2010 წლის ბოლოს მთავრობამ მაღალი ინფლაციის გამო დამძიმებული სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და კომუნალური გადასახადები გაზარდა. საზოგადოების ერთი ნაწილი რატომღაც სემეკისგან წყლის გადასახადის გაზრდაზე მაინც მოელოდა მკვეთრ რეაქციას, მაგრამ ამ კომისიამ დაადასტურა, რომ იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დანამატია და არა მოსახლეობის უფლებების დამცველი დამოუკიდებელი სტრუქტურა.
სპეციალისტების განცხადებით, წყლის ტარიფის გაზრდის შემდეგ, იმის იმედი აღარ არსებობს, რომ ბოლოს და ბოლოს კომისია ხმას ამოიღებს და გაბერილ დენის ტარიფს გადახედავს, ან იმას მაინც იტყვის, რომ გაზის დერეგულაცია მიუღებელია, ვინაიდან ბაზარი მონოპოლიურია და მოსახლეობას კომპანიის არჩევის საშუალება არ აქვს.
თუკი სემეკი არ არის დამოუკიდებელი და იგი ჩინოვნივნიკებს შეფარებული კომპანიების მოთხოვნებს მორჩილად თანხმდება, დგება საკითხი, რატომ სჭირდება საზოგადოებას ასეთი კომისია, რომელიც თავს სწორედ ხალხის მიერ გადახდილი მაღალი ტარიფებით ირჩენს.
ექსპერტების განცხადებით, თუ არ შეიცვალა მარეგულირებელი კომისიების შესახებ კანონი, კომისიების დამოუკიდებლობა მხოლოდ პირობითი იქნება. მათი აზრით, კომისიები, როგორც ხელისუფლების, ისე მსხვილი კომპანიების გავლენის ქვეშ არიან.
არ ხდება დენისა და ბუნებრივი არის ტარიფების გადახედვა, წყლის ტარიფი გაძვირდა, თუმცა მომხმარებლის უფლებების დასაცავად კომპანიას ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას არავინ თხოვს. ყველა ნორმალური ქვეყანაში, მარეგულირებელი კომისიების წარმატებული საქმიანობის შედეგად, მათი თვითლიკვიდაცია ხორციელდება, რადგან ოლიგოპოლიური ბაზრიდან პოლიპოლიურ ბაზარზე გადასვლა რეგულირების აუცილებლობას აღარ საჭიროებს.
ექსპერტების განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში მარეგულირებელი კომისია, ძირითადად, მზარდი ბიუჯეტით და საჯარო მოხელეების ძალიან მაღალი ხელფასებით გამოირჩევა, რის გამოც, ამ კომისიის წევრობა საკმაოდ მიმზიდველია. გარდა ამისა, ექსპერტების განცხადებით, მარეგულირებელი კომისიები დაინტერესებულები არიან ფასების მატებით, რადგან მათი „წილი“ ტარიფში პროცენტულადაა ასახული. თუ გავითვალისწინებთ კომისიაში წევრების დანიშვნის საკითხს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი დამოუკიდებლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ იქნებიან.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ არსებული კომისიების საქმიანობიდან გამომდინარე, მარეგულირებელი კომისიის იდეა არის დისკრედიტირებული. „კომისიის წევრები იღებენ უპასუხისმგებლო და უთავმოყვარეო გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, მათი საქმიანობა აბსოლუტურად გაუმჭირვალეა. მათ უნდა ეწოდოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული კომისიები, სხვა სახელწოდება მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. თუ კომისიები დამოუკიდებლები არ იქნებიან მათი ფასი შაურია“, - ამბობს ცისკარიშვილი.
2007 წლის 15 დეკემბერს, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სემეკს წყლის რეგულირების თვასაზრისით ფუნქციები გაუფართოვდა და იგი გადაკეთდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიად.
