ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო

ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო

ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. საქმე ეხება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა.

„კომისია მიიჩნევს, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები არღვევს ევროკავშირის სამართლის ავტონომიის, უზენაესობის, ეფექტურობისა და ერთგვაროვანი გამოყენების ზოგად პრინციპებსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ძალას. ევროკომისიას სერიოზული ეჭვები აქვს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

7 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს.