს თავისუფალი სამუშაო სივრცე შევუქმენით და თითოეული მათგანი იმას აკეთებდა, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა. მე მათ საქმიანობაში არანაირად არ ვერეოდი და როცა მათ არჩევანი მიეცათ - რა ერჩივნათ, თავისუფალ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება თუ “იმედის” მაღალი ხელფასები, აბსოლუტურმა უმრავლესობამ, არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა.
ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩემთვის უკვე სრულიად ცხადი გახდა, რომ “მოქალაქეთა კავშირი”, რომელსაც ამ დროს უკვე “ახალი საქართველო” ერქვა, საარჩევნო კამპანიისას ჩვენს არხზე არაფრის დახარჯვას აპირებდა, ანუ ყველაზე დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ჯგუფისაგან პოლიტიკური რეკლამა არ გვექნებოდა.
მანამდე მე რამდენჯერმე შევხვდი იმ ხალხს, ვინც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შევარდნაძის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდნენ. ამ შტაბს ფორმალურად სახელმწიფო მინისტრი - ავთო ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა, რეალურად კი, მაშინ შევარდნაძის გარშემო იმდენად დიდი ქაოსი სუფევდა, იქ იმდენი პოლიტიკური ძალა დაჯგუფდა, თან ისეთები, მანამდე ერთმანეთს საერთოდ რომ არ ელაპარაკებოდნენ და ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ, რომ სწორად მომართული მექანიზმის აწყობა და კამპანიის წარმართვა ძალიან ჭირდა.
შევარდნაძის საარჩევნო ბლოკს მთლიანად ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა.
ამ ნაბიჯით ბადრიმ კიდევ ერთხელ დაარღვია ჩვენს შორის არსებული შეთანხმება, ზურა ჟვანიას მხარდაჭერის ნაცვლად 2003 წლის მეორე ნახევარიდან ძალიან აქტიურად დაუახლოვდა შევარდნაძეს. თუმცა, ის მარტო შევარდნაძის ბლოკს არ აფინანსებდა, მან მისი აზრით წაუგებელი ტაქტიკა აირჩია და ბადრიმ ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის დაფინანსება გადაწყვიტა.
ბადრი, ძალიან მდიდარი ადამიანი, ცდილობს, რომ კვერცხი ყველა კალათში ჩადოს, - ეგებ რამდენიმე მაინც მიიტანოს მიზნამდე. ბადრი სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის გარდა ყველას ფინანსური დონორი გახდა (ჟვანიას აძლევდა 200000-ს).
აგვისტო-სექტემბერში, დიდი ჭიდაობის შემდეგ, ავთო ჯორბენაძესთან შეთანხმებას მივაღწიე, თუ რა ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო ჩვენი არხისთვის გამოყოფილი. ოქტომბრის დასაწყისში, ერთ მშვენიერ დღეს, ავთომ გამოგვიცხადა, რომ მას “რუსთავი 2”-ზე რეკლამის განთავსების არანაირი ინტერესი არ აქვს და რომ შევარდნაძის ბლოკმა გადაწყვიტა, საერთოდ არაფერი განათავსოს ჩვენს არხზე. მიზეზი მარტივია: არსებობს სამი არხი - “იმედი”, “მზე” და საკმაოდ ძლიერი სახლმწიფო მაუწყებლობა, რაც მათ სავსებით აკმაყოფილებს და სავსებით გამოდგება “რუსთავი 2”-ის საპირწონედ. მოკლედ, მითხრეს, კარგად იყავით და ჩვენგან არანაირი ფული არ გექნებათო.
ეს ჩვენთვის საშინელი დარტყმა იყო. მანამდე ჩვენ ჩვენი კალკულაცია გავაკეთეთ და გავთვალეთ, რომ არჩევნების დროს შემოსული ფინანსები ტელეკომპანიის საარსებოდ კიდევ ერთ წელიწადს ან წელიწადნახევარს გვეყოფოდა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯახირით და გაჭირვებით მივაღწევდით.
ახლა კი, ამ აგრესიულ გარემოში, ძალიან გაგვიჭირდებოდა თავის გადარჩენა და “რუსთავი 2” შეიძლება ბაზრიდან საერთოდ ამოვარდნილიყო. თუ კომპანიაში ფინანსური მდგრადობა არ გვექნებოდა, ბუნებრივია, ვერც თანამშრომლებს შევინარჩუნებდით: ჯერ ის ხალხი წავიდოდა, ვისაც “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით “პატრიოტული” განცდები არ ჰქონდა, შემდეგ ნაკლებად თავდადებულები წავიდოდნენ, დარჩებოდნენ ყველაზე ერთგულები, მაგრამ რა... ბოლოს მაინც კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდებოდით. 2005 წლამდე, როცა, კონსტიტუციის თანახმად, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების უნდა გამართულიყო, “რუსთავი 2” ვერანაირად ვერ მიაღწევდა.
