უცხოელთა ტრაქტორებს მეტი ძალა აქვთ თუ მთელი სოფლის მოსახლეობას?

უცხოელთა ტრაქტორებს მეტი ძალა აქვთ თუ მთელი სოფლის მოსახლეობას?

ქართლში უცხოელებს ქართული მიწების დამუშავებას არ ანებებენ, კახეთში კი მიწების გასხვისების შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ხელისფლება ჯერჯერობით ცდილობს მინიმალურად ჩაერიოს ადგილობრივებისა და ე.წ. უცხოელი ინვესტორების ურთიერთობაში, მაგრამ მოსახლეობის აგრესია იმდენად მზარდია, რომ ხელისუფლებას გამოკვეთილი პოზიციის დაფიქსირება მაინც მოუწევს.

გორის რაიონის სოფელ ქვემო არცევში ადგილობრივი მოსახლეობა ინდური კომპანიის წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების საშუალებას არ აძლევს. პარასკევს მთელი დღის განმავლობაში არცევში ხმაური იყო. დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე ჩავიდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც.

ინდური კომპანიის თანამშრომელთა მიერ მიყვანილ ტრაქტორებს ადგილობრივებმა წინ გადაუყენეს თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები და აცხადებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში უცხოელებს სამუშაოების გაგრძელების შესაძლებობას არ მისცემენ. თავად ინდური კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ კანონის სრული დაცვით შეიძინეს ეს ფართობები კერძო პირისგან, ვინმე ელიზბარაშვილისგან და სამუშაოების გაგრძელების უფლებას ითხოვენ.

თუმცა, ინდური კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც განაცხადა, რომ მოსახლეობასთან დაპირისპირება არ უნდათ და თუ მიწის პირვანდელი მესაკუთრე თანხას უკან დაუბრუნებს, აღნიშნულ ტერიტორიას დატოვებენ. როგორც ინდოელები აცხადებენ, ერთ ჰექტარ მიწის ფართობში 2 600 აშშ დოლარი აქვთ გადახდილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის (და სავარაუდოდ არც უკანასკნელი), როცა გორის რაიონში მიწების გამო დაპირისპირება ხდება. მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო, რომ სოფლის კუთვნილი სარეზერვო და საძოვარი ფართობები, დაახლოებით, 17 ჰექტარი უცხოელებმა შეიძინეს. სოფლის მოსახლეობამ მაშინ ინდური კომპანიის წარმომადგენელ მექანიზატორებს მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს.  ინდოელები მაშინ არ გამოჩენილან ამ ტერიტორიაზე, პარასკევ დილით კი კვლავ გამოჩნდნენ სასოფლო-სამეურნო ტექნიკასთან ერთად და მიწის მოხვნა კვლავ სცადეს. ისინი ამჯერადაც დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

უცხოელთა მიერ ქართული მიწის ხელში ჩაგდების გამო აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია. ისინი დაუფარავ აგრესიასაც ავლენენ და ახალ ხელისუფლებასაც სასწრაფო რეაგირებას სთხოვენ. პარლამენტის აგრარული კომიტეტი კი უცხოელებზე მიწების გასხვისების კანონიერების შესწავლას არ აპირებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწების გასხვისების შეჩერების მოთხოვნით კახელი ფერმერები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ფერმერები 25 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას ვარაუდობენ, რომელსაც პარლამენტს გაუგზავნიან და საკითხის დღის წესრიგში დაყენებას მოითხოვენ.

თუმცა, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა მათ კომპეტენციაში არ შედის. გიგლა აგულაშვილის თქმით, იქ, სადაც რამე სახის სამართალდარღვევები ფიქსირდება, საკითხით საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ.

აგულაშვილი მიწების გასხვისების პრობლემას წინა ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ მათ მიწები ფერმერების დაუკითხავად, უკანონოდ გაასხვისეს. დეპუტატის თქმით, ახალ ხელისუფლებას სასოფლო-სამეურნეო მიწების რეალიზაცია შეჩერებული აქვს და მიწებს ამ დროისთვის მხოლოდ კერძო მესაკუთრეები ყიდიან.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კანონი მიწის უცხოელებზე გასხვისებას არ კრძალავს. დავით კირვალიძის თქმით, არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ახლა მიმდინარეობს აღწერა და სახელმწიფო პოზიციაც ამის შემდეგ ჩამოყალიბდება.