2008 წლის 6 ოქტომბერს „ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლში შესული ცვლილების შედეგად, კომისიის წევრთა რაოდენობა 3-დან 5-მდე გაიზარდა. შესაბამისი ცვლილება 2009 წლის 19 თებერვალს განხორციელდა მარეგულირებელი კომისიის დებულებაშიც.
დავით ნარმანიას განცხადებით, წევრთა რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ფინანსებთან, რადგან მარეგულირებელი კომისიების ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასებზეა მიმართული.
„მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი კომისიების ფუნქციონირების წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი მათი ფუნქციების ეტაპობრივი შემცირებაა, რაც მათივე ბიუჯეტის კლებაზე უნდა აისახებოდეს. საქართველოში კი პირიქით ხდება და მარეგულირებელი კომისიების წევრთა რაოდენობა და ბიუჯეტი საგრძნობად იზრდება. ყოველივე ეს კი, ტვირთად აწევს ამ სფეროში მოქმედ კომპანიებს და, შესაბამისად, ზრდის საბოლოო პროდუქტის ფასს“, - ამბობს ნარმანია.
მარეგულირებელ კომისიებთან მიმართებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მათი ფინანსური და ქონებრივი დამოუკიდებლობაა. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია ფინანსურად არ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე, თუმცა, იგი მთლიანად დამოკიდებულია ამ სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ გადახდილ რეგულირების საფასურზე.
ნარმანიას განცხადებით, რეგულირების შესაბამისი საფასური ტარიფშია გათვალისწინებული და საბოლოო პროდუქტს აძვირებს. მასთან, კომისიის ბიუჯეტის შემოსავლების უმეტეს ნაწილს მსხვილი კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური წარმოადგენს, რაც კომისიის მიერ განხილულ დავებში სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ზრდის.
კომისია ყოველი წლის 1-ლი ოქტომბრისთვის ამტკიცებს შემდეგი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ფუნქციებისა და უფლება–მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშიებული ყველა ხარჯი. „კომისიის ბიუჯეტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის, თუმცა ამ დოკუმენტის კომისიის ვებ-გვერდზე არ თავსდება“, - ამბობს ნარმანია.
მისი თქმით, ბოლო წლებში მარეგულირებლის შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა, რაც ძირითადად ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე საფასურის საგრძნობი მატებით არის გამოწვეული. 2007 წლიდან, წყლის ტარიფის რეგულირებაც კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნება და, შესაბამისად, გაიზარდა მარეგულირებლის ბიუჯეტი.
„დღეს არსებული სატარიფო პოლიტიკის და რეგულირების საფასურის გაანგარიშების მეთოდების შედეგად, მარეგულირებელი კომისია დაინტერესებულია ფასების მატებით, რადგან მისი „წილი“ ტარიფში პროცენტულადაა ასახული. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ელექტროენერგეტიკისა და გაზის სექტორის საკმაო განვითარებისა, რეგულირების საფასური არ იკლებს და კანონით დადგენილ მაქსიმუმს შეადგენს.
თუმცა, მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველი არ აფიქსირებს თავის პოზიციას რეგულირების საფასურს წლების განმავლობაში უცვლელად დატოვებისა და მარეგულირებლის ბიუჯეტის ყოველწლიურად ზრდასთან დაკავშიებით. ეს ლოგიკურიცაა, რადგან იგი ამავე ბიუჯეტიდან ფინანსდება. რეგულირების საფასურის შეუმცირებლობა კი პირდაპირ აზიანებს მომხმარებელთა ეკონომიკურ უფლებას“, - ამბობს ნარმანია.
ასე რომ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, „დამოუკიდებელი“ მარეგულირებელი კომისიის მიზანი ტარიფების ზრდაა, რათა მათი შემოსავლები კიდევ უფრო გაიზარდოს, შესაბამისად, საზოგადოება ასეთი კომისიისგან ობიექტურ გადაწყვეტილებას არ უნდა ელოდეს.