ჩემი აზრით, სახელისუფლებო ბლოკი ბადრის დირექტივის საფუძველზე სწორედ ამიტომ არ აპირებდა ჩვენს არხზე არც ერთი კაპიკის დახარჯვას. ბადრი ამ გზით ჩვენს ფინასურ გაკოტრებას ცდილობდა.
სხვა გამოსავალი არ გვრჩებოდა - ზურას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. მას უმძიმესი საარჩევნო გრაფიკი ჰქონდა, ნინო ბურჯანაძე ერთი მიმართულებით მოძრაობდა, ჟვანია - მეორე მიმართულებით. მათ ერთიანი საარჩევნო ბლოკი „ბურჯანაძე-დემოკრატები“ შექმნეს, რომლის ლიდერი ბურჯანაძე იყო, თუმცა ეს ჟვანიას პროექტი იყო და რეალურად ყველაფერს ის მართავდა. ახლა წარმოიდგინეთ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რა მასშტაბის დატვირთვა ექნებოდა პოლიტიკურ პარტიას და მის ლიდერს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების და პირველობის ამბიცია ჰქონდა. მაგრამ მე და ზურას ჩვენ სხვა ურთიერთობა გვქონდა და ამიტომ მის მოუცლელობაზე არც მიფიქრია.
ზურას მეგრული სამზარეულო გამორჩევით უყვარდა და ჩვენ ერთმანეთს ხშირად დიღმის გზაზე ვხვდებოდით, ზურას ვაშლიჯვარის ოფისის ახლოს მდებარე ერთ ჩინებულ მეგრულ რესტორანში.
2002-2003 წლებში მე, ზურა და დათო დვალი ლამის დღეგამოშვებით ვხვდებოდით ერთმანეთს ამ რესტორანში.
2003 წლის აგვისტოდან ჩვენ შორის ურთიერთობა გაცივდა.
ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ბადრი და შევარდნაძე დემონსტრატიულად დაახლოვდნენ, ბადრი მას ხაზგასმით უჭერდა მხარს, და ზურა, რომელიც, წესით, ამის წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო, ასევე ბადრისთან მეგობრობდა. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ზურას ბადრისთან დამეგობრების ერთადერთი მოტივაცია ფული იყო, რომელსაც იგი საარჩევნოდ ბადრისგან იღებდა.
ზურას შევხვდი და ვუთხარი: “ზურა, უნდა დაგვეხმარო. ბადრიმ თავისი ვალდებულებები ორჯერ არ შეასრულა, რამაც ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაგვაყენა; ბადრი, როგორც “ახალი საქართველოს” მთავარი დამფინანსებელი, კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ “რუსთავი 2”-თვის სარეკლამო ბიუჯეტი გამოეყოთ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ბადრის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უმძიმესი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდე და ჩვენმა კომპანიამ უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მიაღწიოს, მე მის მიმართ ყოველგვარი აგრესიისგან თავს შევიკავებ. მისგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ: უხეში შეფასებებით, ჩვენი ზარალი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს, და თუ ბადრის უნდა, რომ ჩვენს შორის კონფრონტაცია არ გაღრმავდეს, და ეს კონფრონტაცია ძალიან დამანგრეველი არ იყოს, ყველაფრისათვის, მათ შორის ჩემი და შენი ურთიერთობისათვის, შენი და მისი ურთიერთობისათვის, ის ვალდებულია, პირგასამტეხლოს სახით გადაიხადოს ეს თანხა, როგორც კომპენსაცია ჩვენი არხის ასე დაზარალებისთვის”.
ზურა ძალიან შეიშმუშნა. შეხვედრის მერეც საკმაოდ უსიამოვნოდ დავშორდით ერთმანეთს. ნაწყენი არ წასულა, უბრალოდ, ისეთი დაძაბული იყო, რომ მეც ვიგრძენი: ზურა ამ საქმეს ვერ ან არ გააკეთებდა.
მართლაც, მეორე დღის ბოლოს დამირეკა და მითხრა: „იცი რა, მე შევხვდი ბადრის, მას ველაპარაკე და მან გაღიზიანებულმა მკითხა, რა ქუჩურად „მაპრისტავკებს“, რას ჰქვია, ჩემგან ფულს ითხოვს, ჩემგან რა კომპენსაციას ითხოვსო”.
ძალიან ცივი უარი მივიღეთ.
კრიზისი გაღრმავდა.
ისღა დამრჩენოდა, რომ კიდევ ერთხელ შევხვედროდი ავთო ჯორბენაძეს და მეთქვა: “ავთო, შენ პრინციპულ შეცდომას უშვებ“.
(გაგრძელება იქნება).