გაფართოებაზე უარის თქმის პირობა ნატოს არასოდეს გაუცია, - ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც განაცხადა, რომ ნატომ რუსეთი მოატყუა, როდესაც დაპირდა, რომ ალიანსი აღმოსავლეთის მიმართულებით არ გაფართოვდებოდა. რუსეთის ლიდერის განცხადებებს ნატოს გენმდივანმა dpa-სთან ინტერვიუში უპასუხა.
„გაფართოებაზე უარის თქმის პირობა ნატოს არასოდეს გაუცია - ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელ ქარტიაში წერია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია, ალიანსის წევრი გახდეს. მეტიც, არაერთ დოკუმენტში, მათ შორის ჰელსინკის აქტში, პარიზის ქარტიასა და ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტში, ისევე როგორც სხვა დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქვეყნებს აქვთ უფლება, დამოუკიდებელად გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ეს არის ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც რუსეთმაც მოაწერა ხელი. განცხადებების საშუალებით ამის შეცვლა შეუძლებელია. მოკავშირეები მტკიცედ უარყოფენ, რომ ოდესმე ასეთი პირობა გაუციათ. მიხეილ გორბაჩოვმაც თქვა, რომ გერმანიის ხელახალი გაერთიანებამდე ნატოს გაფართოების საკითხი არასოდეს განხილულა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.