წლის ბოლომდე ღვინის ექსპორტის მოცულობა, სავარაუდოდ, გაორმაგდება

წლის ბოლომდე ღვინის ექსპორტის მოცულობა, სავარაუდოდ, გაორმაგდება

ქართული ღვინის რუსეთში გატანა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამის გარეშეც საექსპორტო მაჩვენებლები მკვეთრად გაზრდილია. შარშანდელთან შედარებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ 34%-ით მეტი ღვინო გადის. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ექსპორტის მაჩვენებლები განუხრელად იზრდება.

„საქსტატის” ოფიციალური მონაცემებით, უცხოეთის ბაზრებზე 2013 წლის პირველ კვარტალში სულ ექსპორტირებულია 13,773 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ყურძნის ნატურალური ღვინოები, 2012 წლის იანვარ-მარტში კი - 10,277 მლნ დოლარის. ღვინო წამყვან საექსპორტო ათეულში უკვე, მეცხრე პოზიციამდე აღზევდა და მისი წილი ექსპორტში 2,4%-ია.

ადგილობრივი მეღვინეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საექსპორტო პოტენციალის გაზრდა მოხდა მანამდე, ვიდრე რუსეთის ბაზრის კარი გაიხსნებოდა. რასაკვირველია ჩრიდლოეთში პროდუქციის გაგზავნის შემდეგ ექსპორტის მაჩვენებლის მატება გაცილებით თვალშისაცემი იქნება.

როგორც ცნობილია, რუსულ-ქართულ მხარეს შორის ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ქართული ღვინის ექსპორტის 20-25%-ით ზრდას პროგნოზირებს. აქედან გამომდინარე, თუკი ამჟმინდელ და მოსალოდნელ შედეგებს გავაანალიზებთ, გამორიცხული არ არის, საბოლოო ჯამში, ღვინის ექსპორტი გაორმაგდეს კიდეც.

შვიდმა ქართულმა ღვინის კომპანიამ რუსეთში რეგისტრაცია გაიარა, რაც რუსეთში ღვინის შეტანის ტოლფასია.

„ორი ინსპექციის შედეგად, სპეციალისტებმა 65 ქართულ ღვინის და 4 მინერალური წლის კომპანიას დართეს ნება, რუსეთში პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით. შედეგად, მათ მიიღეს უფლება გაიარონ რეგისტრაცია რუსეთის ფედერაციაში. დღესდღეობით რეგისტრაცია უკვე 7 ქართულმა ღვინის კომპანიამ გაიარა. ეს პროცესი კიდევ გრძელდება და ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი უახლოეს დროში მოხდება“, - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კირვალიძის ინფორმაციით, 2013 წელს, დაახლოებით, 7-10 მილიონი ბოთლის გატანაა მოსალოდნელი. თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ 1 ბოთლი ქართული ღვინო რუსეთში 6-8 დოლარად შევა, მარტო ამ არხიდან მეღვინეები მიახლოებით 60 მლნ აშშ დოლარს მიიღებენ. შემდეგ წლებში კი ეს მაჩვენებელი უსათუოდ გაიზრდება.

როგორც სოფლის მეურნების მინისტრი აღნიშნავს, წარმატებით დასრულდა 1-ელ აპრილს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით.

„პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და ქართველი და რუსი სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ ტექნიკურ რეგლამენტზე. ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება და ეტაპობრივად რუსეთის ბაზარზე ქართული ხილი და ბოსტნეულიც შეუფერხებლად შევა“, - აღნიშნა მინისტრმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დამატებითი სტიმული იქნება აგრარული მეურნეობებისათვის.