უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბრისას, რომელშიც „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ 20-ზე მეტი წევრი მონაწილეობდა, უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილებოდა.
„ახლა, როგორც არასდროს, მნიშნველოვანია ქმედითი ნაბიჯები, და არა სიტყვები. ჩემი მიზანია უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერება. დონბასის რეგიონში ომის დასრულების გარეშე ევროპის უსაფრთხოების წარმოდგენა შეუძლებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აშშ-ის ჩართვას. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ანტირუსული სანქციების გაძლიერებისა და უსაფრთხოების სფეროში უკრაინულ-ამერიკული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის აუცილებლობა.
„უკრაინის გარეშე უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ უნდა შედგეს. არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ხმის უფლება ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.